საზოგადოება

რუსულ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ

6 მარტი, 2023 • 592
რუსულ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტებს უცხოური აგენტების შესახებ პარლამენტის პლენარული სხდომა 9 მარტს განიხილავს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტებს ხუთშაბათს პარლამენტი I მოსმენით კენჭს უყრის.

საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ხვალ, 7 მარტსაცაა ჩანიშნული, თუმცა, როგორც მდინარაძემ განმარტა, ხვალ განიხილავენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონსა და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს.

„მოგახსენებთ მიმდინარე კვირის გრაფიკს, რომ ყველასთვის ცნობილი იყოს: ცხელი დღე გვქონდა დღეს და წინა დღეებიც, შეიძლება ძალიან სპეკულაციური დღის წესრიგიდან გამოდიოდა და ამაზეც მოგახსენებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთივე კვირა გვექნება, როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების მოქმედებებიდან გამომდინარე.

ხვალ იქნება ასეთი დღის წესრიგი: პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ განვიხილავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს, ხოლო რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონებს, ორივე კანონზე მაქვს საუბარი – ჩვენ, ალბათ, ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება, ისიც თუ გვეყო. ამისთვის ხუთშაბათი დღე გავითვალისწინეთ და ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მდინარაძე.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 მარტს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი