განახლება: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მფლობელს ცემენტის ქარხნის დემონტაჟი დაევალა.
საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში, რომელიც ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ძვირადღირებულ სააგარაკე სივრცედ იქცა, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში უკანონო ცემენტის ქარხანა დგას.
ქარხანა, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველს ეკუთვნის, წესით, ახლა არ უნდა მუშაობდეს, რადგან მცხეთის მერიამ მფლობელს ობიექტის დემონტაჟი დაავალა. თუმცა მმართველი პარტიის შემწირველმა მფლობელმა საქმე სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო სასამართლომ არსებითი განხილვის დასრულებამდე დემონტაჟის გადაწყვეტილება შეაჩერა.
სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ქარხანა მტვერს ყოველდღე აფრქვევს ჰაერში. მოსახლეობას ამ მტვრის სუნთქვა, შესაძლოა, წლების განმავლობაში მოუწიოს— სასამართლოს ყველა ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ადგილობრივთა თქმით, საწარმო, რომელიც მათ წამლავს ცემენტის მტვრის ტოქსიკური მინარევებით, ასევე ახლოსაა მთავრობის მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ცენტრის ინფორმაციით, ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დღეისათვის 470-მდე ქართული და 350 უცხოური ვაზის ჯიშია დაცული.
ზედხედით ქარხნის ზიანის სავარაუდო არეალი ასე გამოიყურება.
პრობლემის შესახებ თვეებია იცის სახელმწიფომ. აქ გარემოს დაცვის სამინისტროს არ აქვს დამონტაჟებული ჰაერის დაბინძურების მუდმივიდ მზომველი სადგური. თუმცა უწყება ირწმუნება, რომ ადგილზე მივიდნენ, შეამოწმეს და დარღვევა ვერ დააფიქსირეს. მათივე თქმით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების რაოდენობა არ აღემატება დაშვებულს.
ეს დასკვნა სამინისტრომ დადო მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები საჯაროდ აქვეყნებენ ფოტო-ვიდეომასალას, სადაც ქარხნიდან წამოსული მტვერი და კვამლი ცხადად ჩანს.
რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, უწყებაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ ქარხნის მშენებლობის ნებართვა მართლაც არ არსებობს. თუმცა მუნიციპალიტეტი განცხადებაში არ საუბრობს, რას აპირებს სამომავლოდ.
„გარემოს დაცვიდან მოდიან მაშინ, როდესაც ქარხანა გაჩერებულია“ —რას ყვებიან მოქალაქეები?
გიორგი ჩიკვაიძის სახლი ბეტონის ქარხნიდან დაახლოებით 100 მეტრშია. ბიზნესმენი ნეტგაზეთთან საუბარში იხსენებს, რომ სახლი დაალხლოებით 2 წლის წინ იყიდეს, შემდეგ კი ტერიტორია კეთილმოაწყვეს. გადმოსვლის მთავარი მიზეზი კი ბავშვებისთვის სუფთა ჰაერის უზრუნველყოფა იყო.
3 წლის წინ ქარხნის ტერიტორიიდან ბლოკები თუ სხვა სამშენებლო მასალები იყიდებოდა. თუმცა, მალევე ტერიტორია შემოსაზღვრეს და აქ უეცრად ცემენტის გადამამუშავებელი ქარხანა გაჩნდა. მას შემდეგ ის უწყვეტად მუშაობს, ზოგ დღეს მტვერი აუტანელია, ზოგ დღეს კი — ნაკლებად.
ჩიკვაიძე დიდი ხანია იბრძვის, რომ ქარხანამ მუშაობა შეწყვიტოს. გვიყვება, რომ არაერთხელ იყო ქარხნის ტერიტორიაზე და ითხოვდა ხელმძღვანელთან საუბარს. ერთი ასეთი ვიზიტის შემდეგ კი მასთან სახლში ქარხნის მფლობელი და „არაგვი 2012-ის“ დირექტორი ლევან აფციაური მართლაც მივიდა. მას თან ახლდა მოქალაქე გოჩა პარკაული.
ჩიკვაიძე აცხადებს, რომ სტუმრები ეზოში შეიყვანა, რათა უკეთ ეჩვენებინა სიტუაცია. საპასუხოდ კი „საქმის გარჩევა“ მიიღო — „თქვენ ფურცლებით ირბინეთ და ჩვენ კაიბიჭობით მოვაგვარებთო“.
ჩიკვაიძის თქმითვე, პარკაული მას დაემუქრა: „სახლში პატარა ბავშვი გყავს და არ გინდა ამოსვლა საგურამოს ცენტრშიო? დაახლოებით ხომ ხვდებით ჩემს რეაქციას.. აქ იყო შეხლა-შემოხლა, კონფლიქტები. და ამ კაცმა კარში მომაძახა, შენ, ეტყობა, არ გქონია სტრუქტურებთან საქმე. ეს დღე ასე დამთავრდა.“
ამ უკანასკნელს ნეტგაზეთთან კომენტარში კატეგორიულად უარყოფს თავად გოჩა პარკაული. მისი ვერსიით, მან მხოლოდ ის თქვა, რომ მეზობლებს კეთილი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ: „მაღაზიაში გახვალთ ერთად, სადმე შეხვდებით, ასე არ შეიძლება-მეთქი“.
„აქ, ამ ხალხითა და მათი არაფორმალური მმართველობით, მინიმუმ, 30 ოჯახია გამწარებული. ამის ფონზე ჩვენმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ მცხეთის მერიას მიმართა. მერიამ გვითხრა, რომ ამ კონსტრუქციაზე არანაირი ნებართვა არ არსებობს და მათ ამის უფლება არ მიუციათ. თუმცა ვხედავთ, რომ ამის მიუხედავად ძალიან წარმატებით ააშენეს და ექსპლუატაციაში შეიყვანეს ეს ქარხანა.
ჩვენ მცხეთის მერიის ზედამხედველობას ვთხოვეთ რეაგირება, დაახლოებით 3 თვის შემდეგ მოდის მცხეთის მერია და წერს 1000-ლარიან ჯარიმას. როგორც ჩანს, ამის ნიადაგზე ესენი [ქარხნის მფლობელი] უფრო გამოვიდნენ წყობიდან, კონსტრუქციაზე პროჟექტორები დაამონტაჟეს, რომლებიც მოუშვირეს ჩვენს სახლებზე. დაახლოებით რომ აგიხსნათ, ღამე საძინებლებში ისეთივე განათება გვქონდა, როგორიც დღის განმავლობაში. ფარდაც არ ფილტრავს, ისეთი განათებები დააყენეს.
მე საქართველოში არ ვიყავი. რომ ჩამოვედი, მივედი ამ ქარხანაში. გადავირბინე, რადგან, ფაქტობრივად, მეზობლები ვართ და ვუთხარი, რომ ეს არის ვანდალიზმი იმიტომ, რომ არ შეიძლება… ამ დროს აფციაური იქ იყო, დაიწყო ხელჩართული კონფლიქტი, ადგილი ჰქონდა მუქარას, მაგალითად, რომ „ყელს გამოგჭრი“, რაზეც ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში მუქარის ფაქტზე სარჩელი, სისხლის სამართლის მუხლით საქმეც აღიძრა. ადგილზე იმყოფებოდა საგურამოს პოლიციაც. სასამართლო მიმდინარეობს, იანვარში უნდა ჩანიშნულიყო ბოლო სხდომა, თუმცა ეს საქმეც იწელება“, — ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.
რაც შეეხება გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს, ჩიკვაიძე ვარაუდობს, რომ ქარხანას „დალაგებული“ აქვს, როგორც მცხეთის მერიასთან, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსთან. “
„გარემოს დაცვის სამინისტროდან ჩამოვიდა ერთხელ ქალი, რომელმაც გვითხრა, ახლა აქ დამტვერიანება არ შეინიშნება და ისეთ დროს უნდა დაგვირეკოთ, როდესაც ეს დამტვერიანება მოდისო. დიღმიდან აქამდე საჭიროა, სულ მცირე, ნახევარი საათი. ხუთჯერ გვქონდა იმის მცდელობა, რომ სამინისტროს გაეზომა აქ დაბინძურება.
ერთ-ერთ დღეს, როდესაც არ შეწყდა დამტვერიანება მთელი დილა, დავურეკეთ, გვითხრეს, გამოვდივართო. ამ ზარის შემდეგ რამდენიმე წუთში ქარხანა სრულად გაჩერდა, სიმშვიდე იყო. სამინისტროს წარმომადგენლებმა კი გვითხრეს, აქ რა უნდა გავზომოთ, არაფერი ხდებაო. წასვლიდან ნახევარ საათში ქარხანა ისევ აამუშავეს. ექსპერიმენტის სახით კიდევ ერთხელ დავრეკეთ ასე და 10 წუთში ქარხანა კვლავ გაჩერდა. არ მესმის, სად ვეძებოთ სამართალი“ — განმარტავს იგი.
„ჩვენ ჰაერის კვლევა არ ჩაგვიტარებია. რადგან ქარხნიდან კვამლი პერიოდულად გამოდის, აქ მუდმივად გამზომველი, მაღალტექნოლოგიური გაზომვაა საჭირო. მაგრამ ჩვენ გვაქვს პულმონოლოგების ჩვენებები, ბავშვებს რადგან ასთმა აქვთ, პერიოდულად ვამოწმებთ ხოლმე და ამ ანალიზებში ჩანს, თუ როგორ გართულდა მდგომარეობა“ ,— დასძენს გიორგი და ამბობს, რომ ბავშვები აქ აღარ ცხოვრობენ.
ქარხნიდან ზუსტად 110 მეტრში ცხოვრობს ზურა ჩაჩანიძე. მის ოჯახს აქ სახლი 2008 წლიდან აქვს.
„უკვე სამი წელია, რაც მანქანებმა გაუთავებლად დაიწყეს სიარული, აქ ხშირად ჩნდებიან ტრაილერები, ცემენტის ამრევი მანქანები და სხვა. აქ სულ არის მტვრის „ოხშივარი“ და ქარი თუ ქრის, ხომ საერთოდ – სულ იმტვერება ყველაფერი. აივანს რომ დაალაგებ, მეორე, მესამე დღეს უკვე ისეთი მტვერია, რომ ხელახლაა დასალაგებელი“, — გვიყვება ზურა.
იგი იხსენებს, რომ ჯიღაურაში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი დედის ასთმა იყო, თუმცა ახლა ჰაერი იმდენად დაბინძურდა, რომ აქ გაჩერება ქალისთვის რთულია — „კატასტროფა ხდება“.
მტვერი ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც ზურასა და მის ოჯახს აწუხებს. ამას გარდა, ქარხნიდან ყოველდღე მოდის ხმაური, იქნება ეს ქვების მტვრევა, მანქანების სიარული, მათი ცემენტით დატვირთვა თუ სხვა.
„მტვერი, უპირველს ყოვლისა, ხმაური და მესამე, რაც ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვის – ეს ქარხნის მიერ გამოწვეული დანაგვიანებაა. ჩვენ და ქარხანას გვყოფს მდინარის ხეობა, რომელიც სულ დაბინძურებულია —ბეტონები, დიდი ზომის სხვადასხვა ქვები, საყოფაცხოვრებო ნაგავი. ყველაფერს, რასაც მოიხმარენ, მათ შორის, რასაც ჭამენ, ყველაფერს მდინარეში ყრიან.
ჩვენ თბილისიდან ჩამოყვანილი გვყავდა სპეციალური ბრიგადა, დავალაგეთ და მოვაწესრიგეთ აქაურობა, მაგრამ მეორე დღესვე გააგრძელეს დანაგვიანება. თან ჯიბრშიც არიან, გაბრაზებულები არიან და მგონია, სპეციალურადაც აკეთებენ, მუშებიც კი“ ,— ეუბნება ნეტგაზეთს ზურა ჩაჩანიძე.
„გარემოსდაცვითი სამართალდარღვევები არ დაფიქსირდა“ – გარემოს დაცვისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხები
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები არათუ ხედავენ და გრძნობენ, არამედ ფოტო-ვიდეომასალითაც აღწერენ კვამლსა და მტვერს, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა წერილობით პასუხში გვითხრა, რომ დარღვევას ვერ ხედავენ.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში შპს „არაგვი 2012-ის“ მფლობელობაში არსებული ბეტონის დამამზადებელი კვანძისა და ბლოკის საწარმოს ინსპექტირება განახორციელეს.
საწარმოო ტერიტორიის დათვალიერებისას გარემოსდაცვითი სამართალდარღვევები არ დაფიქსირდა, რადგან საწარმოს აქვს გარემოსდაცვითი კუთხით ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციისა და ხმაურის დონის განსაზვრის მიზნით, ინსტრუმენტალური გაზომვებიც მოახდინეს. გადამეტება არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა“, — შეატყობინეს ნეტგაზეთს უწყებიდან.
დამატებით კითხვაზე, თუ როდის იყვნენ სამინისტროდან ქარხანასთან მისული, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გვითხრა, რომ შემოწმება „მუშა მდგომარეობაში ჩატარდა და მას ადგილობრივი მცხოვრებელი/მომჩივანი მხარეც ესწრებოდა“.
რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ნეტგაზეთის რამდენიმე კითხვას აქაც წერილობით უპასუხეს. წერილში დადასტურებულია, რომ აფციაურის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება 2022 წლის მაისში დაიწყო.
„მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 25 მაისის დადგენილებით, სოფ. ჯიღაურაში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმებულ იქნა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამავე წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, 2022 წლის 25 მაისის დადგენილებაში შევიდა ცვლილება და დაემატა 41 პუნქტი, რომ ჯარიმის გარდა ლევან აფციაურს დაევალა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის დემონტაჟი“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე თქმით, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება აფციაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლოს 2022 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე შეჩერდა. ამ მომენტიდან დღემდე 7 თვეა გასული.
ვინ ფლობს ტერიტორიას?
ტერიტორია, სადაც ბეტონის ქარხანა მდებარებობს, ლევან აფციაურს ეკუთვნის. აფციაურმა ეს ტერიტორია 2021 წლის 28 აპრილს გადაიფორმა, რამდენიმე თვეში კი, 28 აგვისტოს, „ქართულ ოცნებას“ 7 ათასი ლარი შესწირა.
აფციაურს უკავშირდება 36 ტენდერი ან/და გამარტივებული შესყიდვა, რომელთაგან უმეტესობა კომპანია „არაგვი 2012-ს“ უკავშირდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პორტალის ცნობით, ამ შპს-მ წლების განმავლობაში სერვისი გაუწია, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებს, როგორიცაა ეროვნული გვარდია, დუშეთის მუნიციპალიტეტი და სხვა.
ნეტგაზეთმა რამდენიმე გზით სცადა ლევან აფციაურთან დაკავშირება. მას დავუტოვეთ წერილობითი შეტყობინებაც. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მისი ერთ-ერთი კომპანიის „არაგვი 2012-ის“ წარმომადგენელს. მან გვითხრა, რომ გადასცემდა თავად აფციაურს ან მის სხვა თანამშრომელს ინფორმაციას ჩვენი ზარის შესახებ და სურვილის შემთხვევაში, აფციაური თავად დაგვიკავშირდებოდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.