საზოგადოება

დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს

4 აპრილი, 2023 • 1540
დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისში გამოცხადდა – დააკავეს.

როგორც CNN წერს, დაკავება ფორმალურია და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში სასამართლო სხდომამდე დარჩება, რომელიც დღეს, 4 აპრილს გაიმართება. სხდომაზე დონალდ ტრამპს ბრალდებას ოფიციალურად გააცნობენ, რის შემდეგაც სასამართლო იმსჯელებს, ექსპრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით  გირაო დაეკისრება თუ პატიმრობაში დატოვებენ.

გამოცემა წერს, რომ დაკავების ფარგლებში ექსპრეზიდენტს, სავარაუდოდ, აუღებენ თითის ანაბეჭდებს.

CNN აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის საკითხს არ გამოეხმაურნენ, ჟურნალისტების დასმული კითხვების საპასუხოდ კი განაცხადეს, რომ საქმეზე წარმოება გრძელდება, რის გამოც აღნიშნულ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

რა საკითხის გამოა წაყენებული ბრალდება?

2016 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არაერთმა ქალმა ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სტორმი დენიელზი, თავის მხრივ, გეგმავდა,  მოეყოლა  ტრამპტთან 2006 წლის ნებაყოფლობითი სექსუალური კონტაქტის შესახებ – მაშინ ტრამპი დაქორწინებული იყო. თუმცა ქალის წარმომადგენლებმა ტრამპის გუნდს მიანიშნეს, რომ მზად იყვნენ, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ისტორიის გამოქვეყნებაზე უარი ეთქვათ.

ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა ახლად დაარსებული კომპანია „ესენშლ კონსალტანტსის“ ანგარიშიდან დენიელზს 130 ათასი დოლარი გადაურიცხა. ეს მოხდა 2016 წლის 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნების შემდეგ ტრამპმა კოენს იმავე ოდენობის თანხა გადაურიცხა.

რაში მდგომარეობს ბრალდება?

საქმე ის არის, რომ ტრამპის მიერ კოენისთვის თანხის გადარიცხვა დეკლარირებული იყო როგორც იურიდიული მომსახურების ხარჯი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს ასე არ იყო. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, ტრამპს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქმიანი დოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის.

სისხლის სამართლის მუხლით ტრამპის დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეს ფალსიფიკაცია სხვა კანონდარღვევის დასამალად მოხდა.

ექსპერტების აზრით, სწორედ ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს ბრეგმა, ოღონდ მაშინ, თუ დაამტკიცებს შემდეგს:

ვინაიდან სტორმი დენიელზის ისტორიას შეეძლო არჩევნებზე გავლენის მოხდენა, ხარჯი დეკლარირებული უნდა ყოფილიყო როგორც საარჩევნო კამპანიისთვის გაღებული (ამაზე რიგი შეზღუდვებია) და, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ორმაგ ფალსიფიცირებას.

აქამდე კოენმა საქმის ამ ეპიზოდზე თავი დამნაშავედ აღიარა და განაცხადა, რომ ტრამპის დავალებით მოქმედებდა.

სტორმი დენიელზის ეპიზოდის გარდა, ტრამპს ბრალი გადასახადებისგან თავის არიდებაშიც შეიძლება წარუდგინონ – კონკრეტულად, გადასახადების გადახდისას უძრავი ქონების ღირებულების შემცირება, ხოლო უზრუნველყოფილი სესხის მიღებისას – გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ექნება „ტრამპ ორგანაიზეიშენის“, ალან ვაისელბერგის ჩვენებებს – მას ცოტა ხნის წინ საგადასახადო დანაშაულებისთვის ხუთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი