საზოგადოება

ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის ტყეებისა და რიყის დოქების ნაწილის გაყიდვა სურს

25 ნოემბერი, 2022 •
ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის ტყეებისა და რიყის დოქების ნაწილის გაყიდვა სურს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის თქმით, როცა მთავრობა “უსაფუძვლო თავდასხმებისგან” ვერ იცავს, გამოსავალს ხედავს განზე გადგომაში. სწორედ ამიტომ, როგორც ის ამბობს, თავისი ოჯახის საკთრებაში არსებული ქონების ნაწილის გაყიდვა სურს. ბიზნესმენის განცხადება “მთავარმა არხმა” გამოაქვეყნა.

ხიდაშელის სიტყვებით, თავის ოჯახს შესთავაზა, გამოცხადდეს ტენდერი, რომლითაც კვალიფიციურ მსურველებს მის მიერ შეძენილი ქონების 50%-ის ყიდვის საშუალება მიეცემათ, 20%-იანი ფასდაკლებით.

“რადგან კანონმდებლობა, მთავრობა, იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოვაცხადოთ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა — იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში…

ერთი, დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია, ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!” — წერს ხიდაშელი “მთავარი არხის” მიხედვით.

“ნეტგაზეთი” ელოდება ბიზნესმენისგან განცხადების დადასტურებას.

მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი