საზოგადოება

GWP და USAID უარყოფენ ცნობას წყლის ხარისხზე

2 ივნისი, 2023 • 1051
GWP და USAID უარყოფენ ცნობას წყლის ხარისხზე

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს”(USAID) თანამშრომელი ადამიანებს ურჩევს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”(GWP) წყალი არ დალიონ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ წერენ როგორც USAID, ისე GWP.

ხსენებული ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით, ძირითადად, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცნობის თანახმად, USAID-ის წარმომადგენელმა თავის გარშემომყოფებს უთხრა, რომ GWP-ს წყალში საეჭვო ნივთიერება გაიპარა, რის გამოც მათ ურჩევს, ონკანის წყალი რამდენიმე დღით არ დალიონ.

2 ივნისს გავრცელებული განცხადებით USAID-მა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

“USAID-ისთვის ცნობილი გახდა გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია GWP-ის მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ.

USAID არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე.

არც USAID და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ”, — ამბობს “აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო”.

გავრცელებულ ცნობას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც” გამოეხმაურა. კომპანიამ, რომელიც თბილისს, რუსთავსა და მცხეთას ამარაგებს, წყლის ხარისხთან დაკავშირებული “უსაფუძვლო დეზინფორმაცია” უარყო როგორც წერილობითი განცხადებით, ისე ვიდეომიმართვით.

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

კომპანია ადასტურებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს ჯივიპის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრორეგულაციებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანიის თქმით, წყალს სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან იღებს, რომელთაც ზედამხედველობას თავად უწევს და მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

GWP-ს ტექნიკური დირექტორის, ზურაბ ალფაიძის თქმით, კომპანია პროკურატურას მიმართავს ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელების წყაროსა და მიზნების დასადგენად.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხდება მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება. მსგავსი შემთხვევა იყო ასევე 4 წლის წინ, როცა ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მოვიგეთ ეს პროცესი.

ამ შემთხვევაშიც GWP აუცილებლად მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რათა დადგინდეს გავრცელების წყარო და გავრცელების მიზნები”, — დასძინა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი