საზოგადოება

ბურჯანაძე, აბაშიძე, ჯანეზაშვილი – NGO-ებმა ომბუდსმენობის კანდიდატების დაასახელეს

27 სექტემბერი, 2022 • 1332
ბურჯანაძე, აბაშიძე, ჯანეზაშვილი – NGO-ებმა ომბუდსმენობის კანდიდატების დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე სამი კანდიდატი დაასახელეს.

მესამე სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან:

  • გიორგი ბურჯანაძე – სახალხო დამცველის მოადგილე
  • ანა აბაშიძე – ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • ნაზი ჯანეზაშვილი – ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი.

ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესში 50-მდე არსამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. როგორც კანდიდატების დასახელებისას ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, არასამთავრობოებს კანდიდატების შესარჩევად არცთუ ისე მარტივი კრიტერიუმები ჰქონდათ.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ დაიწყეს კანდიდატების ნომინირება, შემდეგ კი კენჭისყრით სამი კანდიდატი შეარჩიეს.

„ჩვენ მთელი აგვისტოსა და სექტმებრის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ მოგვეძებნა ომბუდსმენობის კანდიდატები. ჩვენ შევიმუშავეთ საკმაოდ სერიოზული კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც არცთუ ისე მარტივია.

გარდა იმისა, რომ ის უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი, მაღალი ეთიკის მქონე, ადამიანის უფლებათა სფეროში გამოცდილებით და განათლებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვითი საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება, ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული, არც ამჟამად და არც ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა, ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის პოსტის დაკავება სურთ: „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას, ადვოკატებს – ალექსანდრე კობაიძესა და მარიკა არევაძეს.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

ევროკავშირის მოთხოვნაა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

თუმცა, მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სწორედ ნინო ლომჯარიას მაგალითზე ამბობდა, რომ ოპოზიციისთვის „არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლებოდა“.

შესაბამისად, „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ დგას.

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი