ახალი ამბები

მახარაძე „კონსერვატიულ მოძრაობაში“ პარტიულ თანამდებობას ტოვებს – მორგოშია

29 ოქტომბერი, 2022 • 1044
მახარაძე „კონსერვატიულ მოძრაობაში“ პარტიულ თანამდებობას ტოვებს – მორგოშია

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე პარტიის თავნმჯდომარის პოსტს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ავრცელებს.

მორგოშიას თქმით, მახარაძე მედია სფეროში გადადის და ის „ალტ-ინფოში“ მედია მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს:

„პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მმართველ რგოლში ცვლილებებია: მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე პარტიულ საქმიანობას ტოვებს და მედია სფეროში გადადის, ის ტელეარხ ალტ-ინფოში მედია მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს“ – წერს მორგოშია „ფეისბუკ“ გვერდზე.

“კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნა ულტრამემარჯვენე “ალტ-ინფომ”. ეს უკანასკნელი ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის საწინააღმდეგო, ძალადობრივი აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

“კონსერვატიული მოძრაობა” აცხადებს, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. მიმდინარე წლის იანვარში კი რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით გაიმართა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში პრორუსული პარტიის მიმართ უკმაყოფილება მეტად ხილული გახდა. მისი ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი