საზოგადოება

„პროტოკოლური დარღვევა“ — რატომ არ მივიდა პრეზიდენტი ამბასადორიალზე

26 დეკემბერი, 2022 • 967
„პროტოკოლური დარღვევა“ — რატომ არ მივიდა პრეზიდენტი ამბასადორიალზე

საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამას ხსნიან „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევით“.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, — აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ელჩების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მიესალმა ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალი წელი უსურვა.

„საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, არის სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნაზეც.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას“, — ნათქვამია განცხადებაში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/421587/

მასალების გადაბეჭდვის წესი