ევროპარლამენტარები, პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, მარკეტა გრიგოროვა და ანდრიუს კუბილიუსი ერთობლივ წერილს ავრცელებენ.
წერილზე ხელმომწერები შეშფოთებას გამოხატავენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, აღკვეთონ ტრაგედია, რომელიც ძირს გამოუთხრის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს:
„გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებასა და სინანულს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ინდიფერენტულობის გამო მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მხედველობაში ვიღებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილებას, არ გათავისუფლდეს სააკაშვილი პატიმრობიდან ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო.
ევროპარლამენტმა თავის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში გამოხატა შეშფოთება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოუწოდა ხელისუფლებას ჰუმანიტარული საფუძვლით გათავისუფლებისკენ, რათა მიიღოს საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ვღელავთ მის სიცოცხლეზე.
ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. იყო ევროპელი, ნიშნავს ევროპული ღირებულებებისა და იდეალებისადმი ერთგულებას, რისი ნაკლებობაცაა ქართულ მხარეს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პატივი სცენ მიხეილ სააკაშვილის ადამიანურ ღირსებას და დაიცვან მისი სიცოცხლე. მოგიწოდებთ, აღკვეთოთ ტრაგედია, რომელიც ძირს გამოუთხრის თქვენს ევროპულ მისწრაფებებს და დააყოვნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას“, — ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ წერილში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.
სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ენმ კი ამბობს, რომ იწყებს პერმანენტულ აქციებს.
ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე: