საზოგადოება

„კვარაცხელია ვირტუალურად შეუერთდა აქციას, დიდებული ადამიანია“ — სპალეტი

10 მარტი, 2023 • 3127
„კვარაცხელია ვირტუალურად შეუერთდა აქციას, დიდებული ადამიანია“ — სპალეტი

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 10 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაქო თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციის მხარდაჭერის გამო.

„სოციალური ქსელების საშუალებით ის შეუერთდა მანიფესტაციას. ასე უნდა მოიქცე ადამიანი, როცა უსამართლობას აწყდები. მან გამოიყენა თავისი გავლენა ამისთვის — ეს იყო სურვილი, ქუჩის პროტესტს შეერთებოდა ვირტუალურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სწორია და მას ტაში უნდა დავუკრათ ამ პოზიციისთვის იმაზე მეტად, ვიდრე ამას მის მიერ გოლის გატანის შემთხვევაში გავაკეთებდით. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ გვყავს ასეთი დიდებული ფეხბურთელი, რომელიც ასევე არის დიდებული ადამიანი“, — თქვა სპალეტიმ.

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონპროექტის მიღება განიზრახა. მსგავსი კანონის მიღების შემდეგ რუსეთში 2012 წლიდან მნიშვნელოვნად შეზღუდეს და საბოლოოდ, „აგენტის“ იარლიყის მიწებებასთან ერთად ქვეყნიდან გააქრეს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

მიუხედავად საქართველოს მოქალაქეთა პროტესტისა და აშშ-ევროპის გაფრთხილებისა, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შანს დაუკარგავდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს კანონპროექტი მიიღო.

აღნიშნულის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ხელისუფლება სპეცრაზმის გამოყენებით ორი დღე არბევდა. დარბევისას დაიწვა მანქანები, დაზიანდა პარლამენტის შენობა, დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. 

ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ მსგავს კრიზისულ ვითარებაში სოციალურ ქსელებში, სადაც 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, პროტესტის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

საბოლოოდ, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და 10 მარტს ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, კანონპროექტის მეორე ვერსია კი გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი