ახალი ამბები

“არ შეაჩერო შენი მომავალი” – იდრის ელბას პერფორმანსი ცივი იარაღის წინააღმდეგ

8 იანვარი, 2024 • 871
“არ შეაჩერო შენი მომავალი” – იდრის ელბას პერფორმანსი ცივი იარაღის წინააღმდეგ

“არ შეაჩერო შენი მომავალი” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ბრიტანელმა მსახიობმა და მუსიკოსმა, იდრის ელბამ ე.წ. “ზომბი” დანით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში  მან დღეს ლონდონში პერფორმანსი მოაწყო – გამოფინა იმ ადამიანების, ძირითადად კი ახალგაზრდების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ვინც სხვადასხვა დროს სწორედ ცივი იარაღით მოკლეს.

“ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებული დეპუტატებისთვის ეს ტანსაცმელი იქნება კარგი ვიზუალური დემონსტრირება იმისა, რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოაქვს დანით ჩადენილი დანაშაულებს”, – წერს BBC.

იდრის ელბას კამპანია ლონდონში, პარლამენტის მოედანზე. ფოტო: Tolga Akmen / EPA

იდრის ელბას კამპანია ეხება მაჩეტეებს და ე.წ. ზომბი დანებს. ეს არის სპეციალური ორნამენტებით გაფორმებული და დაკბილული დანა. 2016 წელს ამ დანების გაყიდვა დიდ ბრიტანეთში აიკრძალა, თუმცა, BBC-ს ცნობით, ჯერ კიდევ არსებობს “ხვრელები” რომლის წყალობითაც მათი ყიდვა ონლაინაა შესაძლებელი. იდრის ელბა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის დროულად გამოსწორებას ითხოვს. მისი შეფასებით, პოლიტიკოსები ამ საკითხს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ.

“არ შეიძლება გაჩუმება, რადგან ამ სასტიკი და უგულო დანაშაულებით ახალგაზრდები კარგავენ სიცოცხლეს”, – ამბობს იდრის ელბა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დააანონსა ამ ხარვეზის გამოსწორება. მან თქვა, რომ პოლიციას უნდა მიენიჭოს დამატებითი უფლებამოსილება და კონკრეტულ შემთხვევებში, კანონის ფართო ინტერპრეტაციით შეძლონ ამგვარი დანების ამოღება. თუმცა შესაბამისი ცვლილებები ამ დრომდე არ განხორციელებულა.

იდრის ელბას კამპანია ლონდონში, პარლამენტის მოედანზე. ფოტო: Tolga Akmen / EPA

იდრის ელბას კამპანია ლონდონში, პარლამენტის მოედანზე. ფოტო: Tolga Akmen / EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი