საზოგადოება

“ოჯახის წევრის სანქცირება ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება” – კობახიძე ლავროვის შვილზე

21 მაისი, 2023 • 1654
“ოჯახის წევრის სანქცირება ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება” – კობახიძე ლავროვის შვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებაში დასავლურ შეზღუდვებს არც პერსონალური სანქციების ნაწილში არ უერთდება.

ამ საკითხზე კობახიძემ სერგეი ლავროვის შვილისა და მისი ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლის კომენტირებისას განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს რუსეთისთვის პერსონალური სანქციები არ დაუწესებია და მეტიც, ის ზოგადად საერთოდ არ იზიარებს პრინციპს, რომ სანქციები ოჯახის წევრებზეც უნდა გავრცელდეს. ამით კობახიძემ ირიბად გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ომის გამო რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებსაც ასანქცირებენ.

“უნდა ითქვას რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს. ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, რისი მიზეზებიც არაერთხელ განიმარტა.

არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ. მთავარი კრიტერიუმი არის ოკუპაციის კანონის დარღვევა/არდარღვევა.

ამ შემთხვევაში თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის კანონი, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები საქართველოში არ შემოეშვა. დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს.

როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციებიც. ეს ძალიან მკაფიოა ჩვენი მხრიდან.

თეორიულადაც რომ განვიხილოთ ვინმეს სანქცირება რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს ეს სფერო ნასწავლი. ოჯახის წევრის სანქცირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშ არის. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი