საზოგადოება

ენერგოგაერთიანება: ხელშეკრულება შერჩევით უპირატესობებს ანიჭებს „ნენსკრა ჰიდროს“

22 ნოემბერი, 2022 • 681
ენერგოგაერთიანება: ხელშეკრულება შერჩევით უპირატესობებს ანიჭებს „ნენსკრა ჰიდროს“

ენერგეტიკული გაერთიანება, რომლის წევრი, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, საქართველოცაა, აცხადებს, რომ ორგანიზაციის სამდივნო მივიდა წინასწარ დასკვნამდე, რომ ნენსკრაჰესის პროექტის სახელშეკრულებო ჩარჩო შერჩევით უპირატესობებს ანიჭებს კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“, გამომდინარე იქიდან, რომ პირობები არ შეესაბამება ბაზარს“.

ენერგეტიკულ გაერთიანებას საჩივრით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“. ეს უკანასკნელი ითხოვდა ნენსკრაჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას, თუ რამდენად თავსებადი იყო ის სახელმწიფო ხელშეწყობის წესებთან.

„მწვანე ალტერნატივის“ თანახმად, აღნიშნული წესები გულისხმობს ფავორიტიზმის გამორიცხვას რომელიმე კომპანიის ან ენერგიის წყაროს სასარგებლოდ, გამჭვირვალობასა და აუქციონის ჩატარების გზით ზედმეტად სუბსიდირების გამორიცხვას.

ენერგეტიკული გაერთიანების მიხედვით, შერჩევითი უპირატესობები უმეტესად გულისხმობს პროექტის განხორციელებაში ჩართული ESCO-ს (საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) ვალდებულებას, ფიქსირებულ ფასად შეიძინოს გამომუშავებული ენერგია 36 წლის მანძილზე, ინვესტორისთვის მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემასა და გადასახადებისგან განთავისუფლებას.

სამდივნოს თანახმად, მომავალშიც განაგრძობს საქართველოში განახლებადი ენერგიების სხვა პროექტების მონიტორინგს, თუ რამდენად შეესაბამება ის სახელმწიფო ხელშეწყობის წესებს.

თუმცა გაერთიანებაში შესვლის ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმის დანართისა და სემეკისა და კონკურენციის სააგენტოს მიერ სახელმწიფო მხარდაჭერის (სუბსიდირების) შესახებ კანონმდებლობის არასათანადო შესრულების გამო, გაერთიანება აცხადებს, რომ ამ საქმეზე დამატებით კვლევას აღარ გააგრძელებს.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლების თანახმად, გაერთიანების გადაწყვეტილება შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ ჯერჯერობით საქართველო არ არის საერთო ევროპულ ენერგობაზარში ინტეგრირებული და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გავლენას ვერ მოახდენს ამ ბაზრის სხვა მოთამაშეებთან კონკურენციისას.

საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებით, ნენსკრაჰესის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ნენსკრაჰესის მშენებელ კომპანიას კვლავ სთავაზობს განახლებულ პირობებს, რათა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

მისივე განცხადებით, შესათანხმებლად კომპანიას ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონტრაქტის გაწყვეტის პროცედურები დაიწყება.

პროექტის ამჟამინდელი ინვესტორი კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ია.

ნენსკრა ჰესის აშენებაზე ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს არის დადებული ხუთ მოთამაშეს შორის და 2017 წლის 17 ივნისსაა განახლებული. ეს მოთამაშეები არიან თავად ინვესტორი — სააქციო საზოგადოება (სს) „ნენსკრა ჰიდრო“ და სახელმწიფო, რომელსაც ოთხი სუბიექტი წარმოადგენს:

  • საქართველოს მთავრობა/მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტრო, კახი კალაძის ხელმძღვანელობით; ახლა ეს როლი ეკონომიკის სამინისტროს აქვს;
  • ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო);
  • სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე);
  • საპარტნიორო ფონდი.

პროექტის საერთო ღირებულება $1,031 მილიარდია. პროექტის ავტორებს გათვალისწინებული აქვთ, რომ ამ თანხის 30%-ს თვითონ გაიღებენ, 70%-ს კი ხუთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული სესხები დაფარავს. კონტრაქტის მიხედვით, ესენი არიან:

  • „კორეის განვითარების ბანკი“ (KDB) — $100 მილიონი (9.7%)
  • “აზიის განვითარების ბანკი” (ADB) — $174,1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) — $174.1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპული საინვესტიციო ბანკი“ (EIB) — $100 მილიონი (9.7%)
  • „იტალიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო“ (SACE) — $174.1 მილიონი (16.9%)

რაც შეეხება ინვესტორის ნაწილს, დარჩენილ 30%-ს ფარავს „ნენკრა ჰიდრო“. თავის მხრივ, ნენსკრა ჰიდროს აქციების 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, 90%-ს კი, კორეული სახელმწიფო კომპანია K-water [ანუ გამოდის, რომ პროექტის საერთო ღირებულების 26.3%-ს კორეული სახელმწიფო კომპანია K-water ფარავს, 2.2%-ს -საპარტნიორო ფონდი, 1.5%-ს- კვლავ EBRD-ის სესხი].

უკვე წლებია, პროექტის განხორციელებას და ნენსკრა-ნაკრას ხეობის დატბორვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ნაწილი.

ვრცლად ნენსკრა ჰესზე:

„ფასდაუდებელი“ ნენსკრა ჰესი

მასალების გადაბეჭდვის წესი