საზოგადოება

აშშ და EU აკრიტიკებენ პუტინის მოკავშირეს ბოსნიაში „უცხოელი აგენტების“ კანონის ინიცირებისთვის

13 მარტი, 2023 • 1270
აშშ და EU აკრიტიკებენ პუტინის მოკავშირეს ბოსნიაში „უცხოელი აგენტების“ კანონის ინიცირებისთვის

აშშ და ევროკავშირი აკრიტიკებენ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის (Republika Srpska) ეროვნული ასამბლეა ხვალ, 14 მარტს განიხილავს.

რა ხდება?

„ბოსნიელი სერბების ლიდერი აკოპირებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რომელმაც საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია“, — წერს bne IntelliNews.

გამოცემის ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა ახალი სკანდალი გამოიწვია, განაცხადა რა, რომ მიიღებს კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“.

დოდიკი ირწმუნება, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობას (FARA) ასახავს, თუმცა ბოსნიაში აშშ-ის საელჩომ თქვა, რომ ის კრემლის მიერ იყო შთაგონებული.

„ეს ფილმი ადრეც გვინახავს და ვიცით, როგორ მთავრდება. როდესაც რუსეთმა გააფართოვა თავისი უცხოელი აგენტების კანონმდებლობა 2020 წელს, ისიც ამტკიცებდა, რომ მხოლოდ აშშ-ის მოდელის კოპირებას ახდენდა. ვერაფერი იქნებოდა ასე შორს სიმართლისგან. ჩვენ ვნახეთ შედეგები — რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა თავისი რეპრესიული კანონმდებლობა განსხვავებული აზრის აღსაკვეთად, სამოქალაქო საზოგადოების განდევნისა და თავისუფალი მედიის აღმოსაფხვრელად“, — ნათქვამია ბოსნია და ჰერცეგოვინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა ასევე დაგმო სერბთა რესპუბლიკაში კიდევ ერთი დაგეგმილი საკანონმდებლო ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს ცილისწამების კრიმინალიზებას და ვიდეოს, ფოტოების და დოკუმენტების თანხმობის გარეშე გამოქვეყნებისთვის პატიმრობას.

„იმ ქმედებების კრიმინალიზაციით, რომლებიც ჩვეულებრივ განიხილება როგორც სამოქალაქო საქმეები, ეს კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, და პირდაპირ გავლენას მოახდენს ჟურნალისტების უნარზე, გაავრცელონ სიმართლე“, — განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

სერბთა რესპუბლიკის პრორუსი ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები იდენტურია საქართველოში „ხალხის ძალის“ საქმიანობისა. „ხალხის ძალის“ დაანონსებული აქვს „ფეიკების წინააღმდეგ“ კანონის მომზადება, ხოლო „უცხოელი აგენტების“ შესახებ მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტები პარლამენტიდან გამოწვეულ იქნა მასობრივი პროტესტის შემდეგ.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა თქვა, რომ ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი „სახიფათო ანტიდემოკრატიულ გზაზე მიჰყვება სხვებს რეგიონში“.

პაუერს დოდიკმა უპასუხა, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანინით არის შთაგონებული.

„ჩვენ ვაკოპირებთ ამერიკულ მოდელს, რამაც აშშ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოდ აქცია. საინტერესოა, რომ USAID-ის დირექტორი რეაგირებს, რადგან იცის, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ბევრი „პროექტი“ ფინანსდება USAID-ის მეშვეობით“, — დასძინა მან.

კანონპროექტის ინიციირება შემაშფოთებლად მიიჩნია ევროკავშირის დელეგაციამაც ბოსნია და ჰერცეგოვინაში.

„ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი გამოყენების ნებისმიერი უსაფუძვლო შეზღუდვა, მათ შორის გაერთიანების და გამოხატვის უფლების ჩათვლით, ეწინააღმდეგება ბოსნია და ჰერცეგოვინას მისწრაფებებს ევროპულ გზაზე“, — განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის პრესსპიკერმა ფერდინანდ კოენიგმა.

სერბთა რესპუბლიკის შესახებ

სერბთა რესპუბლიკა არის ბოსნია და ჰერცეგოვინის ავტონომიური ერთეული, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სერბები შეადგენენ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირე მილორად დოდიკი, რომელიც არაერთხელ გამოსულა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ბოსნია და ჰერცეგოვინიდან გამოყოფისა და სერბეთთან გაერთიანებას იდეით.

მილორად დოდიკმა მიმდინარე წლის იანვარში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა ვლადიმერ პუტინი.

კრემლის მოკავშირეს ბალკანეთში ურთიერთობების ისტორია აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთანაც. 2015 წლის ბოლოს დოდიკმა მიიღო აფხაზეთის მაშინდელი დე ფაქტო საგარეო მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა.

ბოსნიელ სერბთა დელეგაციას, რომელიც ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე და ქალაქების მერები მონაწილეობდნენ, ასევე დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი