საზოგადოება

ახლა დიდი ერთობის შექმნის პირობები არ ჩანს, მომავალ წელს დავუბრუნდებით – ჯაფარიძე

3 თებერვალი, 2023 • 1583
ახლა დიდი ერთობის შექმნის პირობები არ ჩანს, მომავალ წელს დავუბრუნდებით – ჯაფარიძე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამჟამად დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნის პირობები არ ჩანს და ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან „გირჩი ტვ-ის“ ეთერში ისაუბრა.

თუმცა, ჯაფარიძის თქმით, გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციასთან, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „დროასთან“ კოორდინაციას გააგრძელებს.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ კოორდინაციის იქით სხვა რამეზე, მათ შორის არჩევნებისთვის ერთიან სიაზე ,საუბარიც არ ყოფილა.

„შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შეკრულიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც მანდ მგონია, რომ აქეთ მხარეს მოხდეს დიდი კონსოლიდაცია. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში ძაან რთულია, ამას მათ შორის სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს.

მაგრამ მოცემულობა ეგეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ, ახლა მაგის მოცემულობა, მაგის პირობები, რომ ეგეთი დიდი ერთობა შეიქმნას, ჯერჯერობით არ ჩანს. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაგ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისაკენ, რომ კონკრეტულად „გირჩი მეტი თავისუფლება“ გაძლიერდეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარაძემ.

ჯაფარიძის გარდა ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კიდევ ერთმა წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ „გირჩი აპირებს „გირჩი“ იყოს“.

„უნდა გავარკვიოთ, ვიღაცას გვინდა, ყველა ერთი პარტია გავხდეთ თუ ჩვენი ხედვები და მიზნები გვაქვს. აქ მკაფიო გადაწყვეტილებაა ჩემი და ჩემი პარტიის:  „გირჩი“ ვაპირებთ, ვიყოთ გირჩი“.

ამასთან კობერიძის თქმით, არასდროს ითანმშრომლებს ვანო მერაბიშვილთან.

„მაგალითად, მე არასდროს მომეწონება ის, რაც ბოლო ხანებში ხდებოდა, მანქანებს რომ იყოფდნენ. ეს, რაც ხდებოდა, რომ არ მომწონს, ამას რომ ვერ ვიტყვი ეთერში, მე ღირსეული ვერ გამოვჩნდები, იმიტომ, რომ მე ჩემს თავს ვმალავ, ხალხს დავუმალავ, რომ არ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არასდროს ვითანამშრომლებ და ერთ სიაში არ ვეწერები ვანო მერაბიშვილთან, ამას არ ვიზამ. ამაზე თუ არ ვილაპარაკებ, მე ვერ გამოვჩნდები თავმოყვარე და ღირსეული“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ „ტვ პირველის ეთერში“.


ბოლო თვეებია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის კოორდინიცია მიმდინარეობდა. საუბარი იყო დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნაზეც. ამასთან, აღნიშნულმა პარტიებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის მოწყობა დააანონსეს. მათი თქმით, შეკრების მიზანი იქნება როგორც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა, ისე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის დაფიქსირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი