საზოგადოება

რისი აშენება სურს შინდისში ვანო ჩხარტიშვილის შვილებთან დაკავშირებულ კომპანიას

8 ივნისი, 2023 • 6360
რისი აშენება სურს შინდისში ვანო ჩხარტიშვილის შვილებთან დაკავშირებულ კომპანიას

კომპანიას თბილისში, სოფელ შინდისის ტერიტორიაზე, ახალი დასახლების აშენება სურს. პროექტი ჯერ არ დაუმტკიცებიათ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე მას უკვე საჯაროდ იწონებს. თავის მხრივ, ოპოზიცია მშენებლობის მწარმოებელ კომპანიასა და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს შორის კავშირებზე საუბრობს.

რა იგეგმება

საპროექტო მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 483 186კვ.მ.-ია. მიმდებარე ტერიტორია არ არის განაშენიანებული.

გეგმარებითი დავალების პროექტში, რომელიც ქალაქის მთავრობამ მშენებელ კომპანიას უნდა მისცეს, წერია, რომ კომპლექსი მოიცავს ე.წ. თაუნ ჰაუსებს, 244 სააგარაკე-დასასვენებელ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს, საბავშვო ბაღებს, საინჟინრო ნაგებობებს, მრავალფუნქციურ შენობებსა და გასართობ მოედნებს”.

საპროექტო ტერიტორიას, რომელიც, ჯამში, მიწის 3 ნაკვეთისგან შედგება, შპს “ტაბახმელა სმარტ დეველოპმენტი” ფლობს. ის მიმდინარე წლის 27 აპრილს დარეგისტრირდა, იურიდიული მისამართით შინდისის ახლომდებარე სოფელ წავკისში.

ზემოხსენებულ კომპანიას სრულად ფლობს შპს “სმარტ დეველოპმენტი”, რომლის 100%-იც, თავის მხრივ, შპს “სმარტ კაპიტალ გრუპის” საკუთრებაა. ამ უკანასკნელის წილებს თანაბრად (50%-50%) ინაწილებენ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილები — მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები.

საპროექტო ტერიტორია შენობების გარეშე გამოიყურება ასე:

საპროექტო ტერიტორია თებერვლის მდგომარეობით 

საპროექტო ტერიტორია თებერვლის მდგომარეობით 

კომპანიას სურს, ხსენებული ტერიტორია ამგვარად შეცვალოს:

 კომპლექსის პროექტი

 კომპლექსის პროექტი

 კომპლექსის პროექტი

მერიის თანახმად, საპროექტო ტერიტორია პერიფერიულ ზონაში (პზ) ექცევა. ასეთი სტატუსით დედაქალაქების ტერიტორიების იმ ნაწილს გამოყოფენ, რომელიც ათვისების დაბალი ხარისხით გამოირჩევა.

გეგმარებითი დავალების იმ ნაწილში, რომელიც გეგმარებით შეზღუდვებს ეხება, აღნიშნულია ფაქტი, რომ საპროექტო ტერიტორიაზე სეზონური მდინარეები გაედინება. იქვე ნათქვამია, რომ:

“ვინაიდან საპროექტო არეალი წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მდებარეობს განაშენიანების კონტურს მიღმა, ტერიტორიის განვითარებაზე მსჯელობა მოხდება ცენტრალური გზის (შავნაბადას ქუჩის) ასფალტირებული გზის, ტროტუარების და შესაბამისი კომუნიკაციების მოწყობის ვალდებულების პირობით… ამასთანავე, აღნიშნულ გზაზე და საპროექტო არეალში კომუნიკაციების მოწყობა სრულად დამკვეთის ვალდებულებაა”.

თბილისის მერიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის(გრგ) გეგმარებითი დავალების პროექტი უკვე მოიწონა და საკრებულოს გაუგზავნა. ქალაქის საკრებულომ პროექტის განხილვა 8 ივნისს, ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომაზე უნდა დაიწყოს.

რას ამბობენ ოპოზიციაში

8 ივნისს, განხილვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, იქ, სადაც კომპანიას პროექტის განხორციელება სურს, ურბანული თვალსაზრისით მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხსენებული მშენებლობა ქალაქის გენერალური გეგმით დადგენილ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება, თუმცა, “როცა საქმე ეხება [კახა] კალაძეს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ ადამიანებს, ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა თბილისის მერია”.

“გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, ერთ-ერთ ყველაზე გეოდინამიკურ ადგილზე, იქ, სადაც მშენებლობა ნორმალურ ვითარებაში არის დაუშვებელი, კალაძე და “ქართული ოცნება” გეგმავენ, რომ მშენებლობის ნებართვა მისცენ ჩხარტიშვილის კომპანიას.

…ამავე ტერიტორიის ირგვლივ ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის თბილისის მერიას ძალიან ბევრჯერ აქვს უარი ნათქვამი ტერიტორიის განვითარებაზე, მაგრამ როცა საქმე ეხება მათთან დაახლოებულ ადამიანებს, ურბანულად ყველაზე არამიზანშეწონილი გადაწყვეტილებების მიღება ხდება”, — დასძენს ის.

საბა ბუაძე 

ბუაძის სიტყვებით, ეს პროექტი ქალაქისთვის ფინანსური ზიანის მომტანიც იქნება, რადგან “ასეთი ტიპის მშენებლობის განვითარებას დამატებით ესაჭიროება თავისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა, დასუფთავებით უზრუნველყოფა და ამ ყველაფრის ფული უნდა გადაიხადონ თბილისელებმა”.

რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდში

საბა ბუაძის კრიტიკას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უპასუხა. მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, “არანაირი ინტენსიური და მაღალი განაშენიანება არ იგეგმება” და საკრებულოს აქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის ეტაპზე აისახება.

“ოპოზიცია ასევე ტყუის, როცა ამბობს, რომ თითქოსდა გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოზე ზეგავლენის შეფასება არ წარმოადგინა. კომპანიას აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება აქვს და მისი წარმოდგენის გარეშე არანაირი პროექტი არ განხორციელდება.

რაც შეეხება თავად პროექტს, აქ საუბარია მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 5 პროცენტის „თაუნ ჰაუსის“ ტიპის განაშენიანებაზე, რომელიც მაღალი ინტენსივობის არ არის”, — დასძენს საკრებულოს თავმჯდომარე.

გიორგი ტყემალაძე 

ტყემალაძემ პროექტი დამტკიცებამდე შეაქო: როგორც ამბობს, დარწმუნებულია, რომ “აღნიშნული პროექტი იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ურბანულად გამართული პროექტი”.

“როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული ტერიტორია ყოველთვის იყო საცხოვრებელი დანიშნულების ზონა და განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად მოხდება იმ ფუნქციური ზონების დაზუსტება, რომლითაც ტერიტორია შემდგომში განვითარდება.

გიორგი ტყემალაძის თქმით, სამშენებლო ნებართვები არ გაიცემა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სატყეო ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არის”, — ამბობს საკრებულოს პრესსამსახური.

ტყემალაძე არ ეთანხმება ბუაძის განცხადებას “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საკრებულო  შინაარსიდან გამომდინარე განიხილავს პროექტებს და არა კომპანიების მესაკუთრეთა ვინაობის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი