გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 მარტს განაცხადა.
ამ დრომდე ამილახვარი დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან” და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
ღარიბაშვილის შეფასებით, გიორგი ამილახვარი “წარმატებით” ხელმძღვანელობდა კომიტეტს და მას უკავშირდება “არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა”.
“ის ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას და გამოწვევებს, რომლებიც ჯერაც რჩება განათლების სისტემაში”, — თქვა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება პროფესიით სამართალმცოდნე ამილახვრის სამუშაო გამოცდილებას პარლამენტამდე:
-
2018 – 2019
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
-
2010 – 2020
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში
-
2008 – 2010
ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი
- 2007 – 2008
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი
ამილახვარი მწვავედ გააკრიტიკეს 2022 წლის ოქტომბერში, ვაკის პარკში, ახლად გახსნისლ შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. მომხდარს 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
“ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს”, — განაცხადა ამილახვარმა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ბავშვის გარდაცვალების შესახებ.
მოგვიანებით მან მოუბოდიშა დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრებს. მისი განმარტებით, თავდაპირველი განცხადების დროს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა რეაბილიტაციადასრულებულ შადრევანში მოხდა.
განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მთავრობის ინფორმაციით, აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელმა, რომელმაც “ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი”, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.