საზოგადოება

როგორ არ შეიმჩნია წულუკიანის სამინისტრომ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა

13 სექტემბერი, 2022 • 4990
როგორ არ შეიმჩნია წულუკიანის სამინისტრომ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა

დმანისის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი, 1.8 მილიონი წლის წინანდელი კბილის შესახებ, რომელიც პრეისტორიულ ადამიანს ეკუთვნის, საზოგადოებამ გასულ კვირას შეიტყო. ამბავს ფართოდ გამოეხმაურნენ როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. თუმცა მინისტრი თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტრო მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენას ამ დრომდე არ იმჩნევენ.

სოფელ ქვემო ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე პრეისტორიული ადამიანის, ჰომო ერექტუსის კბილის აღმოჩენის შესახებ საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა 8 სექტემბერს განაცხადა.

ეს მოხდა მცირე მანძილის დაშორებით ქალაქ დმანისიდან: იმ ადგილიდან, სადაც 1990-იან და 2000-იან წლებში მეცნიერებმა ასევე 1.8 მილიონი წლით დათარიღებული ადამიანის თავის ქალები (ზეზვა და მზია) იპოვეს — უძველესი, რაც კი აღმოუჩენიათ აფრიკის კონტინენტს მიღმა.

ექსპედიციის მონაწილეები კბილის აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამდნენ, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქალაქ დმანისის გარეთ, სხვა ტერიტორიაზე აღმოჩნდა იმავე პერიოდის(1.8 მლნ. წ.) ნამარხი. ეს, თავის მხრივ, მეტ ინფორმაციას იძლევა ჰომო ერექტუსის პოპულაციაზე ხსენებულ არეალში.

ქვემო ოროზმანში აღმოჩენილი კბილი. ფოტოები: ნიკოლოზ წიქარიძე/გიორგი ბიძინაშვილი 

“უახლესი აღმოჩენა [დმანისიდან] 20 კმ-ით დაშორებულ ადგილზე კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ მთიანი სამხრეთ კავკასიის ტერიტორია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც ადრეული ადამიანები დასახლდნენ აფრიკიდან მიგრაციის შემდეგ”, — წერს ექსპერტებზე დაყრდნობით ბრიტანული სააგენტო Reuters.

Reuters-ის გარდა, ამბავი გააშუქეს The Guardian-მა, ასევე, გერმანულმა DW-მ, ამერიკულმა USA Today-მ და სხვა ქვეყნებში მოქმედმა მედიასაშუალებებმა.

რა გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულს საქართველოში? მედიამ უახლესი აღმოჩენა ფართოდ გააშუქა და, როგორც ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი გვეუბნება, მილოცვა მიიღეს მრავალი მეგობრისგან თუ კოლეგისგან, ასევე, ეროვნული მუზეუმის დირექტორისგან, დავით ლორთქიფანიძისგან, რომელიც ადგილზეც იმყოფებოდა.

აღმოჩენის შესახებ ცნობა გამოაქვეყნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამაც, რომელმაც პროცესში თავის ჩართულობასა და მისდამი მხარდაჭერაზე ისაუბრა. გათხრების ადგილას ქალაქის მერიც იყო მისული.

თუმცა ამ ფაქტს საჯაროდ არ გამოხმაურებია კულტურის სამინისტრო — უწყება, რომლის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის პერიოდში, 2022 წელს, ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს ხსენებული ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.

ბიძინაშვილი გვეუბნება, რომ კულტურის სამინისტროს თანამშრომელი ადგილზე ჩასული იყო, თუმცა უწყებას ექსპედიციის წარმომადგენელთათვის აღმოჩენა არ მიულოცავს.

არქეოლოგიური გათხრები ქვემო ოროზმანში. ფოტო: საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი

კულტურის სამინისტრო თავის ფეისბუკ გვერდზე არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ ცნობებს აქვეყნებს ხოლმე. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, 2021 წელს თეა წულუკიანი თავადაც ესტუმრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრების ადგილს, რომლებიც, სამინისტროს თანახმად, მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იქ ძველი ნივთები აღმოაჩინა.

სამინისტროს გვერდზე მოიძებნება ინფორმაცია სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ სამარხზეც, რომელიც ასევე მოინახულა წულუკიანმა. 2021 წლის ოქტომბერში კი უწყებამ საზოგადოებას აცნობა, რომ “წარმატებით განხორციელდა” სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი “ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიცია ახალგაზრდებთან ერთად”.

პრეისტორიული ადამიანის კბილის აღმოჩენის ამბავზე, რომელზეც საერთაშორისო გამოცემები საუბრობენ, სამინისტროს პოსტი არ მიუძღვნია. “ნეტგაზეთმა” უწყების პრესსამსახურს ჰკითხა, რაიმე ფორმით თუ გამოეხმაურნენ არქეოლოგიური აღმოჩენას და თუ არა, რატომ; ასევე, სამომავლოდ ხომ არ აპირებენ რაიმეს. სამუშაო დღე ისე დასრულდა, ტრადიციულად, პასუხი არ მიგვიღია. მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, აღნიშნული სამინისტრო მედიისთვის, პრაქტიკულად, დაიხურა. უკიდურესი გამონაკლისების გარდა, პრესსამსახურში სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.

“ვინც არ მოგვილოცა, ჩათვალა, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება ქვეყანაში… მაგათ რომ მოგვილოცონ, იმისთვის არ ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ ქვეყნისთვის რაღაც გავაკეთოთ. ეგ არის ჩვენი დანიშნულება და არა პოლიტიკოსების მოლოცვები”, — გვეუბნება გიორგი ბიძინაშვილი.

კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება სხვაგვარი უნდა ყოფილიყო, ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი პასუხობს:

“ალბათ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ეს ახლა არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სამეცნიერო აღმოჩენა გაკეთდა, მსოფლიომ გაიგო და თუ ვიღაცები ამ მატარებელზე არ ამოხტებიან, ეს უკვე მათი პრობლემაა…”

გიორგი ბიძინაშვილი ქვემო ოროზმანში არქეოლოგიური აღმოჩენის წარდგენისას. ფოტო: პირადი ფეისბუკი

ამავე ექსპედიციის სამეცნიერო ჯგუფის წევრი ნიკოლოზ წიქარიძე, რომელიც წულუკიანის მინისტრობისას ასევე გაათავისუფლეს მუზეუმიდან, აღნიშნავს, რომ სამინისტროს მხრიდან ახალ აღმოჩენაზე გამოხმაურება უწყების მიერ შეცდომის აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

“არ ყოფილა [გამოხმაურება], რადგან გამოვა, რომ შეეშალათ, როცა [სამსახურიდან] გაგვიშვეს. შესაბამისად, არ ყოფილა არაფერი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ აღმოჩენით თავადაც მიხვდებიან, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს ჩვენი გაშვებით”, — დასძენს წიქარიძე.

ნიკოლოზ წიქარიძე ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე, რომლებიც მეცნიერებს ამჟამად აწუხებთ სახელმწიფოს პოლიტიკის გამო. მათ შორისაა ექსპედიციების ნებართვების დაყოვნება. ამასთან, წიქარიძე აღნიშნავს, რომ წულუკიანის მინისტრობისას მუზეუმიდან დათხოვნილ მეცნიერების მუზეუმში შესვლის ნებართვაც აღარ აქვთ.

“ჩვენ არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ ხელი არ შეგვიშალონ”, — დასძენს ის.

ნიკოლოზ წიქარიძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი 

თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს – მათ შორის არიან სხვადასხვა სფეროს საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები. სამინისტროში გათავისუფლებებს „რეორგანიზაციას“ უკავშირებენ, თავად გათავისუფლებულები კი ამბობენ, რომ ისინი დასაჯეს განსხვავებული აზრის გამო.

გათავისუფლებულთა ნაწილმა სასამართლო დავა დაიწყო. მათ ასევე დააფუძნეს “საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფკავშირი.

“ჩვენი პროფკავშირის რამდენიმე წევრმა უკვე მოიგო სასამართლო და ჩვენს შემთხვევაშიც იმავეს ველოდებით”, — აღნიშნავს წიქარიძე, რომელიც პროფკავშირს ხელმძღვანელობს.

გიორგი ბიძინაშვილს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო, ადრე თუ გვიან, გვერდში დაუდგება ექსპედიციას, რომელიც კვლავაც აგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, პროცესს მხარში უდგანან მუნიციპალიტეტი და კერძო სპონსორები, თუმცა პროექტმა სახელმწიფოსგან დაფინანსება ვერ მიიღო.

2021 წელს, კულტურის სამინისტროს კონკურსის “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად” გამოვლენილ გამარჯვებულთა შორის არ ყოფილა “ოროზმანის ახალგაზრდული არქეოლოგიური ბანაკი”. გიორგი ბიძინაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით გულისწყვეტა სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე გამოხატა, რასაც უწყებამ მოკლე კომენტარით უპასუხა:

“კონკურსში ძალიან საინტერესო 9 პროექტი  მონაწილეობდა და მათი შერჩევა კომპეტენტური კომისიის მიერ ქულათა სისტემით მოხდა. გისურვებთ წარმატებას თქვენს მნიშვნელოვან წამოწყებაში”.

ასევე გირჩევთ:

მეცნიერებისა და კულტურის მოთვინიერება წულუკიანის მეთოდით

მასალების გადაბეჭდვის წესი