ახალი ამბები

უფასო სასადილოები მოსარგებლეებს საკვებს სახლში გაატანენ – კალაძე

14 მარტი, 2020 • 847
უფასო სასადილოები მოსარგებლეებს საკვებს სახლში გაატანენ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, უფასო სასადილოები მოსარგებლეებს ორშაბათიდან საკვებს სახლში გაატანენ, საჭიროების შემთხვევაში კი მერია უზრუნველყოფს მოსარგებლეებისთვის საკვების სახლში მიწოდების სერვისს. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების გატარება საჭიროა, რადგან კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა:

“გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს ყოველდღიურ დეზინფექციას და სტერილიზებს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაცების მიხედვით. სასადილოს მომსახურე პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით. სასადილოს გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება, ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი”, – განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, საკვებთან ერთად ბენეფიციარები საინფორმაციო ფურცელსაც მიიღებენ, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე, ქრონიკული დაავადებების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი. გარდა ამისა, განსაკუთრებული რისკის მქონე ბენეფიციარებისთვის და მოხუცებისთვის და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს საკვების სახლში მიტანის სერვისი. საკვების სახლში მისაღებად კი აღნიშნული საჭიროებების მქონე ადამიანებს შეეძლებათ მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა და ინფორმაციის მიწოდება.

აღნიშნული სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფენ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრების მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები. კალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მერიას სერვისის განსახორციელებლად მოხალისეების დახმარება ესაჭიროება.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ უფასო სასადილოებთან რიგების რეგულირებას მერიის დატრენინგებული თანამშრომლები და მოხალისეები დაარეგულირებენ.

14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 30-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი