საზოგადოება

ზურა მახარაძის თქმით, მას პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ

16 დეკემბერი, 2022 • 4096
ზურა მახარაძის თქმით, მას პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და „ალტ-ინფოს“ მედიამენეჯერი ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით აშანტაჟებენ.

„ალტ ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მხარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის მისი „პოლიტიკიდან გვერდზე გაწევის“ მიზეზი. ის არ ასახელებს, თუ ვინ დგას შანტაჟის მიღმა.

„არის ასეთი გარემოება, რომ სხვა ქალთან ურთიერთობა რომ მქონდა, ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა და ა.შ. და იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთო და სხვა“, – აცხადებს მახარაძე.

ნეტგაზეთი ცდილობს დაუკავშირდეს თავად ზურაბ მახარაძეს. წერილობით კომენტარში ნეტგაზეთთან „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ვიდეოგანცხადების გარდა, მახარაძე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

გამოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ასევე მივმართეთ შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ უკანასკნელმა გვითხრა, რომ მათთვის ზურაბ მახარაძის საქმეზე არავის მიუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი