საზოგადოება

“ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

19 აპრილი, 2023 • 995
“ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.  მოსამართლე ნინო შჩერბაკოვის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას თავად “ტაბულა” ავრცელებს.

ბექა ჯიქურაშვილი, “პუბლიკის” რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის მსგავსად, 2 მარტის საღამოს, თბილისში, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. სამშაბათს, 18 აპრილს, სასამართლომ ვარდიაშვილიც 2 200 ლარით დააჯარიმა.

ბექა ჯიქურაშვილი აცხადებს, რომ აქციაზე ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა და იმ დროს დააკავეს.

“ტაბულას” ცნობით, ჯიქურაშვილის სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ჟურნალისტი “იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ”, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში.

“ვიდეოკადრებში, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს აჩვენა, ჩანს, რომ ჯიქურაშვილის დაკავებისას გზა უკვე გადაკეტილი იყო. ასევე, ის არ დგას ახლოს სხვა დაკავებულებთან.

გარდა ამისა, შსს-ს თანამშრომელი სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ ბექა ჯიქურაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, თუმცა დაკავების ვიდეოში ასევე ისმის, რომ “ტაბულას” რეპორტიორი სწორედ მოწმე სამართალდამცველს ეუბნება, რომ ჟურნალისტია – ის დაკავებულს პოლიციის მანქანაში გვერდით ეჯდა”, — წერს “ტაბულა”.

ჯიქურაშვილისა და ვარდიაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უძღოდა სასამართლო განხილვები 3 კვირით ადრე. მაშინ “ტაბულას” ჟურნალისტი 14 საათით დააყოვნეს სასამართლოში, “პუბლიკას” რედაქტორი კი — 18 საათით.

აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ

2 მარტს თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, მოქალაქეები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. პოლიციამ იმ ღამეს 30-მდე ადამიანი დააკავა, რომელთა შორისაც იყვნენ ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი. ჟურნალისტები რამდენიმე საათში, ხელწერილით გაათავისუფლეს.

მომდევნო დღეებში, განსაკუთრებით, 7 და 8 მარტს, რუსული რეპრესიული კანონის ანალოგის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაფართოვდა. ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან.

ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

29 მარტის ღამით პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამართალდამცავებისთვის ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი