საზოგადოება

ეთნიკური უმცირესობის გადაწყვეტილება საარჩევნოდ

23 მაისი, 2010 • 1602
ეთნიკური უმცირესობის გადაწყვეტილება საარჩევნოდ

თბილისის სომეხთა წარმომადგენლობითმა კრებამ საარჩევნო ბიულეტენებზე ყველა პოლიტიკური პარტიის გადახაზვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის 50 -მდე  საქართველოს მოქალაქე ეთნიკური  სომეხი  სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბა.

შეკრების მიზანი პოლიტიკური პარტიების მიმართ პროტესტის გამოხატვა და არჩევნების დღისთვის მისაღები გადაწყვეტილება იყო.

შეკრებილები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა,  ეთნიკური სომხები თბილისის პარტიულ სიებში არ შეიყვანეს.

„ამგვარი დამოკიდებულება  შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რადგან 86– ათასიანი სათვისტომოს ინტერესები არ გაითვალისწინეს“,- ამბობს  თბილისის სომხური კოალიციის პრეს-სპიკერი მარი მიხოიანი. მისი თქმით, არც ერთი რეიტინგული პარტიის სიაში არ მოხვდა ეთნიკური სომეხი, რომელიც, მარი მიხოიანისა და დანარჩენი მონაწილეთა თქმით, თბილისის საკრებულოში მათ ინტერესებს დაიცავდა.

„თუ ქვეყანა ინტეგრაციაზე ლაპარაკობს, მაშინ ჩვენი პოლიტიკური ჩართულობაც გარდაუვალი უნდა იყოს. კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენს გარეშე იღებენ, სრულყოფილი ვერ იქნება. ჩვენ გვინდა ამ საზოგადოების განუყოფელ ნაწილად ვითვლებოდეთ“, – ამბობს კოალიციის წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანი.

თბილისელი სომხები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პარტიების მხრიდან ასეთი ნაბიჯი, ფაქტობრივად, სომეხი მოქალაქეებისათვის „სილის გაწნის“ ტოლფასია, თბილისი კი, მათი თქმით, „ეთნიკურად სუფთა“ საკრებულოს მიიღებს.

როგორც მონაწილენი ამბობენ, ვერც ერთი კანდიდატი, რომელსაც მათი ისტორია, ენა და მოთხოვნილებები  არ ეცოდინება, თბილისის საკანონმდებლო ორგანოში მათ ინტერესებს  ვერ დაიცავს.

შეკრებაზე აღნიშნეს, რომ  სომეხთა წარმომადგენლობამ  „ალიანსს“ უშედეგოდ მიმართა  თხოვნით, რომ ავლაბარში ეთნიკური სომეხი მოქალაქის კანდიდატურა წარედგინა.

„როგორც აღმოჩნდა, სომეხი კანდიდატი „მოძრაობა ალიანსი საქართველოსთვის” სიაში მხოლოდ 56–ე (რევაზ გრიგორიანი) ნომრად მოხვდა.  ერთი კანდიდატი გოგი თოფაძეს  ჰყავს მე–9 ნომრად  და კიდევ ერთი – „სოლიდარობას“. რეიტიგული პარტიების სიებში კი არც ერთი კანდიდატია“,- აცხადებს მარი მიხოიანი.

მისი თქმით, პრობლემა სომხურ გვარებშია, – ”იმის გამო, რომ  გვარები სხვაგვარად ბოლოვდება, ასეთი ვითარება იქმნება”.

მისივე თქმით, პილიტიკური პარტიების  სიებში უმცირესობების ჩართვის შეთავაზება სწორედ პოლიტიკური პარტიების მხრიდან უნდა ყოფილიყო: ” როცა სხვა საკითხებს ეხება საქმე, კარგად  იციან, სად უდნა მოგვმართონ ”.

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“  წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ვალერი კარაპეტიანი  სწორედ სომეხი ეროვნებისაა, -” მეტი რაღა ვქნათ”– ამბობს ვეფხვაძე.

შეკრებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ვან ბაიბურთის მიერ გავრცელებული განცხადებაც განიხილეს,  რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებები ისე არსადაა დაცული, როგორც საქართველოში. შეკრებილი საზოგადოების აზრით კი, მას უფლება არ ჰქონდა, ყველა ეთნიკური სომეხის სახელით ელაპარაკა.

დედაქალაქის სომეხთა წარმომადგენლობითმა კრებამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – „მოვუწოდებთ ქალაქის სომეხ მოსახლეობას და ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც სოლიდარულია ჩვენს პროტესტთან, არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურის დროს, უგულებელყონ პოლიტიკური პარტიების სიები“.

რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევას, საზოგადოება ერთსულოვნად შეთანხმდა, რომ ხმის მიცემის დროს იმავე პროტესტს არ მიმართავს, რადგან, მათი განმარტებით, მერობის კანდიდატად სომეხი წარმოშობის კანდიდატის დასახლების მოთხოვნა სამართლიანი არ იქნებოდა.

დოკუმენტს ყველა დამსწრემ მოაწერა ხელი. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ყველანაირად შეეცდებიან მიღებული დოკუმენტი თბილისის სხვა სომხებსაც გააცნონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი