საზოგადოება

რა ეტაპზეა თსუ-ს ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი

19 ნოემბერი, 2022 • 973
რა ეტაპზეა თსუ-ს ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი

თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის კომისიებია შექმნილი, ნაგებობისა პროექტირებასა და მშენებლობას კი უნივერსიტეტი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

თსუ-ს პრესსამსახურის ამ კომენტარს წინ უძღოდა “მაისის სტუდენტური მოძრაობის” განცხადება, რომლის თანახმადაც “ხანგრძლივი სტუდენტური პროტესტის შედეგად, თსუ იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას”.

რას ამბობენ სტუდენტები

თსუ-ში დაფუძნებული “მაისის სტუდენტური მოძრაობა”, რომელიც არაერთგზის ითხოვს ახალი საერთო საცხოვრებლის აშენებას, აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს.

“დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები”, – წერს მოძრაობა ფეისბუკზე.

მისივე ცნობით, 17 ნოემბერს დაათვალიერეს მშენებლობის ორი პოტენციური ობიექტი: თსუ-ს მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა.

“პირველ ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დაკონსტრუქცია და ახლის აშენება.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს.

ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება.

არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება”, — აღნიშნავენ სტუდენტები.

მათივე ცნობით, მეორე ობიექტი, რომელიც მისი მდგრადობიდან გამომდინარე განიხილება, როგორც პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს.

“ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს”, — დასძენს მოძრაობა და იქვე აღნიშნავს:

“საცხოვრებელი, რომლის მშენებლობაზეც მუშაობა უკვე დაიწყო, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მხოლოდ დასაწყისი და აუცილებელი პირობაა მიზნის მისაღწევად, თუმცა, არა საკმარისი.

პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, რომ, პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტი დაიწყებენ ზრუნვას მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე.

თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია სტუდენტების აქტიური ჩართულობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს თავდაპირველ მიზანს – საერთო საცხოვრებელს ყველა სტუდენტისთვის”.

სტუდენტები ავრცელებენ შესაბამისი ობიექტების ფოტოებსაც:

რას ამბობენ ადმინისტრაციაში

თსუ-ს პრესსამსახური “ნეტგაზეთს” უდასტურებს, რომ “რექტორის უშუალო მითითებით” შექმნილია ორი კომისია, რომელიც სტუდენტებისგან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან და პროფესორ-მასწავლებლებისგან კომპლექტდება.

ერთი კომისია საცხოვრებლის ადგილის შერჩევაზე მუშაობს, მეორე კი — მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების დათვლაზე.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ “სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, თსუ თავისი შიდა რესურსებით მოახდენს ამ საერთო საცხოვრებლის პროექტირებას, მშენებლობას და ა.შ.”

პრესსამსახურის ცნობით, კომისიამ მოიწონა ერთ-ერთი ობიექტი, თუმცა ჯერჯერობით არ ასახელებს, რომელი, იმ დათქმით, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მალე თავად კომისია გაავრცელებს.

” ობიექტზე, რომელიც [კომისიამ] მოიწონა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაკეთდება და ამ დასკვნიდან გამომდინარე დაიდება [შედეგი], რამდენად ვარგისია ეს ობიექტი საერთო საცხოვრებლის გასაკეთებლად”, — გვითხრეს უნივერსიტეტში.

მშენებლობის ვადებზე თსუ-ში, ჯერჯერობით, არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ელიან კომისიის გადაწყვეტილებას, შემდეგ კი — სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას.

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება კომისიის დასკვნაზე და იმაზე, თუ რა იქნება საჭირო: თავიდან აშენება იქნება საჭირო, უკვე არსებული [ობიექტის] გარემონტება და შემდგომ ხარჯების [დათვლა]” — გვითხრეს პრესსამსახურში.

თსუ ამჟამად 2 საერთო საცხოვრებელს ფლობს: პირველი, რომელიც, უნივერსიტეტის თანახმად, 396 სტუდენტს იტევს, ბაგებში მდებარეობს, მეორე კი, რომელიც 320 სტუდენტს იტევს — ლისზე.

ლისის სტუდენტური საცხოვრებელი შედარებით ახალია და სტუდენტებიც უკეთეს პირობებში ცხოვრობენ. თუმცა, ბაგების შემთხვევაში რთული ვითარებაა:

თავად თსუ ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ბაგების შენობა სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რაც ახალი შენობის მშენებლობაზე ძვირი ჯდება, რის გამოც ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა იგეგმება.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რა ეშველებათ სტუდენტებს — სწავლა იწყება, ბინები კი კვლავ ძვირია

მასალების გადაბეჭდვის წესი