საზოგადოება

რუსეთის სამთავრობო მედია არ აშუქებს საქართველოში ლავროვის შვილის სტუმრობისა და პროტესტის ამბებს

21 მაისი, 2023 • 2001
რუსეთის სამთავრობო მედია არ აშუქებს საქართველოში ლავროვის შვილის სტუმრობისა და პროტესტის ამბებს

რუსული სამთავრობო მედია არ აშუქებს სერგეი ლავროვის შვილისა და სიძის სტუმრობას საქართველოში და ქორწილს, რომელსაც ფართო პროტესტი და აქტივისტების დაკავებებიც მოჰყვა.

რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებები, მათ შორის რია ნოვოსტი, რაშა თუდეი და სხვები ჩაშლილი ქორწილის შესახებ ცნობებს საერთოდ არ ავრცელებენ, განსხვავებით 2021 წლისგან, როდესაც აქტივისტებმა თბილისში ვლადიმერ პოზნერის დაბადების დღე ჩაშალეს და ეს რუსულ მედიაში აქტიურად გაშუქდა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პოზნერის ჩაშლილი დაბადების დღის შემდეგ 2021 წელს რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა არ ესტუმრონ საქართველოს, რადგან იქ მოგზაურობა მათთვის “საშიშია”.

ლავროვის ნათესავების ჩაშლილ ქორწილს საქართველოში ჯერჯერობით არც რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები გამოხმაურებიან.

საინფორმაციო სააგენტო ტასმა ზედაპირულად გააშუქა, რომ საქართველოში 19 მაისს 16 ადამიანი დააკავეს სასტუმროსთან, სადაც აპროტესტებდნენ ქორწილში ერთ-ერთი რუსი მინისტრის ნათესავების სტუმრობას. რუსეთის სამთავრობო სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარია სერგეი ლავროვზე და მის შვილზე, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშაა ქმართან ერთად.

საინტერესო სიტუაცია სპუტნიკთან დაკავშირებით. სპუტნიკის ქართულენოვანი ვებგვერდი ლავროვის ნათესავების ქორწილის პერიპეტიებს აშუქებს, რუსულენოვანი – არა.

რუსულ სამთავრობო მედიაში მხოლოდ ის ფაქტი გაშუქდა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოში პროტესტი მოჰყვა.

ლავროვის ნათესავების ჩაშლილ ქორწილთან დაკავშირებულ სიახლეებს აქტიურად აშუქებენ უკრაინული და დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ნაწილი.

საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშ არის. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.მთავარი ფოტო © AP

მასალების გადაბეჭდვის წესი