საზოგადოება

უფასო სასადილო 100-ზე მეტი ბენეფიციარისთვის კრიზისის წინაშე

28 ოქტომბერი, 2022 • 1932
უფასო სასადილო 100-ზე მეტი ბენეფიციარისთვის კრიზისის წინაშე

თბილისში, ზანდუკელის 2-ში, სოციალური სახლის უფასო სასადილოა მოწყობილი. ადგილი, რომელიც 120-ზე მეტ ბენეფიციარს ეხმარება, ფინანსური კრიზისის წინაშე დგას.

ეს სოციალური სივრცე იჯარაში ყოველთვიურად 800 ლარს იხდის. ეს თანხა ხშირად რთული გადასახდელია კერძო და უფასო სასადილოსთვის.

სასადილოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიშა ჭითაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დახურვა ბევრისთვის ნიშნავს საკვების ერთადერთი წყაროს შეწყვეტას.

„აქ მოსული ხალხის დიდ ნაწილს სხვა არავინ ჰყავს“

სასადილოში მოსვლა ან აქედან საკვების გატანა დილიდან 15:00 საათამდეა შესაძლებელი. 12 საათისთვის, ანუ იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ აქ მოვედით, ულუფისთვის დაახლოებით 5 ადამიანი იყო მოსული.

აქვე შევხვდით 74 წლის სვეტას. ქალი გვიყვება, რომ პანდემიის შემდეგ, რაც სასადილო გაიხსნა, აქ ყოველდღე დადის. სვეტა ქმართან ერთად შვილიშვილს ზრდის. გვიყვება, რომ აქ საჭმელი განსაკუთრებით გემრიელია – „ქმარი ხუმრობით მეუბნება, წადი მიშასთან და ისწავლე საჭმლის კეთებაო“.

„ეს ხალხი [სასადილოს დამფუძნებლები] თავადაც უფულოდ არიან და ჩვენ მაინც გვეხმარებიან. ძალიან მაგარი ხალხია, ძალიან კეთილი, გულიანი. მე პრობლემა მაქვს ბავშვის – და ყველაფერი გააკეთა მიშამ. ჩემი შვილიშვილი უფასოდ დადის ხატვაზე [მისი წყალობით]. ის ძალიან ლამაზად ხატავს, მიშამ მითხრა, რაღაცას მოვახერხებო და გააკეთა. ახლა შვილიშვილი მთხოვს, ცეკვაზე შემიყვანოსო და ეს კაცი ეხმარება“, — გვიყვება სვეტა და ამბობს, რომ ერთ-ერთი ნახატი შვილიშვილმა სასადილოსთვისაც დაუხატა.

სასადილოს კედელი, სადაც ბენეფიციართა ნახატები კიდია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მიშა ჭითაშვილი და სოფო ფრანგულაშვილი – მეგობრები, რომლებიც სასადილოს საკითხებს უწევენ ორგანიზებას, ნეტგაზეთს უყვებიან, რომ სვეტას მსგავსად სასადილოში ყოველდღე 60-70 ბენეფიციარი მოდის. მათ დიდ ნაწილს რამდენიმეკერძიანი საჭმელი თან მიაქვთ, ნაწილი კი აქვე სადილობს.

„ჩემი საქმიანობა სულ ამ საკითხებისკენ იყო მიმართული. 12 წელია ამ სფეროში ვარ. მანამდე დედათა და ბავშვთა თავშესაფარი გვქონდა. ასევე, პანდემიამდე სოციალური საწარმო გვქონდა, სადაც შშმ პირთა გადამზადება ხდებოდა. სულ 12 პირი გადავამზადეთ. იმართებოდა გამოფენა-გაყიდვები, რაც ხელს უწყობდა როგორც ცნობადობის ამაღლებას შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, ასევე პატარა შემოსავლის წყაროს უჩენდა ამ ადამიანებს.

პანდემიის დროს დახურვა მოგვიწია, რადგან ჩვენ მაღალი რისკის მქონე ჯგუფთან ვმუშაობდით. ბენეფიციართა მცირე ბაზას, რომელიც გვქონდა, პერიოდულად ვაკითხავდით. იმ მომენტისთვის გადავწყვიტეთ, რომ სასადილო უფრო აქტუალური იქნებოდა იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ქუჩაში დარჩა, ვისაც არ ჰქონდა არსად წასასვლელი.

გავხსენით სასადილო პანდემიის დროს, მაგრამ უკვე შემდგომ გვაჩვენა გარემოებამ, რომ პანდემიის გარეშეც ადამიანებს ძალიან უჭირთ. ეს ადამიანები გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები და მათი ღალატი წარმოუდგენელია. ძალიან ძნელი იქნებოდა დახურვა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული კრიზისი გვიდგას“, — ამბობს მიშა ჭიტაშვილი

სასადილოს კრიზისის მთავარი მიზეზი 800-ლარიანი იჯარაა, რომელსაც ემატება კომუნალურების გადასახადი, დაახლოებით 250-ლარი. ამ თანხის შეგროვებას ახლა ცდილობენ. მიუხედავად მცდელობისა, სასადილოს უკვე აქვს ერთთვიანი დავალიანება.

უფასო სასადილო ზანდუკელზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამჟამად სასადილოს 120 ბენეფიციარამდე ჰყავს, თუმცა,ეს მხოლოდ ის რიცხვია, რომელიც შარშან ვაუჩერებისთვის აღწერეს. მათ გარდა სასადილოში ნებისმიერს იღებენ, „არავის ვუშვებთ ისე, საკვების გარეშე“. ბენეფიციარებს შორის არის 17 ბავშვიც.

სასადილოში ქველმოქმედების სახით ხშირად მოაქვთ სხვადასხვა პროდუქცია, ამაზეა დამოკიდებული მენიუც.

„მაგალითად, გუშინ მოგვიტანეს ქათამი და იმის ნაცვლად, რომ სუპ-ხარჩო გაგვეკეთებინა, ჩახოხბილი გავაკეთეთ. ძირითადად ბორშჩი და მაწვნის სუპი გვაქვს. ასევე გვაქვს მეორე [კერძი], იქნება ეს წიწიბურა, სალათა თუ სხვა. სეზონსაც გააჩნია. გვაქვს ტკბილეულიც — ორცხობილა, კანფეტები და სხვა. მრავალფეროვნება გვაქვს“, — ამბობს მიშა ჭითაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში. ის ორგანიზაცია „დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარეა. ამავე ორგანიზაციის თაოსნობითაა შექმნილი სასადილოც.

„აქ ოჯახური გარემო გვაქვს, აღვნიშნავთ დაბადების დღეებს, ზეიმებს და სხვადასხვა თარიღს. აქ არ არის ის გარემო, რომ აი, მოვიდა ბენეფიციარი, ცივად მივეცით საჭმელი — არ ხდება მსგავსი რამ. მაგალითად, იმ დღეს ვახველებდი, გავცივდი და ბენეფიციარი გავიდა და ვაუჩერით გამომიტანა წამალი. ასეთი ურთიერთობებივით ჩამომიყალიბდა“, — ამბობს მიშა ჭითაშვილი.

სასადილოში მოტანილი ტანსაცმელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ბენეფიციარებისთვის სასადილოში ასევე მოაქვთ ტანსაცმელი. ზამთრის დადგომასთან ერთად, ეს საჭიროებაც განსაკუთრებით გამოიკვეთა.

„ბევრჯერ დავმსხდარვართ და გვიფიქრია, ლუკმა-პურის მიწოდების გარდა, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, რათა ამ ადამიანებს დამატებითი სულიერი საზრდოც მივცეთ. იჯარის პრობლემები თუ მოვაგვარეთ და გადავიხადეთ, შემდეგ გვინდა, რომ თეატრის ან კონცერტის ბილეთები მოვიძიოთ, რათა ბენეფიციარები გავუშვათ. ემოციური ფონი არის ძალიან მძიმე“, — აცხადებს სოფო ფრანგულაშვილი. ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ისიც, რომ ბენეფიციარებს შორის დაფასებული პედაგოგებიც არიან —  „ქვეყნის სირცხვილია“.

მისივე თქმით, სასადილოში სიტუაცია ოჯახთან მიახლოებულია. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვებსაც ზეიმები მოუწყონ, რაც სხვადასხვა კომპანიის დახმარებით ხდება, მაგალითად, „მაკდონალდსისა“ და „ვენდის“.

სასადილო ზანდუკელზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სასადილოს დასახმარებლად შეგიძლიათ მიხვიდეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ზანდუკელი 2 („მაკდონალდსის“ გვერდით არსებული ეზო). მათი ფეისბუკ გვერდია „სოციალური სახლი“. სასადილოს ასევე აქვს ჯგუფიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი