ახალი ამბები

ურყევია UK-ის მხარდაჭერა უკრაინისდმი, ისევე როგორც საქართველოსადმი – სუნაკი ღარიბაშვილს

24 ნოემბერი, 2022 •
ურყევია UK-ის მხარდაჭერა უკრაინისდმი, ისევე როგორც საქართველოსადმი – სუნაკი ღარიბაშვილს

საქართველოს მთავრობა ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის წერილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბიშვილისადმი.

სუნაკის წერილი არის პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერს 26 ოქტომბერს გაუგზავნა. სუნაკი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერს მისალოცი წერილისთვის და დედოფალ ელისაბედ II გარდაცვალების გამო თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში თანაგრძნობის გამოხატვისთვის.

„ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს“, — ნათქვამია რიში სუნაკის წერილში.

რიში სუნაკი აღნიშნავს, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც მოიცავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში.

„ასევე, მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა უკრაინისადმი, ისევე როგორც საქართველოსადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, — ნათქვამია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი