საზოგადოება

UK-ის პრემიერი რიში სუნაკი იქნება

24 ოქტომბერი, 2022 • 1534
UK-ის პრემიერი რიში სუნაკი იქნება

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება.

მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეთიშა პრაიმერს, 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა დარჩენილი ორი კანდიდატიდან მხოლოდ რიში სუნაკმა შეძლო.

შესაბამისად, პრაიმერს გამოეთიშა პენი მორდონტი, რაც ავტომატურად ნიშნავს სუნაკის არჩევას პარტიის ლიდერად და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრად.

ქვეყანაში ახალი პრემიერის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ძველი პრემიერი, ლიზ ტრასი დაკავებული თანამდებობიდან დაპირებული რეფორმების შეუსრულებლობის გამო გადადგა.

ვინ არის სუნაკი

წარსულში ბრიტანეთის მთავარი ხაზინადარი იყო, პარლამენტის წევრი კი 2015 წლიდან გახდა.

მისი მშობლები წარმოშობით ინდოეთიდან, პენჯაბის შტატიდან არიან, თუმცა ბრიტანეთში გადასვლამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობდნენ. თავად სუნაკი ბრიტანეთში, საუთჰემპტონში დაიბადა.

იგი იქნება ინდური წარმოშობის პირველი პრემიერ-მინისტრი.

სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს Brexit-ის კამპანიას, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანა იყო.

ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ იგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდა.

მეის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს ბორის ჯონსონსაც. მისი გაპრემიერების შემდეგ კი ქვეყნის ფინანსები მიანდეს.

რიში სუნაკი

სუნაკი პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის შემდგომ, ლიბერალური პოლიტიკის შემუშავების გამო. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ეკონომიკის გახსნას და რეგულაციების მოხსნას, რის გამოც მოსახლეობის ნაწილში პოპულარული გახდა.

კორონავირუსმა სუნაკის კარიერაზე უარყოფითი გავლენაც იქონია. იგი მონაწილეობდა ე.წ. Partygate-ის სკანდალში, რა დროსაც კონსერვატორული პარტიის წევრებმა დადგენილი რეგულაციების დროს წვეულება გამართეს, რის გამოც, საბოლოოდ, პოლიციისგან საჯარიმო ქვითრებიც მიიღეს.

სუნაკი დაკავებული თანამდებობიდან 5 ივლისს გადადგა. იგი ითვლება ლიბერტარიანელ პოლიტიკოსად, რომელიც მხარს უჭერს მცირე სახელმწიფოს მოდელს, დაბალ გადასახადებსა და ეკონომიკური რეგულაციების გაუქმებას.

რიში სუნაკი, როგორც წესი, რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მას აკრიტიკებდა როგორც საკუთარი პარტიის ნაწილი, ასევე, ოპოზიციაც. მიზეზი იყო მისი ცოლის ოჯახის კომპანია Infosys-ის მიერ რუსეთის ბაზარზე დარჩენა. კომპანია IT სფეროში საქმიანობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი