საზოგადოება

ანა რობაქიძის სტარტაპი Theneo პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

4 ნოემბერი, 2022 • 1792
ანა რობაქიძის სტარტაპი Theneo პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქართულ-ამერიკული სტარტაპი Theneo, რომლის დამფუძნებელი ანა რობაქიძეა, პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენციის, Web Summit-ის კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებული გახდა.

Web Summit 1-4 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა და PITCH-ის გამარჯვებულიც ღონისძიების ბოლო დღეს გამოავლინეს.

კონკურსში 100-ზე მეტი სტარტაპი მონაწილეობდა, რომელშიც გამარჯვება, საბოლოოდ, ანა რობაქიძის Theneo-მ მოიპოვა.

სახალისოა, რომ ჩვენ შარშან PITCH-ის კონკურსში არც კი ვმონაწილეობდით. ღონისძიებას მონაწილის სტატუსით ვესწრებოდი და ვთქვი, მინდა, რომ ერთ დღესაც სცენაზე ვიდგე. არ ველოდი, რომ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალშიც მოვხვდებოდი. სიურრეალისტური გრძნობაა“, — ამბობს ანა რობაქიძე კონკურსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

„ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელსაც ოდესმე მსგავსი წარმატებისთვის მიუღწევია სტარტაპების კონკურსში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს სცდება ჩემი და ჩემი კომპანიის წარმატებას. ის ასევე მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვისაც. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სტარტაპების ეკოსისტემაზე ბევრმა არ იცის. აქ ძალიან ბევრი სტარტაპია და მიმაჩნია, რომ მე მათაც წარმოვადგენ“, — ამბობს ანა რობაქიძე.

Web Summit არის პრორგამისტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება. ღონისძიებას წელს 70 ათასზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთა შორის იყო 2 ათასზე მეტი სტარტაპი.

Web Summit გამორჩეულია იმით, რომ აქ თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ვებდეველოპერები, ინვესტორები და სტარტაპებისთვის არის უნიკალური შანსი როგორც ცნობადობის გასაზრდელად, ისე ინვესტიციების მოსაზიდან.

კონკურსის გამარჯვებული Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რესურსია, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს API დოკუმენტაციის შედარებით სწრაფად და იაფად შექმნას სთავაზობს.

ტექნიკური ლექსიკონის მიხედვით, API არის გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი (პროგრამის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ფუნქციებს, კლასებსა და პროცედურებს და გამოიყენება ამავე პროგრამის სხვა კომპონენტებთან ან გარეშე პროგრამებთან ბრძანებებისა და მონაცემების მიმოცვლისთვის).

უფრო მარტივად, API არის მექანიზმი, რომელიც ორი პროგრამული კომპონენტის ერთმანეთთან კავშირს უზრუნველყოფს. მაგალითად, ამინდის ბიუროს პროგრამულ სისტემაში განთავსებულია ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ. ჩვენს მობილურებში, ამინდის აპლიკაციაში, ეს ინფორმაცია სწორედ API-ის საშუალებით მოდის. ასევე, როდესაც გარკვეულ ნივთს ან მომსახურებას ონლაინ ვყიდულობთ და ვაჭერთ გადახდის ღილაკს, API ამოწმებს ჩვენს საბანკო მონაცემებს, მაგალითად, არის თუ არა საკმარისი თანხა ბარათზე, შემდეგ ამ მონაცემს უბრუნებს ვებსაიტს და სწორედ ამის შემდეგ სრულდება შესყიდვის ოპერაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი