ახალი ამბები

ქვეყნდება, სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი

1 თებერვალი, 2023 • 1334
ქვეყნდება, სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი

„კიბერ კმარა“ აქვეყნებს, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძისა [რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი] და გრიგორი კარასინის [რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე] საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ისინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ.

„კიბერ კმარას“ ცნობით, საუბარი 2022 წლის 22 ივნისს შედგა.

ჩანაწერში პირი, რომელიც „კიბერ კმარას“ ცნობით, კარასინია, ამბობს, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო „კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით“ და სურს, ისინი რეგულარული გახდეს. მისივე თქმით, უწყებაში „აქვთ გეგმა [რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი] ახალი კორიდორის მშენებლობაზე“.

პირი, რომელიც „კიბერ კმარას“ ცნობით, აბაშიძეა, პასუხობს რომ უკვე მიმდინარეობს ყაზბეგი-ლარსის პარალელური მაგისტრალის მშენებლობა, ხოლო საუბრის ბოლოსკენ აღნიშნავს, რომ „ახლა სადღაც რაღაცის [მშენებლობის] დაწყებაზე საუბრისთვის კარგი დრო არ არის“.

განახლება: ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა და განაცხადა, რომ ვერ მიხვდა, „სასკანდალო რა არის“.


ტექსტური ვერსია იმ საუბრისა, რომელიც, „კიბერ კმარას“ განცხადებით, კარასინსა და აბაშიძეს შორის შედგა:

[სავარაუდოდ] კარასინი: ვრცელი საუბარი მქონდა ჩვენ ტრანსპორტის სამინისტროსთან. მსურს, შენც იყო საქმის კურსში. ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებმაც აჩვენეს პრობლემების, მათ შორის, ლარსის მოგვარების სურვილი. უფრო მეტიც – სურთ, ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ, მიუხედავად სატრანსპორტო ვითარების გამწვავებისა. მიმანიშნეს კიდეც, რომ აქვთ რაღაც გეგმა ახალი კორიდორის მშენებლობაზე, რომელიც დაგვაკავშირებდა.

[სავარაუდოდ] აბაშიძე: სად?

კარასინი: არ ვიცი, რუკა ახლა არ მაქვს, კრასნოდარის მხრიდან და… სამხრეთის ოსეთის მარცხნივ…

აბაშიძე: ზუსტად ვერ გავიგე, მაგრამ ახლა მიდის მშენებლობა, რომელიც წელიწადნახევარში დამთავრდება. უზარმაზარი, ყაზბეგი-ლარსის პარალელური მაგისტრალია.

კარასინი: ეს უკვე არსებულის რეკონსტრუქციაა?

აბაშიძე: არა, რაც არის, რჩება. პარალელურად შენდება…

კარასინი: რაღაც მანძილზე?

აბაშიძე: რაღაც მანძილზე. შემდეგ გამოჩნდება, სად ივლის ტვირთი…

კარასინი: შენ უფრო გცოდნია ეს საკითხი…

აბაშიძე: ამაზე ადრეც ვსაუბრობდით, მაშინ საწყის ეტაპზე იყოს. ახლა მშენებლობა მიდის, გვირაბები ცხრა კილომეტრამდე იქნება.

კარასინი: ეტყობა, ამას გულისხმობდნენ.

აბაშიძე: თქვენთან, იქით მხარეს, ლარსზე, მიდის რეკონსტრუქცია…

კარასინი: საქმეც ის არის, რომ ჩვენი მხრიდან აპირებენ, ააშენონ მისასვლელი სისტემები… უბრალოდ მინდოდა, ეს გცოდნოდა და ხელი შეგეწყო, რომ საჭიროების შემთხვევაში იკონტაქტონ.

აბაშიძე: კონტაქტობენ. ფაშინიანმა საზღვარზე მინისტრი გაუშვა, ის რუს მინისტრს შეეხვდა.

კარასინი: ისინიც ხომ დაინტერესებული არიან…

აბაშიძე: ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ისეთი აზრია, ვეღარ გადაარწმუნებ, რომ შეუძლიათ თავიანთ მხარისკენ მეტი მანქანა გაატარონ…

კარასინი: კარგია, ბრწყინვალეა.

აბაშიძე: უზარმაზარი რიგებია. ახლა ვსაუბრობდით ბიზნესცენტრის წარმომადგენელთან, რომელიც დაკავებულია ტრანსპორტით…

კარასინი: მომიკითხე [იცინის]…

აბაშიძე: მოგიკითხავ [იცინის]… ვითარება მარტივი არაა, კილომეტრიანი რიგებია, ეგებ ცოტა დააჩქარონ

კარასინი: მესმის ეს ყველაფერი, ასე ოპერატიულად მაგიტომ დაგირეკე. მადლობა ღმერთს, მიდის განვითარებისკენ.

აბაშიძე: ახლა, სიმართლე გითხრა, რომ დავიწყოთ საუბარი სადღაც რაღაცის დაწყებაზე… არ არის კარგი დრო…

კარასინი: კი ბატონო, ოდნავ არაადეკვატურია…

აბაშიძე: რა მინდა გკითხო, რამე ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებ? ალბათ არ არის საჭირო.

კარასინი: არა, არ ვაპირებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი