საზოგადოება

„ის ოჯახი წასულია და ქორწილი აღარ ჩატარდება“ — პრეზიდენტი

20 მაისი, 2023 • 4641
„ის ოჯახი წასულია და ქორწილი აღარ ჩატარდება“ — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შს მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილი ყვარელში არ გაიმართება და „ის ოჯახი უკვე წასულია“.

ზურაბიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ყოფნა, მაშინ როცა, სამთავრობო უწყებები ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ.

„ვიცი, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება არის ძალიან აღელვებული და შემიძლია ვთქვა, რომ მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და თუ 26 მაისს ვაპირებთ, რაღაც მაღალფარდოვანი პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს სულ სხვა რამ ხდებოდეს ქვეყანაში, ეს არის სასაცილო თუ არა სატირალი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილებაა და არც უიმედობა. დღევანდელ ინციდენტზე, საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ქორწილი აღარ ჩატარდება“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის საზოგადოების გამარჯვებაა, როგორც თავის დროზე იყო სერგეი გავრილოვის ქვეყნიდან წასვლა.

„მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს და აღიზიანებდეთ მას. ჯერ დაიწყო ფრენებით და ვიღაცები გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან ფრენების აღდგენით. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება და დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება და პირველ რიგში მუდმივი ოკუპანტისგან“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ხელისუფლება ამ დაძაბულ სიტუაციაში საკუთარი ხალხის ნერვებზე თამაშობდეს.

„მთავრობას აქვს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რომ საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით, ვინ შემოვიდა? როგორი სანქცირებული თან — პუტინის წრიდან ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?! გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო. დღეს არ იციან, რომ შემოდიან სანქცირებული რუსები“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, შემოუტანოს პარტნიორი ქვეყნების სანქცირებულთა სიები და ამ სიების იხელმძღვანელონ ყველა საზღვარზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუდასტურებია ინფორმაცია სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ყოფნის შესახებ.

რა ხდება?

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ის, რომ საქართველოში იმყოფება, დასტურდება მიკა ვინოს, (იგივე მოშე ვინოკუროვის) და მისი მეუღლის ინსტაგრამ გვერდებიდან. მათ საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობებიც ჩანს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყვარელში იმყოფებიან სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი სანქცირებულია.

ორივე სასტუმრო — „ახაშენი ღვინის კურორტი და სპას“ და „ყვარლის ტბა“ — იდენტური განცხადებებით უარყოფენ ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ „ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ“.

თუმცა ეკატერინა ლავროვი ქმრის გვარს — ვინოკუროვას ატარებს. ამასთან, „მთავარმა არხმა“ ჩაატარა ექსპერიმენტი: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა „ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

„მთავარი არხის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და გვარს ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

„ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?” — კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტმა“ კი მოგვიანებით მორიგი განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მისი „პრეროგატივა არ არის მოახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება“.

„სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

ჟურნალისტებმა ლავროვის შვილის და სიძის საქართველოში შესაძლო ყოფნაზე კითხვები დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც 19 მაისს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იყო მისული. გომელაურმა კითხვას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი