ახალი ამბები

ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა რამიშვილზე – კობახიძე

29 მარტი, 2023 •
ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა რამიშვილზე – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა მიმდინარეობს.

POSTV-ის დამფუძნელებელი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი ბოლო დღეებში რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში.

„მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე დღეს კომენტარს, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი.

POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო „მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას. აქედან გამომდინარე დაიგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის POSTV-ის ერთ-ერთი სახე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ქალები, რომლებიც შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, დავით კეზერაშვილისგან მართულები არიან.

„რაც შეეხება ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. მე ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ამდენი ქალი კეზერაშვილის მიერ მართულია თუ არა, კობახიძე პასუხობს:

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“, – ამბობს კობახიძე.


მასალების გადაბეჭდვის წესი