საზოგადოება

რას ამბობს დეგნანი BBC-ის გამოძიებაზე კეზერაშვილთან დაკავშირებით

12 აპრილი, 2023 • 5703
რას ამბობს დეგნანი BBC-ის გამოძიებაზე კეზერაშვილთან დაკავშირებით

საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, “ნეტგაზეთმა” ჰკითხა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის თანახმადაც დავით კეზერაშვილი “გლობალურ თაღლითურ ქსელთან” არის დაკავშირებული.

ელჩი დასძენს, რომ ხსენებულ გამოძიებას ბოლომდე არ იცნობს, თუმცა ხაზს უსვამს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელობას მსგავსი საკითხების შესასწავლად.

“არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა ისე ჟღერს, რომ ესაა  კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას”, — დასძენს ელჩი.

ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

საუბარია ე.წ. ქოლცენტრების ფინანსურ თაღლითობაზე.

რას ამბობს გამოძიება კეზერაშვილზე

ჟურნალისტების თანახმად, მათ იდენტიფიცირებული აქვთ თაღლითური ქსელის 152 ბრენდი. პოლიციისთვის ეს ქსელის „მილტონ გრუპის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც თავდაპირველად 2020 წლამდე გამოიყენებოდა.

BBC-ის ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებულ კომპანიებში დირექტორებად ფიგურირებს ხუთი ადამიანი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ მოძებნეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი მათგანი იყო ან დირექტორი, ან უფროსი ფიგურა კომპანიებში, რომლებიც „მილტონ გრუპამდე“ არსებობდა.

გამოძიების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციამ ისინი დავით კეზერაშვილის სახელთან და გვართან მიიყვანა.

გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არის. აგრეთვე, არ არის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, „მილტონ გრუპამდე“ არსებულ ქსელში დამფუძნებლად ან აქციონერად ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, რომ მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან და იციან, რომ იგი ჩართულია ქსელის საქმიანობაში.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობითვე, კეზერაშვილი ხშირად აპიარებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა „მილტონ გრუპის“ კომპანიების მერე.

კეზერაშვილის პასუხი

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია.

კეზერაშვილის თქმით, აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივ ბერკეტი BBC-ის საგამოძიებო მასალაში „ფაქტების უზუსტობის“ გამო.

“აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში”, — აცხადებს ის.

დავით კეზერაშვილის სიტყვებით, ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას და დღესაც მზადაა ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი