ახალი ამბები

“ვივამედი” სააკაშვილის პალატაში რკინის მაგიდის არსებობას უარყოფს, ადვოკატი ამას ტყუილს უწოდებს

4 მაისი, 2023 • 2530
“ვივამედი” სააკაშვილის პალატაში რკინის მაგიდის არსებობას უარყოფს, ადვოკატი ამას ტყუილს უწოდებს

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება გონების დაკარგვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს გარეგანი დაზიანებები არ აქვს. ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილის პალატაში რკინის მაგიდა საერთოდ არ დგას.

კერძოდ, ის ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს, სადაც ექსპრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მესამედ დაკარგა გონება. გუშინ, 3 მაისს კი “ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს”, რადგან წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 4 მაისს, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილის პალატაში რკინის მაგიდა არ დგას. ასევე, სამედიცინო პერსონალი არ ადასტურებს ექსპრეზიდენტის გონების კარგვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას და მას გარეგანი დათვალიერებით დაზიანებებიც არ ეტყობა:

“როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება. პაციენტის გადმოცემით იყო გონების კარგვა, ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. არსებობს ჩანაწერები…

რაც შეეხება რკინის მაგიდას, პაციენტი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას და არ არის იმ სივრცეში. დაზიანება არ ეტყობა. გარეგანი დათვალიერებით არანაირი დაზიანების კვალი არ არის”, – განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ თუ პაციენტი ისევ გააგრძელებს სამკურნალო დანიშნულებაზე უარის თქმას: “კალორაჟის შემცირებისა და შერჩევითი საკვების მიღების” კუთხით, “მოსალოდნელია სხვადასხვა სახის გართულებები”.

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე. ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ ჩხაიძე აბსოლუტურად ყველაფერს იტყუება და სააკაშვილის პალატაში რკინის მილებისგან დამზადებული მაგიდა პირველი დღიდან დგას:

“რკინის მილებისგან არის დამზადებული ეს მაგიდა და არსებობს პირველი დღიდან, რაც შემოიყვანეს სააკაშვილი. რაც შეეხება ჩხაიძის განცხადებას, ის არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. ჩვენ ვნახეთ, ამ სამსახურის წარმომადგენლები რა ქმედებას ახორციელებდნენ სასამართლო პროცესზე. იტყუება აბსოლუტურად ყველაფერს”, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ის გეგმავს, რომ გამოითხოვოს კლინიკა “ვივამედში”, სააკაშვილის პალატაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები გუშინდელ გონების კარგვასთან დაკავშირებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი, ჩანს მაგიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, საუბრობს ხაჭაპურიძე. “ნეტგაზეთმა” ერთ-ერთი ასეთი ვიდეოკადრი ზურაბ ჩხაიძესაც გაუგზავნა და ჰკითხა, არის თუ არა მაგიდა რკინის და ამჟამად დგას თუ არა ექსპრეზიდენტის პალატაში. სტატიის გამოქვეყნების მომენტში ჩხაიძისგან პასუხი არ მიგვიღია. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი