საზოგადოება

ევროკავშირის ახალი ინიციატივა VS „რუსული კანონი“

15 მარტი, 2023 • 1751
ევროკავშირის ახალი ინიციატივა VS „რუსული კანონი“

ევროკავშირი თავის შიდა პოლიტიკაში მესამე ქვეყნების ფარული ჩარევისგან დასაცავად ზომების გაძლიერებას გეგმავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ბრიუსელი თავად იღებს „რუსულ კანონს“, რომლისთვისაც საქართველოს აკრიტიკებდა. ასეა თუ არა ეს?

რა ხდება?

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2022 წლის სექტემბერში, ყოველწლიური მიმართვისას, დააანონსა გარე გავლენისგან ევროკავშირის „დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ მიღება.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ როგორ უმიზნებენ უცხოელი ავტოკრატები ჩვენს ქვეყნებს. უცხოური სუბიექტები აფინანსებენ ინსტიტუტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს ღირებულებებს. მათი დეზინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტიდან დაწყებული, ჩვენი უნივერსიტეტების დარბაზებით დამთავრებული. ამ წლის დასაწყისში ამსტერდამის უნივერსიტეტმა დახურა თითქოს დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი, რომელიც რეალურად ჩინეთის სუბიექტების მიერ დაფინანსდა. ჩვენ უკეთ უნდა დავიცვათ თავი მავნე ჩარევისგან. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ დემოკრატიის დაცვის პაკეტს, რომელიც გამოავლენს ფარულ საგარეო გავლენას და ჩრდილოვან დაფინანსებას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რომელიმე ავტოკრატიის ტროას ცხენებს, შიგნიდან შეუტიონ ჩვენს დემოკრატიებს“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

European Commission President Ursula von der Leyen delivers a speech during ‘The State of the European Union’ debate at the European Parliament in Strasbourg, France, 14 September 2022. EPA

ზემოხსენებული დემოკრატიის დაცვის პაკეტის ფარგლებში რაიმე კანონპროექტი ჯერ შემუშავებული არ არის.

ევროკომისიამ დაიწყო კონსულტაციები „ევროპული დემოკრატიის დაცვის“ შესახებ კომუნიკაციისა და „მესამე ქვეყნების ფარული ჩარევის გამჭვირვალობის“ შესახებ დირექტივის თაობაზე.

EU-ს თანახმად, სამართლებრივი ინსტრუმენტი (დირექტივა) დანერგავს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საერთო სტანდარტებს ლობიზმისთვის, რომელიც ორგანიზებულია ან გადახდილია ევროკავშირის გარედან, რათა დაიცვას ევროკავშირის დემოკრატიული სფერო ფარული გარე ჩარევისგან.

დირექტივას შეავსებს რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს დამატებით არასავალდებულო ზომებს ამ საკითხის მოსაგვარებლად, მათ შორის ცნობიერების ამაღლებასა და საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციას.

კონსულტაციების ფარგლებში მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 13 აპრილამდე გრძელდება წინადადებებისა და შენიშვნების მიღება აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელთა მიღება 2023 წლის მესამე კვარტალში იგეგმება.

გარე გავლენებისგან დაცვის აუცილებლობას ევროკავშირი იმით ხსნის, რომ ბოლო წლებში შესამჩნევად გაიზარდა ევროკავშირის დემოკრატიულ სფეროში, მათ შორის არჩევნებში, მესამე ქვეყნების ფარული ჩარევის შემთხვევები, — იქნება ეს გარედან თუ ევროკავშირში შექმნილი ორგანიზაციების გამოყენებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური სუბიექტების მარიონეტები — და რისკები კიდევ უფრო გამძაფრდა რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ევროპის დემოკრატიულ სივრცესა და არჩევნებში გარე ჩარევის პრობლემის გადასაჭრელად არსებული საკანონმდებლო ბაზა ეფუძნება ლობიზმის ინტერესთა წარმომადგენლობის გამჭვირვალობის ეროვნულ წესებს – როგორიცაა ლობირების წესები და სხვა აქტივობები, რომლებიც მიმართულია გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებისკენ მედიის ან სხვადასხვა არხების გამოყენებით (საზოგადოებასთან ურთიერთობა, აკადემია და კვლევა, ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.). თუმცა წევრი სახელმწიფოს ზომები ლობიზმთან დაკავშირებით ძალიან ფრაგმენტულია. ხარვეზები ასევე არსებობს მონიტორინგისა და აღსრულების ღონისძიებებში და საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება და კოორდინირებული მიდგომის შემუშავება ევროკავშირის დონეზე.

ევროკომისია ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედის, ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში და ამბობს, რომ ინიციატივას „თან ახლავს ძლიერი გარანტიები, რათა თავიდან იქნას აცილებული ლეგიტიმური დღის წესრიგის მქონე უცხოური სუბიექტების მიმართ ძალადობა“.

POLITICO-ს სტატია

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა ადრეულ ეტაპზეა და სამუშაო ვერსია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო ორგანიზაციებს და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, მან ნახა ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი წინასწარი კითხვარი, რომელშიც რესპონდენტებს უკვე სთხოვენ, დეტალურად აღწერონ არაევროკავშირის დაფინანსების წყაროები, რამაც არასამთავრობო ორგანიზაციები გააოცა. POLITICO-ს შეფასებით, დაგეგმილი კანონმდებლობა ეხმიანება მსგავს კანონებს ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში, სადაც უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) რეგისტრაციას ავალდებულებს ლობისტებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მუშაობენ. ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების განმარტებით ბარათებში სიტყვა „აგენტი“ ნახსენები არ არის.

POLITICO-ს თანახმად, კრიტიკოსები მსგავსი ინიციატივის მიღების დროს უხერხულს უწოდებენ მაშინ, როდესაც საქართველოში „მსგავსი კანონპროექტის გამო“ მასობრივი პროტესტი აგორდა და ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია.

ამასთან, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ თუ ევროპა მიიღებს აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის საკუთარ ვერსიას, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მსგავსი პირების მიერ, საკუთარ ქვეყნებში პროდემოკრატიული ძალების დახშობის მიზნით.

შეშფოთების საპასუხოდ, ევროკომისიის ვებ-გვერდზე ონლაინ უკუკავშირის და კონსულტაციის პერიოდის პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრების სერიას სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან.

გამოხმაურებები საქართველოში

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე, როდესაც საქართველოს მოუწოდებდნენ, არ მიეღო და რუსულს უწოდებდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, თავად ევროკავშირი კი ასეთ კანონზე მუშაობს.

„ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ „რუსული კანონები“ მოქმედებს აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში, ავსტრალიაში. „რუსული კანონების“ მიღება განიხილება ევროკავშირის მიერ, კანადაში. წარმოიდგინეთ, რისი დაჯერება სცადეს და გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც“, — განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„უბრალოდ არ დარდება ეს კანონები ერთმანეთთან. იმიტომ, რომ FARA და ეს პროექტი, რომელზეც ახლა ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა, არ ეხება მეგობარ ქვეყნებს, ეხება საფრთხის შემცველ ქვეყნებს. საქართველოს შემთხვევაში, ზუსტად ეს არის რუსული ინტერესი, თუ ვის ეძახის „ქართული ოცნება“ საფრთხის შემცველ ქვეყნებს. დასავლეთს ეძახის?! საფრთხე ამ ქვეყანაში პირველ რიგში არის რუსეთისგან“, — აცხადებს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური. იგი ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანი იყო, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის მიერ „ხალხის ძალის“ ინიციირებული კანონპროექტების მიღებას.

თბილისში, ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალზე ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაილ ზიბერტმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ იღებს ევროკავშირი ისეთ კანონს, როგორსაც აკრიტიკებდა საქართველოში.

„მე მესმის, რომ ეს არის დებატების საგანი აქ, რადგან თქვენ გასულ კვირას საბედნიეროდ გაიწვიეთ კანონი, რომელიც არეგულირებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. რასაც ევროკავშირში განვიხილავთ, ძალიან განსხვავებულია. ჯერ არ არსებობს კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი, ეს არის ფართო დისკუსიების დასაწყისი მონაწილე მხარეების ჩართულობით ევროკავშირის ფარგლებში და თემა განსხვავებულია. ეს არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებას, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი არიან და რომელსაც გვინდა, ხელი შევუწყოთ. ეს არის უცხოური მთავრობების ლობირების ინსტიტუტების ახლოდან დათვალიერება და არა — მათი აკრძალვა. გვსურს, მათი უფრო ახლოდან შეხედვა და ყველა მონაწილესთან ამის განხილვა“, – განაცხადა ზიბერტმა.

მსგავსება და განსხვავება საქართველოსთან

საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე განმარტავს, რომ ევროკავშირის მიერ გარე გავლენებისგან და საეჭვო საგარეო დაფინანსებისგან ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის საჭიროება განპირობებულია განსაკუთრებით ავტორიტარული ჩინეთისა და რუსეთის მცდელობებით, ევროკავშირის დემოკრატიული სისტემა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ და გავლენა მოახდინონ ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნების შედეგებზე.

„პაკეტის ფარგლებში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლებელს გახდის ევროპულ დონეზე ფარულად განხორციელებული გარე გავლენების გამოაშკარავებას საერთო, ჰარმონიზებული წესების შემუშავებით. ინიციატივის მიზანია, დახუროს ის სიცარიელეები ევროკავშირის კანონმდებლობაში, რომლებიც არადემოკრატიულ აქტორებს შესაძლებლობას აძლევს, მავნე გავლენა მოახდინონ როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებზე — განსაკუთრებით ევროკომისიასა და ევროპარლამენტზე“, — ამბობს იგი.

საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტთან მსგავსება, სირბილაძის თქმით, უმეტესად ფორმაშია, კერძოდ, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების დეკლარირების საჭიროებაში.

„თუმცა, არსობრივად, კანონპროექტების მიღებით გამოწვეული ეფექტები რადიკალურად განსხვავებული იქნება ევროკავშირსა და საქართველოში. ევროკავშირის რეალური მიზანი არადემოკრატიული ქვეყნებისგან დემოკრატიის დაცვა და გაძლიერებაა. ინიციატივებზე მსჯელობისას ევროკავშირი გაივლის ხანგრძლივ და მწვავე შიდა დისკუსიას, რომლის ცენტრშიც მოქცეული იქნება, პირველ რიგში, ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც კანონი პოტენციურად შეეხება. ევროკავშირში წინასწარ არ არის განსაზღვრული, რომ კონკრეტული კანონი აუცილებლად და, თუ საჭიროა, პროცედურული მოტყუებითაც უნდა გავიდეს, როგორც ეს საქართველოში მოხდა… ევროკავშირის ინიციატივა მიემართება ავტორიტარულ ქვეყნების გავლენის შესუსტებას და დემოკრატიის დაცვას. საქართველოში განხილული კანონპროექტების მიღების ეფექტი დემოკრატიის შესუსტება იქნებოდა, რადგან, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია.

საქართველოს შემთხვევაში კანონპროექტები პოტენციურ საფრთხედ აცხადებდა არა ავტორიტარული ქვეყნებისგან, მაგალითად, რუსეთისგან მომავალ დაფინანსებას, არამედ პარტნიორი დემოკრატიული ქვეყნებისგან მომავალ დაფინანსებას. თუ საქართველოს მისწრაფება დემოკრატიის მუდმივი გაუმჯობესება და მისი დაცვაა, ამ გზაზე დემოკრატიული დასავლეთის ქვეყნები და გაერთიანებები — ამერიკა, კანადა, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი — არიან მთავარი პარტნიორები, რომელთა დაფინანსებაც გამჭვირვალეა. რეალური საფრთხე კი რუსეთისგან მომავალი გაუმჭვირვალე დაფინანსებაა და საკანონმდებლო ფოკუსი და რესურსი სწორედ ამ საფრთხის აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ სირბილაძემ.

ის ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ან ქვეყნების ერთობლიობის მაგალითის განხილვისას პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ კონტექსტი და ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების ხარისხი.

„ისეთ პოლიტიკური საზოგადოებებში, სადაც დემოკრატია არ არის განვითარებული ან განვითარების ეტაპზეა, მსგავსი ინიციატივები ვერ იქნება დემოკრატიის მოკავშირე. პირიქით, როგორც რუსეთის მაგალითი აჩვენებს, მსგავსი ინიციატივები ხდება საფუძველი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის ან/და გაქრობის, ასევე კრიტიკული აზრის შეზღუდვის. ასეთი პოლიტიკური საზოგადოება კი დემოკრატიული და, შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ვერ იქნება. ევროკავშირს, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკურ ერთეულს, გააჩნია მექანიზმები, მუდმივად აკონტროლოს, რომ მსგავსი ინიციატივები არ დაემუქრება დემოკრატიასა და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს“, — აცხადებს სირბილაძე.

ევროკავშირის ინიციატივის გარდა, „ქართული ოცნება“ იმოწმებს კანადის მაგალითს, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად კონსულტაციები დაიწყო. თუმცა, კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში „ხალხის ძალის“ სახელით დაწერილი კანონპროექტის ინიციირება ყოველგვარი ფართო საზოგადოებრივი განხილვების გარეშე მოხდა.

„კანადის მიერ „აგენტების კანონის“ შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით: განსხვავება ისაა, რომ ზოგადად ანგლო-საქსური კანონები (აშშ, კანადა, ავსტრალია, ბრიტანეთი) ითხოვენ მათ საჯაროობა/გამჭვირვალობას, ვინც უცხო ქვეყნის უშუალო დავალებით და ინტერესით მოქმედებს და კერძოდ, ხვდება და ზემოქმედებს აქაურ მაღალი თანამდებობის პირებზე ან ფართო მასებზე. ჩვენთან კი მხოლოდ იმიტომ უნდათ გაიძულონ ასეთ რეესტრში შესვლა, რომ გრანტი მოიპოვე, ან კონტრაქტით ნებისმიერი სამუშაო შეასრულე, თუნდაც რემონტი გაუკეთე უცხოელს სახლში. ამის გამო თურმე უცხო ქვეყნის აგენტი/წარმომადგენელი ხარ. ამას აწესებდა ის კანონი, რომელიც პირველი წაკითხვით მიიღეს და გაიწვიეს და რომელსაც ახლაც მისტირიან“, — წერს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მიუხედავად ევროკავშირში მიმდინარე განხილვებისა, საქართველო არ აპირებს, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს მიუბრუნდეს.

ამ თემაზე:

აშშ და EU აკრიტიკებენ პუტინის მოკავშირეს ბოსნიაში „უცხოელი აგენტების“ კანონის ინიცირებისთვის

მოსკოვის რეაქცია საქართველოში რუსული კანონის ჩაგდებაზე

პარლამენტმა რუსული კანონი ჩააგდო

მასალების გადაბეჭდვის წესი