ახალი ამბები

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაში მერია დაახლოებით 14 მლნ ლარს გადაიხდის

25 იანვარი, 2023 • 1366
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაში მერია დაახლოებით 14 მლნ ლარს გადაიხდის

თბილისის მერიამ  ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „ბადა ქონსტრაქშენთან“. ინფორმაცია შესყიდვის შესახებ პირველად ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ გაავრცელა.

დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიამ სამუშაო 18 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები და რამდენი ხნით დაიკეტება სადგური მომხმარებლებისთვის.

მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამჟამად კომპანიასთან სამუშაო გრაფიკზე თანხმდებიან, კომპანიაში კი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.

„ვარკეთილის“ რემონტი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაუჯდება. ჩაშლილად ეს თანხები შემდეგ სამუშაოებზე დაიხარჯება:

შესყიდვის ხარჯთაღრიცხვა.

ვარკეთილის მეტროში რემონტი, წესით, უკვე დასრულებული უნდა იყოს. მეტროსადგურში 2021 წლის  30 იანვარს, 10:30 საათზე, ჭერი ჩამოიშალა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ მერიამ რემონტზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც  „სამშენებლო კომპანია მამისონმა“ გაიმარჯვა.

2022 წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მერიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზად კი დაასახელა:

„ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი. დღეის მდგომარეობით გასული არის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის მესამედი ნაწილი, შესაბამისად, მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, შემსყიდველისთვის ცხადია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვადაში თქვენი მხრიდან ვერ მოხდება”.

ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.

კომპანია „მამისონთან“ მერიამ ხელშეკრულება მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის შემთხვევაშიც გაწყვიტა. მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ  შესრულებულ სამუშაოებში დაფიქსირებული იყო დეფექტები, გარდა ამისა, კომპანია არ აწარმოებდა საჭირო დოკუმენტაციას.

„ბადა ქონსტრაქშენის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა. ის „ქართული ოცნების“ შემწირველი იყო 2014 წელს. მან პარტიას 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი