საზოგადოება

თვლის თუ არა კობახიძე პუტინის რეჟიმს ტერორისტულად – დეპუტატის პასუხი

18 ოქტომბერი, 2022 •
თვლის თუ არა კობახიძე პუტინის რეჟიმს ტერორისტულად – დეპუტატის პასუხი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებაზე თავის მოსაზრებას ვერ დააფიქსირებს, რადგან რიგითი მოქალაქე არაა. ამის შესახებ მან დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, იზიარებს თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის სულისკვეთებას, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ტერორისტულად იქნას აღიარებული და ხომ არ აპირებს საქართველოს პარლამენტი მსგავსი შინაარსის რეზოლუციის ინიცირებას.

კობახიძის თქმით,  საერთაშორისო თანამეგობრობას ამ საკითხზე საკუთარი მყარი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დაელოდება.

„ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან ამ საკითხის ინიცირება არ იქნება სწორი. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ზოგადად იზიარებს თუ არა ამ სულისკვეთებას, კობახიძე პასუხობს:

„ჩვენ სულისკვეთებაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე. მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს. მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით, მე ვერ ვისაუბრებ ჩემს სულისკვეთებაზე. როცა სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში“, – განაცხადა კობახიძემ.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად არის აღიარებული.

რეზოლუციას, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი 99-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს დელეგაციიდან მხარი მხოლოდ ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუჭირა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“,  რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან არ ეთანხმებიან ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.

თუმცა, როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებდა,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას იზიარებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი