საზოგადოება

ქალები პოლიტიკაში – „გამწევი ძალა“ შავ სამუშაოში

29 მაისი, 2010 •
ქალები პოლიტიკაში – „გამწევი ძალა“ შავ სამუშაოში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს ქალთა პარტია „სამართლიანობისა და თანასწორობისათვის“, „საქართველოს გზა“, ლეიბორისტული პარტია – ეს იმ პარტიების ჩამონათვალია, რომლებიც 2010 წელს ქალთა ფონდისა და მეხსიერების კვლევის ცენტრ „ტასოს“ კვლევის ობიექტებს წარმოადგენდნენ. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, კვლევა საპარლამენტო პარტიების განწყობებს და მათ წესდებებში გაწერილ საარჩევნო პროცედურებს  მიმოიხილავს.

„პარტიათა უმრავლესობის შიდა პოლიტიკა გენდერულად ბრმაა. იმის მიუხედავად, საარჩევნო პროცედურები წესდებაში დეტალურადაა გაწერილი, თუ არა, არსად არაა მითითებული პოლიტიკაში ქალთა დაწინაურებისთვის აუცილებელი, განსხვავებული ზომების შესახებ და ყველა წესდება ქალსა და მამაკაც წევრებს ერთნაირად, სქესის განურჩევლად განიხილავს“ – ვკითხულობთ კვლევაში, რომლის სახელწოდებაა „გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის გზით“.

საქართველოში პარლამენტის 138 მოქმედი წევრიდან 9 ქალია, მათგან 8 სახელისუფლებო პარტიის, ხოლო ერთი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი. მაჟორიტარული წესით გამარჯვების შედეგად, პარლამენტში მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილია მოსული, ხოლო დანარჩენები – პარტიული სიით.

გენდერული კუთხით კვლევამ  ორი საპარლამენტო და ხუთი არასაპარლამენტო პარტიის საარჩევნო პროგრამების ანალიზი მოიცვა. კვლევის ხელმძღვანელი, თამთა თათარაშვილი ამბობს, რომ მუშაობისას ის არასაპარლამენტო პარტიებიც გაითვალისწინეს, რომლებსაც გენდერული ფოკუსი დეკლარირებული სახით არ აქვთ. სხვა შემთხვევაში, კვლევის ობიექტების რიცხვი უკიდურესად მცირე იქნებოდა.  საერთო ჯამში 9 ინტერვიუ გაკეთდა.

რესპოდენტებმა ერთხმად აღიარეს, რომ ქალები პოლიტიკაში ჩართულები უნდა იყვნენ. ამის მიზეზად ნაწილი ქალების პასუხისმგებლობისუნარიანობას და პოლიტიკაში მათთვის დამახასიათებელ ე.წ.  განუმეორებელ, ქალურ ხედვას ასახელებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქალი პოლიტიკოსების არსებობას სოციალური სამართლიანობის წესი მოითხოვს – ისინი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ.

ასეთი განცხადებების ფონზე აღმოჩნდა, რომ ქალთა ჯგუფის სასარგებლოდ პარტიები სპეციალურ პროგრამებს არ ატარებენ. არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები ამას უსახსრობით ხსნიან.

პოლიტიკურ პარტიებში ქალების ძირითადი დატვირთვა სოციალურ სფეროზე, საქველმოქმედო საქმიანობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტზე მოდის. „წინასაარჩევნი პერიოდში მთელი „შავი პარტიული სამუშაოს“ შესრულება – „კარდაკარ“ სიარული, ამომრჩევლებისთვის პარტიის პროგრამის გაცნობა, სააარჩევნო პროცესის მონიტორინგი. ასევე, რესპონდენტთა უმრავლესობა მიუთითებს, რომ ქალები „კარგი შემსრულებლები“ არიან და თუკი პარტიის ხელმძღვანელობას სურს „საქმე კარგად გაკეთდეს, ის ქალებს უნდა დაავალოს“ – ნათქვამია კვლევაში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხათუნა გოგორიშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ქალების მოსვლა „ბუნებრივი პროცესია“ და ისეთი საკითხები, როგორიც, მაგალითად, კვოტების შემოღებაა, „ბუნებრივ პროცესში“ ხელოვნურ ჩარევას წარმოადგენს. უფრო მეტიც, მისი აზრით, ქალისთვის შეურაცხმყოფელიც კია. გოგორიშვილის მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის  თანამშრომელთა ნახევარზე მეტი ქალია. თუმცა, თამთა თათარაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტის აპარატის ძირითადი ფუნქცია, ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური თუ სოციალურ-საყოფაცხოვრებო სახის მომსახურებაა. შესაბამისად, ამ სტრუქუტრაში ქალთა სიმრავლე არცაა გასაკვირი: ქალები ყოველთვის მრავლად არიან მომსახურების სფეროში, ხოლო ყოველთვის არსაკმარისად – გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ქალთა უფლებების საკითხს ადამიანის უფლებათა ზოგად კონტექსტში აქცევენ, პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი წესდებები ქალთა საკითხებსაც მოიცავენ.

კვლევამ გამოავლინა, რომ გენდერული გათვიცნობიერებით და პრობლემის აშკარა ხედვით, სხვებს შორის, რუსუდან კერვალიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გამოირჩევა. კერვალიშვილის მოსაზრებები თანაპარტიელი გოგორიშვილის შეხედულებებისგან მკვეთრად განსხვავებულია: „იმდენად არ არის ქალი შრომის კანონის და სხვა კანონებში დაცული, რომ მისი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში გამორიცხულია. ქალი უნდა იყოს თავისუფალი ოჯახისაგან. ეს შეიძლება ყურს ჭრის, მაგრამ ეს არის არჩევანის უფლება და შრომის გადანაწილება, როცა მარტო ქალს არ აკისრებს ოჯახი და საზოგადოება ამ შრომას. სწორედ ეს არის ირიბი დისკრიმინაცია. ქალის არათანაბარი ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის გაუმჯობესებასაც სახელმწიფო არ უწყობს ხელს, დისკრიმინაციულია.“

ლეილა გაფრინდაშვილი და ნანა მდევაძე ლეიბორისტული პარტიიდან ქალთა დისკრიმინაციას მათ მიმართ ძალადობასთან აიგივებენ და აცხადებენ, რომ მათ პარტიაში ქალთა დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. თუმცა, ფიქრობენ, რომ რადგან პარტიის ცენტრალურ სტრუქტურებში მამაკაცები დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ, ისინი შესაძლოა მთავარ დაბრკოლებად ქალთა დაწინაურებისთვის იქცნენ. ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურაში მხოლოდ ერთი ქალია წარმოდგენილი. გაფრინდაშვილი და მდევაძე ამბობენ, რომ თუკი კვოტირების წესს არ შემოიღებენ, ლეიბორისტული პარტია ამას დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს და საქართველოში პარტიულ სიას ქალთა მონაწილეობის მხრივ არ ეშველება არაფერი“.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა პარლამენტში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ქალი ჰყავს – მაგდა ანიკაშვილი. მიუხედავად, რომ პარტიის 46%-ს ქალები შეადგენენ, ისინი პარტიულ თანამდებობებსა და პარლამენტში თითქმის არ არიან.

იმას, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წესდებაში გენდერულ თანასწორობაზე არაფერია ნათქვამი, მაგდა ანიკაშვილი პარტიაში ქრისტიან-დემოკრატ ქალთა ორგანიზაციის არსებობით ხსნის, რომელსაც საკუთარი წესდება გააჩნია. აქაც ქალების როლი „შავი სამუშაოს“ შესრულებით გამოიხატება. „ნებისმიერი პარტია უნდა უმადლოდეს ქალებს, რომლებიც კარდაკარ დადიან, აცნობენ მოქალაქეებს პარტიის ხედვას და მის გამწევ ძალას წარმოადგენენ. სიმართლე გითხრათ, ზოგადი სურათი საქართველოში ასეთია, ქალები ყველა სფეროში ასრულებენ „გამწევი ძალის“ როლს, ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე მამაკაცები არიან“, – ამბობს ანიკაშვილი. მას უჭირს ზუსტი პასუხი გასცეს, თუ რა უშლის ქალებს ხელს იმაში, რომ მიაღწიონ მაღალ პარტიულ თანამდებობებს.

„საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტირების სისტემა ხელოვნური და დამამცირებელიც კია. უფრო მეტიც, მისი აზრით, საქართველოში  საზოგადოების დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცისადმი განსხვავებული არ არის. პარტიაში ქალთა და მამაკაცთა წვლილს იგი ცალ–ცალკე არ განიხილავს, თუმცა, კაცებთან შედარებით ქალების მეტ გამბედაობასა და თანმიმდევრულობაზე საუბრობს. პარტიას ადგილობრივ თვითმართველობაში წარმომადგენლები აღარ ყავს, რესპონდენტის ინფომაციით,  ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის გამო, მათ ან თანამდებობები დატოვეს, ან გადავიდნენ სახელისუფლებო პარტიაში.

პარტიის ქალი ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ რესპონდენტს სტატისტიკური მონაცემები არ გააჩნია, მაგრამ ფიქრობს, რომ ისინი მართლაც მეტი იქნებიან, რადგან მათგან მეტ აქტიურობას ხედავდა, მაგალითად, საპროტესტო აქციების დროს.

რესპუბლიკური პარტიის წესდებაში გენდერული თანასწორობის შესახებ არაფერია ნათქვამი. თუმცა, პარტიის თავჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და პარტიის წევრის, ბაია რომელაშვილის ინფორმაციით, ქალთა წარმომადგენლობა ცენტრალურ დონეზე არის 44%, ხოლო რეგიონებში 40%. 35– წევრიან საბჭოში ქალები 10–ნი არიან. ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე პარტიის წარმომადგენელთა 20% ქალია. პარტიას წარმომადგენლები პარლამენტში არ ყავს. მათი აზრით, ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული მენტალიტეტი და, ამ მენტალიტეტიდან გამომდინარე. ქალის ოჯახური ფუნქციები.

ქალების პოლიტიკაში გაძლიერების მიზნით კვოტების გამოყენებას უსუფაშვილი „ქირურგიულ“ ჩარევად აღიქვამს. კვოტირების მიმართ რომელაშვილი დადებით განწყობას აფიქსირებს. პარტიის თავჯდომარე თვლის, რომ ქალების გააქტიურების ინიციატივა თავად ქალებისგან უნდა მომდინარეობდეს. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველას ერთნაირად ეხმარებიან.

ქალთა პარტიაში მამაკაცთა გაწევრიანება თავისუფალია, თუმცა, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში ერთი მამაკაცია – პარტიაში გაწევრიანებას მამაკაცები თავს არიდებენ. პარტიის თავმჯდომარე, გუგული მაღრაძე თვლის, რომ კაცი პოლიტიკოსებისგან ქალებს ლავირების უნარი და პრობლემის გადაჭრისას ალტერნატიული გზების ძიებაა. ქალთა პოლიტიკური დაწინაურების გზაზე მთავარ დაბრკოლებად ოჯახურ მოვალეობებს მიიჩნევს.

პოლიტიკურ გაერთიანებაში ახალი მემარჯვენეებიქალთა კლუბი ფუნქციონირებს. საპროგრამო დოკუმენტებში ქალთა უფლებების დაცვა პარტიას ყოველთვის გათვალისწინებული აქვს. პარტია აწარმოებს ქალი–ლიდერების მონაცემთა ბაზას, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია. პარტიის ქალთა კლუბის თანათავმჯდომარე, მაია გეგია კვოტების შემოღებას გაუმართლებალად მიიჩნევს, რადგან ეს შეიძლება კიდევ უფრო მეტი კვალიფიციური ქალისთვის ზედა ზღვარი აღმოჩნდეს.

როგორც საერთო სურათი ცხადყოფს, რესპონდენტების უმრავლესობა ან საერთოდ არ აღიარებს პრობლემას, როგორც ასეთს, ან ცალმხრივად და ნაწილობრივ ხედავს მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი