ახალი ამბები

„სასამართლოს უნდა მიმართონ“ — ბრეგაძე სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმზე

2 მაისი, 2022 •
„სასამართლოს უნდა მიმართონ“ — ბრეგაძე სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან ულტიმატუმს ვერ მიიღებს და ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება პენიტენციური სამსახურის პრეროგატივა არაა.

„ოჯახის წევრების მდგომარეობა მესმის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის ოჯახი წევრის — ისინი დაინტერესებული არიან, რომ პატიმარი გამოვიდეს გარეთ. ამაში არაფერია გაუგებარი, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობს სამართალი, კანონი და ის საჭიროებს დაცვას. ჩვენი ნებისმიერი მოქმედება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. ულტიმატუმების ენით საუბარს ვერ მივიღებთ, ან როგორ უნდა მივიღოთ და რა მოთხოვნაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში, რომ გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ, მით უმეტეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები და თუ დაინტერესებულები არიან, უნდა მიმართონ სასამართლოს“, — განაცხადა ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ორშაბათამდე, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ასევე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი