საზოგადოება

ისტორიული ქარვასლის ახალი იერსახე სახელმწიფოს ნებართვით [ფოტო]

15 სექტემბერი, 2022 • 2902
ისტორიული ქარვასლის ახალი იერსახე სახელმწიფოს ნებართვით [ფოტო]

ძველ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ ქარვასლას მოიჯარემ მერიის ნებართვით იერსახე შეუცვალა.

შენობას, რომელსაც 2005 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ფლობს, იჯარით შპს „ქარვასლა“ 2020 წლიდან განკარგავს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ისტორიულ შენობაში სასტუმროს მოწყობა იგეგმება. საუბარი არა  თბილისის ისტორიის მუზეუმზე.

ისტორიული ქარვასლა კოტე აფხაზის ქუჩაზე 15.09.22 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ისტორიული ქარვასლის უკანა ფასადი კოტე აფხაზის ქუჩაზე 15.09.22 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სწორედ ამ კომპანიის მოიჯარეობის პერიოდში, 2020 წლის დეკემბერში, შეთანხმდა მერიაში რეაბილიტაციის პროექტის ესკიზი, რომლის მიხედვით, იგეგმებოდა გუმბათის დადგმა შენობის თავზე. საკამათო დაშენება კი, რომელიც ისტორიული შენობის თავზე 2000-იანი წლებიდან გაჩნდა, შენარჩუნებული იყო.

პირველადი ესკიზით, დაშენება შენობის უკანა მხარეს ნარჩუნდებოდა, წინა ფასადიდან კი დახრის გამო ნაკლებად შესამჩნევი იყო.

პირველადი ესკიზი, რომელშიც ცვლილებები შევიდა

მიუხედავად ამისა, მერიის არქიტექტურის სამსახურში შეტანილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კომპანიამ უწყებას 2021 წლის სექტემბერში განახლებული ესკიზი წარუდგინა, რომელზეც დაშენება ქარვასლის წინა ფასადზეც ამაღლებული და თვალსაჩინოა.

განახლებული ესკიზი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა და დადებითი რეკომენდაცია გასცა. მერიის არქიტექტურის სამსახურის ბაზაში ატვირთეული დოკუმენდაციიდან ირკვევა, რომ დადებითი რეკომენდაცია ესკიზზე კომისიის 5 წევრიდან 4-მა გასცა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

საბოლოოდ, კოტე აფხაზის 36-ში მდებარე ძეგლზე საბჭომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა, მერიამ კი ესკიზის ცვლილებაზე თანხმობა განაცხადა.

ისტორიული ქარვასლის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული ცვლილების ესკიზი

„ნეტგაზეთი“ შეეცადა შპს „ქარვასლის“ წარმომადგენელთან დაკავშირებას, რომლის მონაცემებიც მერიის არქიტექტურის სამსახურში გაკეთებულ განაცხადზე იყო დართული, თუმცა ლევან ლორიამ არც ჩვენს ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უპასუხა. ჯერჯერობით კომენტარი ვერც მერიისგან მივიღეთ.

„თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კოტე აფზახის 36 ნომერში მდებარე ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი წლებია არსებობს, ასევე წლებია როგორც ფაქტი არსებობს შენობაზე დაშენება. საბჭოს კი არცერთ ეტაპზე ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი ლესელიძის ქუჩისთვის, რომლის დიდი ნაწილიც უკვე სახეცვლილია, აღნიშნულ შენობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მასზე განხორციელებული ცვლილებები კი ისტორიული შენობის სტატუსს აკნინებს და არ ემსახურება ძეგლის ინტერესებს.

დაშენება კოტე-აფხაზის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ქარვასლის შენობაზე 15.09.22 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

„არ არსებობს ერთი არგუმენტი მაინც, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეიძლება დადებითად შევაფასოთ ასეთი ტიპის ნაგებობაზე ამხელა მოცულობის გაჩენა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ შენობაში, რომელსაც სახე სრულიად ჰქონდა შენარჩუნებული ინტერიერის თვალსაზრისით, ყველა დეტალი დაკარგულია — კედლის ნალესებიდან დაწყებული იმ რამდენიმესართულიანი კიბით დასრულებული, რომელიც ასეთი ტიპის ქარვასლებისთვის იყო დამახასიათებელი.

შენობას მხოლოდ გარეგნული ფორმა ჰქონდა დარჩენილი, რასაც მისი აგურის ფაქტურა აკეთებდა. რა თქმა უნდა, ახლაც ძეგლის სტატუსს იმსახურებს ეს შენობა, მაგრამ ამ დაშენებით ეს სტატუსიც დაკნინდა, დაეცა მისი ფასეულობა, არქიტექტურული ღირებულება“, – ამბობს ცირა ელისაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

შენობის საარქივო ფოტო

ცირა ელისაშვილი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დაშენებაზე ნებართვის გაცემა ან საბჭოს წევრების არაკომპეტენტურობას ადასტურებს, ან საქმე რაღაც ტიპის გარიგებასთან გვაქვს. მისი თქმით, როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიმღები პირები საკუთარ მნიშვნელობას ვერ აცნობიერებენ.

ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავს, რომ თუ არაისტორიულ გარემოში ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ ბინაზე თუნდაც რკინის გისოსის გაკეთებას გადაწყვეტს, ამაზე შესაბამისი ნებართვა სჭირდება, რაც ცალსახად ცუდი მოვლენა არ არის, თუმცა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მერიას პრიორიტეტები არასწორად აქვს განსაზრული:

„როდესაც ასეთ, შეიძლება, გადამეტებულ მოთხოვნებს ვუყენებთ ჩვეულებრივ ადამიანს არაისტორიულ გარემოში და პარალელურად გავცემთ ნებართვას ასეთი ტიპის დაშენებაზე, ეს ნიშნავს, რომ ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, ან რაღაცა ტიპის გარიგებასთან, ან ერთიც და მეორეც“, – ამბობს ელისაშვილი.

კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ქარვასლის შენობის ისტორიას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი