საზოგადოება

აგვისტოს ომის საქმე: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

28 აპრილი, 2023 • 1309
აგვისტოს ომის საქმე: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს 129 827 500 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ძირითადი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანა და რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. სამართლიანი კომპენსაციის (41-ე) მუხლთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო და განხილვა გადაავადა.

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

საბოლოოდ დიდმა პალატამ დღეს, 28 აპრილს, გამოიტანა გადაწყვეტილება კომპენსაციასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჰქონდა იურისდიქცია საკითხის განხილვისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გასულია ევროპის საბჭოდან და არ ითანამშრომლა სასამართლოსთან.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. კომპენსაცია ნაწილდება სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ძარცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის და სხვა მსხვერპლთა მიმართ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას „მორიგ ისტორიულ გამარჯვებად“ აფასებს. ის მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და აცხადებს, რომ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმე არის მეორე სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველოსა და რუსეთს შორის სტრასბურგის სასამართლოში. პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე ასევე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, თუმცა კომპენსაცია და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის ამ დრომდე არ გადაუხდია.

ევროსაბჭო რუსეთს საქართველოსთან დავებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი