საზოგადოება

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს და მთლიანად საქართველოს – პაპუაშვილი

5 დეკემბერი, 2022 • 1229
მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს და მთლიანად საქართველოს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაღუპვას ეხმიანება და აცხადებს, რომ 33 ქართველის დაღუპვა ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია.

„ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს” ,– განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ერთ-ერთი პირველია, ვინც რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს გამოხატა 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით.

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ გამოუთქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი