საზოგადოება

რატომ არ არის ნატოსკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიის რეალური მიზეზი? — მაგალითები

30 მაისი, 2023 • 1519
რატომ არ არის ნატოსკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიის რეალური მიზეზი? — მაგალითები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა. ამით ის თანხვედრაში მოვიდა რუსულ ნარატივთან, რომელსაც იშვიათად იზიარებს ზოგიერთი დასავლელი აქტორიც და მეზობელი ქვეყნების მიმართ მოსკოვის აგრესიას ალიანსის გაფართოებით ხსნის.

მოსკოვი ირწმუნება, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის სამხედრო რკალში მოქცევას ისახავს მიზნად და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას. კრემლის პროპაგანდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში წარმოაჩენს „პრევენციულ დარტყმად“ ნატოს მარიონეტის წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა რუსეთზე თავდასხმას აპირებდა. ამართლებენ რა რუსეთის აგრესიას ნატოს გაფართოებით, პრორუსი ჯგუფები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ნეიტრალიტეტს კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებად წარმოაჩენენ ხოლმე.

ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის მთავარი პრინციპი კოლექტიური თავდაცვაა — ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ ან ერთზე მეტ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. მართალია, რომ რუსეთს არ სურს ნატოს გაფართოება, თუმცა არა იმიტომ, რომ ალიანსისგან რუსეთზე თავდასხმის საფრთხე არსებობს, არამედ იმის გამო, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ქვეყნებს თავად ვერ დაესხმება თავს ადვილად. ნატოს გაფართოების „საფრთხე“  რუსეთისთვის საკუთარი აგრესიის გასამართლებელი საბაბია და არა — მისი მიზეზი. არგუმენტის  სიცრუეს, რომ რუსეთის აგრესია პასუხია ნატოს გაფართოებაზე, ადასტურებს მოსკოვის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოებისადმი მაშინ, როდესაც მათი ნატოში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში:

  • ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის კონფლიქტებში რუსეთი ჩართული იყო ჯერ კიდევ 1991-92 წლებში, როდესაც ნატოში ინტეგრაციის სურვილი თბილისს გაცხადებულიც არ ჰქონია, მოგვიანებით კი საქართველო, პირიქით, დსთ-ისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას შეუერთდა;
  • მოლდოვა უბლოკო სტატუსის მქონე ნეიტრალური სახელმწიფოა 1994 წლიდან, თუმცა ეს არ გამხდარა რუსული სამხედრო ბაზების დნესტრისპირეთიდან გაყვანისა და კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა;
  • უკრაინას უბლოკო სტატუსი ჰქონდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ამგვარი სტატუსი რუსეთისადმი ლოიალურმა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ 2010 წელს კონსტიტუციით განსაზღვრა, თუმცა მოსკოვისთვის უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პერსპექტივაც მიუღებელი გახდა. მაიდნის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა პეტრო პოროშენკოს მთავრობამ 2014 წლის ბოლოს გააუქმა უბლოკო სტატუსი, თქვა, რომ ამან ვერ დაიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან.

ისტორიული მაგალითები აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიას განაპირობებს არა მის საზღვართან მეტი ნატოს ჰიპოთეტური საფრთხე, არამედ იმპერიული მისწრაფებები და სურვილი, შეინარჩუნოს გავლენის სფეროები. ეს თავისთავად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და სახელმწიფოთა სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უბიძგა ფინეთსა და შვედეთს მრავალწლიანი ნეიტრალიტეტის გადახედვისკენ. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შედეგად რუსეთის საზღვარი ნატოსთან 1300 კმ-ით გაიზარდა, თუმცა მოსკოვის მუქარა „საპასუხო ზომებთან“ დაკავშირებით ცარიელ სიტყვებად დარჩა.

ასევე მოუხდა ვლადიმერ პუტინს ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებასთან შეგუება 2004 წელს.

უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაა, რომ რუსეთის აგრესია არ იყო პროვოცირებული. „არაპროვოცირებული აგრესიული ომი“ — ასე მოიხსენიებენ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურ განცხადებებში.

ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვა „მარტივი კითხვა“ — მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა: „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება… ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა იგი, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს დეკლარირებული პოზიციაა, რომ სურს ნატოში გაწევრება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ თავის მთავარ მიღწევად „მშვიდობის შენარჩუნებას“ ასახელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისთვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა

ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარები და სხვები – ღარიბაშვილს ნატოზე განცხადების გამო აკრიტიკებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი