ახალი ამბები

“ოცნება” არაფერ შუაშია, ეს სამოქალაქო აქტივიზმია – კობახიძე კასპში მომხდარზე

30 ივნისი, 2023 • 1290
“ოცნება” არაფერ შუაშია, ეს სამოქალაქო აქტივიზმია – კობახიძე კასპში მომხდარზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კასპში მომხდართან დაკავშირებით მმართველი პარტია არაფერ შუაშია და ეს “სამოქალაქო აქტივიზმია”.

კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, კასპში პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს და სხვა წევრებს “ქართული ოცნების” აქტივისტები და საკრებულოს წევრები მიუვარდნენ”.

პარტიის განცხადებით, მისულებმა “დააზიანეს [ხაბეიშვილის] ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს [ხაბეიშვილს]”.

კობახიძის თქმით კი, ეს “სამოქალაქო აქტივიზმია” და ოპოზიცია უნდა შეეგუოს, როცა “სამოქალაქო აქტივისტები” სადმე მიდიან.

„ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი. ასე დაარქვეს კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დეპუტატებმა… თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? ჩვეულებრივად შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს. თუ ვინმე სამოქალაქო აქტივისტი მიდის და რაღაცის ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე.

მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ჩვენი კოზირი, რადგან ძალიან კარგად აჩვენებს “ნაციონალური მოძრაობის” სახეს. რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება “ნაცმოძრაობაში”, მით უკეთესი. სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, კი არ მივიდნენ და რაღაც აქციები ჩაატარონ, მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, იმიტომ, რომ ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი