საზოგადოება

ტრამპმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

4 აპრილი, 2023 •
ტრამპმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარის გარეშე დატოვა სასამართლო დარბაზი, სადაც მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მოსამართლეს მისთვის აღკვეთის ღონისძიება არ დაუკისრებია. ამასთან, როგორც BBC წერს, ტრამპსა და მის ადვოკატებს არც გაუთქმელობის ვალდებულება დაკისრებიათ.

როგორც CNN წერს, ტრამპი, სავარაუდოდ, ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში გააკეთებს სასამართლოს შემდეგ პირველ განცხადებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტს ბრალი 34 პუნქტით წარუდგინეს, თუმცა სხდომის ტრანსლირება არ ხდებოდა. ამასთან, ჟურნალისტებს დარბაზში კომუნიკაციის საშუალებები არ შეატანინეს, რის გამოც პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტრამპი ყველა პუნქტში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

საქმე, რომელზეც დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს, უკავშირდება 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადარიცხვას. საქმეზე არსებითი განხილვა 4 დეკემბერს განახლდება.

CNN-ის ცნობით, პროკურატურის მიერ მომზადებულ ბრალდებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უკანონო გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაა.

სასამართლო დარბაზში გამოცხადებული ექსპრეზიდენტი ფორმალურად, პროცესის დაწყებამდე დაკავებული იყო. გამოცემისვე ინფორმაციით, სასამართლოში ტრამპმა, ჯამში, 57 წუთი დაჰყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი