საზოგადოება

„იდენტობის კრიზისი“ და ბრძოლა გავლენებისთვის სააკაშვილის გარეშე დარჩენილ ენმ-ში

27 იანვარი, 2023 • 1563
„იდენტობის კრიზისი“ და ბრძოლა გავლენებისთვის სააკაშვილის გარეშე დარჩენილ ენმ-ში

„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. ბრძოლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მართვის სადავეებისთვის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

ენმ-ის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები პარტიას გააძლიერებს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი  არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი პარტიის მორიგი გაყოფით დასრულდეს, რასაც თავისი გავლენა ექნება ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრზეც.

რა ხდება?

გასული წლის 9 ნოემბერს  მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ენმ-ის წევრთა ნაწილმა ბრიფინგი გამართა და შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

პარტიის წევრთა ნაწილი კი  აცხადებდა, რომ თანაპარტიელთა მიერ შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო, რადგან ეს საკითხი შიგნით ისედაც განიხილებოდა, თუმცა პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, არჩევნების ჩასატარებლად ჯერ არ იყო შესაფერისი დრო.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

ნიკა მელიას გარდა, ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ლევან ხაბეიშვილია. თავდაპირველად ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ენმ-ის თავმდჯომარეობა არ აინტერესებს და არც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. თუმცა აღნიშნული პოზიცია რამდენიმე საათში შეიცვალა და არ გამორიცხა, რომ საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა. საბოლოოდ კი, 16 ნოემბერს, ხაბეიშვილმა ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ხოლო ენმ-ის წევრთა ის ნაწილი კი, რომელმაც პარტიაში არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დააყენა სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან, ლევან ხაბეიშვილის შტაბში აღმოჩნდა.

კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, აქტივისტი გიორგი მუმლაძეა. მიუხედავად იმისა, რომ მუმლაძე პარტიის წევრი არაა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ენმ-ის თავმჯდომარეობის სურვილი გამოთქვა.

ყველაზე ბოლოს კი შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომელსაც ენმ რამდენიმე კვირის დატოვებული ჰქონდა.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილე ოთხივე კანდიდატი პარტიის ნომერ პირველ მიზნად მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტას ასახელებს. შესაბამისად, კონკურენტების მხრიდან ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარის მთავარი კრიტიკაც და ბრალდებებიც სწორედ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არასაკმარისი აქტივობებია.

თავად ნიკა მელია კი მის მთავარ კონკურენტად არა ოფიციალურად რეგისტრირებულ კანდიდატებს, არამედ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ასახელებს. მელიას თქმით, სწორედ ეს ადამიანები დგანან  პარტიაში მიმდინარე მოვლენებისა და ლევან ხაბეიშვილის უკან და პარტიაში არაფორმალური გავლენების მოპოვებას ცდილობენ.

თავის მხრივ მელიას გაუხსენეს კეზერაშვილთან თანამშრომლობა და თანაპრტიელებმა ისიც შეახსენეს, რომ კეზერაშვილისგან საჩუქრებს იღებდა, მათ შორის ავტომობილსაც. საქმე იქამდე მივიდა, რომ მელიას მიმართ ამ ბრალდებებზე მოკვლევა სახელმწიფო აუდიტმაც დაიწყო.

ენმ-ში მიმდინარე პროცესბზე ამ დრომდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ თავად კეზერაშვილსა და მერაბიშვილს. თუმცა ვანო მერებიშვილის ოფიციალური ფეისბუქიდან ჩანს, რომ მხარს ნამდვილად ლევან ხაბეიშვილს უჭერს. კეზერაშვილ-მერაბიშვილის მხარდაჭერას არ უარყოფს თავად ხაბეიშვილიც, თუმცა აცხადებს, რომ კეზერაშვილი მისი პოლიტიკური პარტნიორი არაა.

სწორედ მერაბიშვილს სახელს უკავშირებს მელია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერით იქმნება შთაბეჭდილება, რომ, სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს  შეურაცხყოფას აყენებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მისი პოზიცია საჯაროდ ცნობილი არაა.

 რა როლი აქვს სააკაშვილს ენმ-ში მიმდინარე პროცესებში

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების თემა გააქტიურდა, პარტიის დამფუძნებელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამას არ გამოხმაურებია. საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სააკაშვილს არ მოეწონა არჩევნების ჩატარების საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან მოთხოვნა. როგორც სააკაშვილის დედა გიული ალასანია ნოემბერში აცხადებდა, ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს.

ის, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესებში სააკაშვილის პოზიცია არ ჩანს,  პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, შესაძლოა იმ  გადაწყვეტილებით იყოს განპირობებული, რომელიც ქართული პოლიტიკიდან მის დისტანცირებას უკავშირდება.

„სააკაშვილმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ მას არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა. შეიძლება ეს თავიდან რაღაც ტაქტიკურ განცხადებად ჩაითვალა, იმისათვის, რომ ციხიდან თავი დაეხსნა, თუმცა დღეს უკვე დაიჯერა ხალხმა, მათ შორის ენმ-ის მომხრეებმაც, რომ სააკაშვილი ამ პარტიას აღარ ხელმძღვანელობს“, – ამბობს გია ნოდია ნეტგაზეთთან.

ამიტომ, ნოდიას თანახმად, ი,ს რაც ახლა ენმ-ში ხდება, გარდაუვალიც იყო, რადგან პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ტრადიციულად მიხეილ სააკაშვილის პარტიად ითვლებოდა, ახლა იდენტობის კრიზისი აქვს.

გია ნოდია
ფოტო: Georgian Strategic Analysis Center

როგორც ნოდია ნეტგაზეთთან ამბობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის გარეშე არსებობა უნდა ისწავლოს და ახალი იდენტობა შექმნას.

„ეს არის ძალიან რთული. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილი დაშორდა ენმ-ს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სხვა ფორმით დარჩა. ამის თეორიულად დაშვება შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ამას არაფერი მოასწავებს. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, სააკაშვილმა იმკურნალა და კარგად გახდა, ოდესაღაც ისევ დაუბრუნდება ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ეს არის ვარაუდი. დღეს რეალურად ის აღარ არის პოლიტიკური პროცესის მონაწილე“, – ამბობს გია ნოდია.

გია ნოდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მნიშვნელოვან სიმბოლოდ რჩება, რადგან მისი ავადამყოფობა და ციხეში ყოფნა საგულისხმო საკითხია და თავმჯდომარეობის კანდიდატებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან მის მიმართ ერთგულების დემონსტრირებაში, ეს პროცესი მაინც იმ დათქმით მიმდინარეობს, რომ თვითონ სააკაშვილი მასში, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, არ მონაწილეობს.

მიუხედავადა ამისა, გია ნოდია შენიშნავს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატების ხედვებს შორის არსებითი განსხვავება არ არის და ყველაზე მეტად მელიას დანარჩენები სწორედ სააკაშვილის გამო უპირისპირდებიან. მას პასუხს იმის გამო სთხოვენ, რომ საპროტესტო ტალღა ვერ ააგორა.

რისთვის უპირსპირდებიან კანდიდატები ერთმანეთს?

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატების ხედვებს შორის არსებით განსხვავებას ვერც  პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი ხედავს. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, მისი შეფასებით, განხეთქილების მთავარი მიზეზი პარტიის შიგნით პიროვნული გავლენებისა და ძალაუფლების განაწილებაა.

ლევან კახიშვილის თქმით,  განსხვავებას ვერც იმ სტრატეგიებს შორის ხედავს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტას ეხება.

„ამ შემთხვევაში საქმე ეხება სასამართლო სისტემას და პრეზიდენტს მისი შეწყალების უფლებამოსილებიდან გამომდინარე. ამ პრობლემის [სააკაშვილის გათავისუფლება] გადაწყვეტის გასაღები ენმ-ში არ არის. ნებისმიერმა ლიდერმა, რომელიც ენმ-ს ეყოლება, მან რაღაც დოზით მაინც უნდა ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“, სხვაგვარად მე ამ პრობლემიდან გამოსავალს ვერ ვხედავ“, – ამბობს ლევან კახიშვილი.

თუმცა, ლევან კახიშვილის თქმით,  განხეთქილება პარტიის შიგნით დიდი ხანია იხარშება და ამას ისიც განაპირობებს, რომ საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით პარტიას აქვს ცვლილებების საჭიროება, რათა უფრო მეტი ხმის მოზიდვა შეძლოს.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ამ შიდა არჩევნებიდან პარტია გაძლიერებული გამოვიდეს, კონკურენცია ჯანსაღი უნდა იყოს და დამარცხებულმა მხარემ მარცხი აღიაროს.

ლევან კახიშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება

„იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი, საჭიროა დებატები და განხილვები, რომ განისაზღვროს, რა არის პარტიის მიზნები, ფასეულობები, და შემდეგ თითოეულმა კანდიდატმა დასახოს კონკრეტული სტრატეგიები, როგორ უნდა მიაღწიონ ამ მიზნებს.

რადგან მსგავსი კონკრეტული სტრატეგიები [არ იდება] და მათი განხილვები არ ხდება, (ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ) ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, კონკურენცია არ არის ჯანსაღი და გვაქვს „ბინძური“ საარჩევნო კამპანია, რომელიც ერთმანეთის შეურაცხყოფისა და იმიჯის დაზიანებაზეა მიმართული, რაც საბოლოო ჯამში, ყველა მხარეს აზიანებს“, – ამბობს ლევან კახიშვილი.

მისი თქმით, ამის გამო მოსალოდნელია, რომ დამარცხებულმა ფრთამ წაგება არ აღიაროს და ამას ლოგიკურად პარტიის გაყოფა მოჰყვება, რაც ენმ-ის იმიჯს ბუნებრივად შეასუსტებს.

არჩევნების საფუძველზე ენმ-ის გაყოფას არ გამორიცხავს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილიც. როგორც ნეტგაზეთთან ამბობს, ის პროცესი, რაც ახლა ენმ-ში მიმდინარეობს, პარტიას აზიანებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დაპირისპირების უკან ენმ-ის მძიმეწონიანი ფიგურები დგანან. შეიძლება ითქვას, რომ პარტიის „ლიდერშიფი“ ორად არის გაყოფილი. რომელიმე მხარის გამარჯვება დიდი ალბათობით მეორე მხარის პარტიიდან გასვლას გამოიწვევს და მეორე მხარე დიდი ალბათობით თან გაიყოლებს ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, პარტია კიდევ უფრო დაზიანდება, თუ მასში მერაბიშვილის ფლანგი გაიმარჯვებს, რადგან საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაცია არ აქვს.

„მერაბიშვილი, როგორც ლოკალური მასშტაბის პოლიტიკოსი, ყოველთვის ასოცირდება იმ საბედისწერო შეცდომებთან, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდენია. ასე რომ, მას არ აქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა მერაბიშვილის ხელში, ამით ის კიდევ უფრო მეტად გაკოტრდება“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

კაჭკაჭიშვილის მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს გია ნოდიაც. თუმცა, ნოდიას თქმით, მერაბიშვილს რეპუტაციული ზიანი უფრო მეტად იმ ხალხს შორის აქვს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არაა და, შესაბამისად, ეს გაურთულებს ენმ-ის ახალი მომხრეების მიზიდვას.

იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით კი, შესაძლოა, გაყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ძლიერებისთვის ცუდი იყოს, მაგრამ ამას პოზიტიური შედეგი ჰქონდეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.

როგორ იმოქმედებს ენმ-ის არჩევნები ოპოზიციაზე

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, თუ არჩევნების შედეგად ენმ დასუსტდება, ეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის მის მიზიდულობასაც შეამცირებს.

სოციოლოგის აზრით, ამან შესაძლოა ოპოზიციურ პარტიებს ავტონომიური თამაში  დააწყებინოს, მით უფრო, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნიშა ჯერ კიდევ საკმაოდ ფართოა.

იაგო კაჭკაჭიშვილი

„თუ დავაკვირდებით, ბოლო არჩევნებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ითქვას, ფონს გადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით. ენმ პატარა ოპოზიციურ პარტიებს ყოველთვის უტოვებდა ცდუნებას, რომ ისინი შესულიყვნენ მის ორბიტაზე და ასე მოეპოვებინათ ადგილები პარლამენტში.

ახლა ეს ხიბლი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ექნება იმიტომ, რომ ის შესაძლოა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყოს, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ სხვა ოპოზიური პარტიები მიიზიდოს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ  გამორიცხული არაა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებმა  ოპოზიციური ველი გააჯანსაღოს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

გია ნოდია ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე. მისი თქმით, თუ წინა შემთხვევების დროს, როდესაც პარტია იყოფოდა, ნათლად ჩანდა, რომ სააკაშვილი ენმ-ის ბრენდის ქვეშ დარჩენილ ნაწილთან  ასოცირდებოდა, ახლა ასე არაა, რაც, სავარაუდოდ, გამარჯვებულების ანუ ენმ-ში დარჩენილების მხარდაჭერაზეც იმოქმედებს.

„ენმ უკვე რამდენიმეჯერ გაიყო და მას დიდი თუ პატარა ჯგუფები ჩამოსცილდნენ, მაგრამ ძირითადი ბირთვი რჩებოდა. ადრე ეს ბირთვი იმიტომ რჩებოდა ბირთვად, რომ სააკაშვილი იყო მასთან. მაგალითად, როცა „ევროპული საქართველო“ ჩამოსცილდა, მანამდე „გირჩი“…

მაგრამ დღეს ეს განცდა არ იქმნება… რომელ მხარეს არის მიშა?! არ ჩანს, რომ ის რაღაც მინიშნებებს აკეთებდეს. ამიტომ გამარჯვებულ კანდიდატს და მის მომხრეებს, ანუ იმ ბირთვს, რომელიც დარჩება, გაუჭირდებათ იმის თქმა, რომ პატარა ჯგუფი გავიდა, მაგრამ პარტიას ამით არაფერი დაკლებიაო“, – ამბობს გია ნოდია.

ნოდიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ენმ გაიყოფა და დასუსტდება, ეს მომავალი არჩევნებისთვის სხვა პარტიებთან თანამშორმლობის საჭიროებას უფრო გაზრდის. ამ დროს კი მნიშვნელობა იმასაც ექნება, თუ ვის დარჩება პარტია. ნოდიას აზრით,  თუ პარტიის მართვის სადავეებში მერაბიშვილის ფრთა აღმოჩნდება, ამან შესაძლოა უფრო გაართულოს სხვა პარტიების ენმ-სთან თანამშრომლობა.

„მელიასა და ხაბეიშვილს შორის მელიას ნამდვილად უფრო მეტი რესურსი აქვს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის, მას აქვს მეტი გამოცდილება და ის უფრო მისაღები ფიგურა იქნება სხვებისთვის, ვიდრე ხაბეიშვილი. მით უმეტეს, იმ აღქმის ფონზე, რომ ხაბეიშვილი მერაბიშვილის და კეზერაშვილის ფიგურაა“, – ამბობს გია ნოდია.

რას ფიქრობენ სხვა პარტიები ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

ერთ-ერთი პირველი, ვინც ენმ-ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა, პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იყო. როგორც მან განაცხადა, თუ ენმ-ში რეაქციული ძალები დაბრუნდებიან, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი, „ლელო“ ენმ-სთან თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავს. ეს იმ ფონზე, როდესაც 2021 წლის არჩევნებისას თავად ხაზარაძე ვიცე-მერობის კანდიდატი იყოს მელიას გამარჯვების შემთხვევაში.

ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მსგავსი პოზიციის დაფიქსირებას ერიდებიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ დიდ ოპოზიციურ ერთობაზე, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობასაც მოიაზრებენ. კერძოდ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისფლება“ და „დროა“.

როგორც „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ ნეტგაზეთს უთხრა, ენმ-ის არჩევნებზე ვერ ისაუბრებენ და ვერც რომელიმე კანდიდატის შესახებ გამოხატავენ  პოზიციას.

ლემონჯავას თქმით, მათი სურვილია, რომ ამ პროცესმა დემოკრატიულად ჩაიაროს და ენმ გაძლიერებული გამოვიდეს, რადგან დემოკრატიული ძალების კონსოლიდიცია მნიშვნელოვანია.

კანდიდატები არა, მაგრამ თავად პროცესი შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, პარტიას შედეგზე მეტად თვითონ პროცესი აზარალებს.

მისი თქმით, მოგებულ-წაგებულს მნიშვნელობა არ აქვს იმ კუთხით, თუ რა მოხდება ოპოზიციაში ამ ცვლილების შედეგად.

„ვერ გამოვარჩევ განსაკუთრებულად, ვინ უფრო ცუდია და როგორი არის. ერთმანეთზე წარმოდგენების [შესაქმნელად] ერთი ფლანგი ამბობს, რომ იქ ვანო მერაბიშვილია… ვინ დარჩებიან წინა ხაზზე და ვინ გააგრძელებს პოლიტიკოსობას, მაგაზე იქნება დამოკიდებული [ენმ-სთან თანამშრომლობა]. პარტიის შიგნით ვინ, რას, როგორ არჩევს, ეგ ჩემს ხედვებზე გავლენას ვერ პოვებს. მე არცერთის ქცევა არ მომწონს, რომ იმ სტანდარტს აკმაყოფილებდეს, რომ მათთან თანამშრომლობა მინდოდეს“, – ამბობს ცოტნე კობერიძე.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მათთვის მთავარი იდეებია და არა პიროვნებები.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ დიდ ერთიანობაზე მუშაობს და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საერთო ოპოზიციურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალება, თუ ღიად პრორუსი არაა.

„ვინაიდან ახლა ჩვენი ამოცანა არის კანდიდატის სტატუსის  მიღება, იმის გარჩევას არ ვაპირებ, ამ პროცესში წინ, უკან ან გვერდით ვინ მიდგას. ჩემთვის მთავარი არის არა ის, ვინ რას აკეთებდა გუშინ, არამედ მთავარია, ვინ რას გააკეთებს დღეს და ხვალ საქართველოსთვის. ჩვენ თუ დავიყოფით „ნაცებად“, დავიყოფით, „ნაცებში“ კიდევ ვინ რას აკეთებდა… ასე თუ წავალთ, ვერასდროს ერთობას ვერ მივაღწევთ“, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

რა გავლენა ექნება ენმ-ის არჩევნებს „ქართულ ოცნებაზე“

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან მმართველ პარტიაშიც. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მთავარი ოპონენტის შემხედვარე, „მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში არიან“.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნების შედეგებს „ოცნებისთვის“ ამბივალენტური მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით,  ერთი მხრივ, შესაძლოა, „ოცნებისთვის“ კარგია, რომ მთავარი ოპონენტი სუსტდება, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ამ დასუსტების პარალელურად სხვა ოპოზიციური პარტიები გაძლიერდნენ, „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეცლება „კოზირი“, რომლითაც ენმ-ს საფრთხობელად იყენებდა.

„თუ ენმ დასუსტდება და სხვა ოპოზიციური პარტიები გაძლიერდებიან, ეს მაინცდამაინც არ უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“.  „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის ყოველთვის საფრთხობელა იყო, რომლითაც ის ამომრჩეველთა ხმებს იწოვდა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ყველაზე არასასურველი პოლიტიკური ძალა ყველა გამოკითხვით და ამას ძალიან კარგად იყენებდა „ქართული ოცნება“.

ამიტომ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერების წყარო მოაკლდება,  – „ჩემთან მოდი იმიტომ, რომ არ გინდა „ნაციონალური მოძრაობა, თუ ჩემთან არ მოხვალ, „ნაციონალური მოძრაობა მოვა სათავეში“ – ეს პარადიგმა აქამდე მოქმედებდა. ახლა თუ ეს მესიჯი უსარგებლო იქნება, ეს ცუდია „ქართული ოცნებისთვის“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი