საზოგადოება

არასრულწლოვნები „ვა-ბანკში“

9 ივნისი, 2010 • • 2867
არასრულწლოვნები  „ვა-ბანკში“

არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან (ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა) კანონმდებლობა იცავს. გადაცემა „ვა-ბანკში“ „ნიჭიერის“ მონაწილე უკვე მეორედ მიიწვიეს. 

გუშინდელი, 8 ივნისის, გადაცემის სტუმრები ”ნიჭიერის” ფინალისტები – 13 წლის ანა ხანჩალიანი და 14 წლის მარიამ კახელიშვილი იყვნენ. გადაცემის ანონსი მაყურებლებს აუწყებდა, რომ არასრულწლოვნებს ”დიდი ფულის მოგებისთვის” უნდა ეთამაშათ.

”ვა-ბანკი” რუსთავი ორის ეთერში სამშაბათობით გადის. შოუს მონაწილე თამაშის დასაწყისშივე 26 კეისიდან, რომლებშიც 1-დან 50 000 ლარამდე ოდენობის თანხაა მოთავსებული, ერთ-ერთს ირჩევს. დარჩენილ 25 კეისს კი თამაშის განმავლობაში ხსნის.

მოთამაშემ არ იცის, მის მიერ არჩულ კეისში, რა ოდენობის თანხა იმალება. იგი მისი საკუთრება ხდება. მოთამაშის მთავარი მოწინააღმდეგე ბანკის წარმომადგენელია, რომელიც თამაშის განმავლობაში სხვადასხვა ფასად მოთამაშისგან კეისის ყიდვას ცდილობს.

ანა ხანჩალიანმა და მარიამ კახელიშვილმა სამი ათასი ლარი მოიგეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ გადაცემაში არასრულწლოვანთა მონაწილეობით «მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის» მე-2 და მე-13 მუხლები დაირღვა.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლში წერია, რომ ”1. ამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან.

2. მაუწყებლობაში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრული ქცევის კოდექსით.

ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის 1 პუნქტი მიუთითებს: ”აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზარტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება.”

”მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ითვალისწინებს ზუსტად იმას, რომ აზარტულ თამაშებში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ არასრულწლოვნებმა, რადგან ასეთი ტიპის თამაშები არასრულწლოვნებს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ზიანს აყენებენ, ან იწვევენ მათ დამოკიდებულებას ამ თამაშების მიმართ,”- ამბობს თამარ კორძაია.

რესპონდენტი ამბობს, რომ ”ვა-ბანკიც” აზარტული ტიპის გადაცემაა, რადგან მოთამაშის მოგება შემთხვევაზე არის დამოკიდებული. მოთამაშე ”ხელს აჭერს ღილაკს და ამ ფორმით რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არის აზარტული თამაში, რომელშიც არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანმა”.

კორძაია იმასაც ამბობს, რომ ამგვარი გადაცემა შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს არა მარტო მონაწილე, არამედ გადაცემის მაყურებელი არასრულწლოვნებისთვისაც.

ფსიქოლოგი, კავშირის «საფარი» თავმჯდომარე, ნატა ზაზაშვილი ამბობს, რომ  ასეთი ტიპის გადაცემებში მოზარდების მონაწილეობა არ არის მიზანშეწონილი, თუმცა, შედეგი მაინც ინდივიდუალური იქნება:

”რეალურად შეიძლება ამ ბავშვებზე არანაირი მომაკვდინებელი გავლენა არ მოახდინოს აზარტულმა თამაშმა, ზოგიერთ ბავშვს საკუთარი ღერძი აქვს და მოზარდობის ასაკში თავისი იდენტობის პრობლემა კარგად აქვს გადაჭრილი. ამიტომ, მსგავსი თამაშები შეიძლება ნაკლებად საზიანო იყოს.”

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მშობლის ნებართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თვითონ მშობელიც ვერ აცნობიერებს, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოზარდს.

”რისკ ჯგუფში არშემავალი ბავშვისთვის გადაცემაში მონაწილეობა შეიძლება დიდი ზიანის მომტანი არც იყოს… მაგრამ არსებობს რისკ ფაქტორები, რომლებიც ალბათობას ზრდიან, რომ  ამ ბავშვებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინონ, ნორმიდან გადახრილი ქცევის შედეგად კანონი დაარღვიონ. რისკ ფაქტორიანი მოზარდი თუ მოხვდება გადაცემაში, შეიძლება ასეთ ბავშვზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მან უფრო მწვავე ზეგავლენა მოახდინოს,”-  მიაჩნია ნატა ზაზაშვილს.

ნეტგაზეთის რესპონდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ სხვა აზარტული ტიპის დაწესებულებებს (მაგ. ტოტალიზატორი) ”  ვა-ბანკს”  ვერ შეადარებს, რადგან ისინი კიდევ სხვა სირთულეებს წარმოქმნის:

”იქ (ტოტალიზატორში) თუ წააგე, ფულის გადახდის დროს ამ ფაქტმა შეიძლება კანონის დარღვევისკენ უბიძგოს მოთამაშეს. ეს გადაცემა ამ მხრივ დაცულია, რადგან ან მოიგებს, ან არ მოიგებს,”-ნატა ზაზაშვილი.

ზაზაშვილს მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი მაინც მოზარდის ინტერესების გათვალისწინებაა.

ნეტგაზეთი «ვა-ბანკის» პროდუსერ გიორგი ხაბურძანიას ვერ დაუკავშირდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი