საზოგადოება

პრემიერმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები აშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრას შეადარა

3 აპრილი, 2023 • 797
პრემიერმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები აშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრას შეადარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, „პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული“.

„ყველამ ნახა, როგორ ესროლა ანარქისტმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი. ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე ვთქვი, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და გაიმეორა, რომ აქციების მიზანი დესტაბილიზაცია და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა იყო.

მანვე 7-8 მარტის აქციები შეადარა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას. პრემიერის მტკიცებით, კაპიტოლიუმის შტურმისას „ოთხი ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, ხოლო „ჩვენთან […] თურმე პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს“. მისივე თქმით, ხელისუფლება „უსამართლოდ არავის დასჯის, არც დაუსჯია და არც დასჯის“.

„უნდა დაისაჯოს ყველა, ვინცაა ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმაში. მინდა ყველას შევახსენო, აშშ-ში, კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, ოთხი ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

ჩვენთან თურმე ნორმაა ანარქისტების შეშვება პარლამენტში, პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილით ცეცხლის გახსნა, პოლიციამ კი არ უნდა იმოქმედოს, არავინ არ უნდა დავიჭიროთ და ამ ანარქისტებს, ქვეყნის მტრებს, ქაოსის დამთესველებს, მივცეთ საშუალობა, შემოიტანონ არეულობა“, – თქვა პრემიერმა.

პრემიერის განცხადება „კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს ოთხი ადამიანის ადგილზე ლიკვიდაციის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. სამართალდამცავებმა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენეს ლეტალური ძალა. შტურმში მონაწილე სამი პირი კი სხვადასხვა მიზეზის გამო დაიღუპა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის შესახებ იხილეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი