საზოგადოება

ენმ-ს პერიოდი და ბიძინა ივანიშვილი USAID-ის „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელოში“

8 სექტემბერი, 2022 • 1716
ენმ-ს პერიოდი და ბიძინა ივანიშვილი USAID-ის „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელოში“

USAID-ის ახალ დოკუმენტში, რომელიც „დეკლეპტოკრატიზაციას“ ეხება, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლების კარგ მაგალითადაა დასახელებული, 2012 წლის შემდგომ პერიოდზე კი ნათქვამია, რომ „უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო ხელში ჩაიგდო“.

„ნეტგაზეთის“ ამ სტატიიდან გაიგებთ, რა წერია ვრცელ დოკუმენტში უშუალოდ საქართველოზე, რა კონტექსტში, და რა დოკუმენტზეა საუბარი.

კლეპტოკრატია, USAID-ი და ახალი დოკუმენტი

კლეპტოკრატიად მოიხსენიებენ მთავრობის ისეთ მოწყობას, როდესაც კორუმპირებული ლიდერები პოლიტიკურ ძალაუფლებას საჯარო რესურსებისა და სიმდიდრის მითვისების მიზნით იყენებენ.

USAID-ი, ანუ „შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ არის ამერიკის ფედერალური სამთავრობო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო დახმარებასა და განვითარებაში ხელშეწყობაზე. იგი მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აფინანსებს სამოქალაქო ინიციატივებსა და არაერთ პროექტს.

2022 წლის 7 სექტემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის სრული სახელია „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელო – შესაძლებლობის ფანჯრების გამოყენება კლეპტოკრატიის დასანგრევად“.

პუბლიკაცია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში USAID-ის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი რესურსია, მოამზადა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა ორგანიზაციის მისიებისგან  30 ქვეყანაში. ამ გუნდს ანტი-კორუფციული სააგენტოს წარმომადგენელი, ჯოშ რუდოლფი ხელმძღვანელობდა.

ავტორების თანახმად, სახელმძღვანელო განკუთვნილია იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ქვეყნებში, რომლებიც „გახლართულები არიან მწვავე კორუფციაში“ და რომელთა „მამაცი მოქალაქეებიც აღებენ შესაძლებლობის ფანჯრებს რეფორმებისათვის“.

ენმ-ს დროინდელი რეფორმები

80-გვერდიან დოკუმენტში USAID-ს არაერთი მაგალითი მოჰყავს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, როდესაც მთავრობებმა გამოიყენეს შესაძლებლობების ფანჯარა რეფორმისთვის, და გამოსცემს რეკომენდაციებს, როგორ უნდა მიუდგნენ სამუშაოს თანამშრომლები, როცა ეს შესაძლებლობის ფანჯარა ჩნდება, ღიაა და იხურება.

მაგალითად, 2004-12 წლებში საქართველომ დაიწყო საჯარო სექტორის ფართო რეფორმა, – შეიმუშავა ახალი საგადასახადო კანონმდებლობა, გააუმჯობესა საჯარო სერვისები, შეამცირა მთავრობის ზომა, მოახდინა პოლიციის რეფორმირება და ა.შ., ამ ყველაფერმა ერთად კი მოიტანა „ქრთამის აღების შემთხვევების 80%-იანი შემცირება“.

მოგვიანებით დოკუმენტში წერია, რომ უკრაინამ თავისი მოქალაქეობა მიანიჭა იმ ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებმაც „წარმატებით მოახდინეს პოლიციის რეფორმირება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ; „კიევმა გააძლიერა ქართველები, რათა მსგავსად განეახლებინათ უკრაინის პოლიციის სისტემა“.

თუმცა ავტორები ასევე წერენ, რომ წარმატება ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ [„დეკლეპტოკრატიზაციის“] მიზნები საბოლოოდ მიღწეულია და ყოველთვის არის რისკი, პროცესები შებრუნდეს. სწორედ ამის მაგალითად არის ნახსენები 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

„ქართული ოცნების“ პერიოდი

ავტორები წერენ, რომ საჭიროა, პოლიტიკური ანალიზი გამუდმებით ხდებოდეს, რათა ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები შეუმჩნეველი არ დარჩეს; იქვე წერია, რომ „შესაძლებლობის ფანჯრის გახსნამდე“ პოლიტიკური ანალიზი მიმართული უნდა იყოს კლეპტოკრატიული ქსელების შემოსავლების ნაკადების გამოვლენაზე, აჩვენოს, როგორ იყენებენ კორუმპირებული ჩინოვნიკები სახელმწიფო რესურსებს, მათ შორის საარჩევნო პერიოდში, და ა.შ..

„შესაძლებლობის ფანჯრის გახსნის“ შემდეგ ანალიზი, ავტორების თანახმად, ფოკუსირებული უნდა იყოს სხვადასხვა სექტორში სტრატეგიებსა და რეფორმებზე, – ამასთან, მონიტორინგზე, ხოლო ფანჯრების დახურვის შემდეგ კი პოლიტიკური ანალიზის შედეგად შეიძლება გამოჩნდეს, რატომ და როგორ იბრუნებენ რეფორმების მოწინააღმდეგე ელემენტები ძალაუფლებას.

ამ უკანასკნელი მიდგომის სადემონსტრაციოდ USAID-ის დოკუმენტში ავტორებს მოყვანილი აქვთ სუდანში კორუფციისა და ოქროთი უკანონოდ ვაჭრობის სქემა, რაც მათმა პარტნიორმა ორგანიზაციამ გამოააშკარავა, შემდეგ კი წერია:

„კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ აანალიზებს USAID-ის პარტნიორი შესაძლებლობების ფანჯრის დახურვას, არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობა. იმის ფონზე, რომ ბოლო ათწლეულში ნათლად გამოჩნდა, უმდიდრესმა ოლიგარქმა საქართველოში მიიტაცა სახელმწიფო, მათი [TI-ს] კვლევა ფოკუსირებული იყო კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობაზე, საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთზე, და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნეს-საქმიანობაზე რუსეთში“.

დოკუმენტის თანახმადვე, „შესაძლებლობების ფანჯრის“ დახურვის შემდეგ პოლიტიკური ანალიზი უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატების მთავრობას, დაიცვას რეფორმების მიღწევები და პასუხისმგებლობა დააკისროს რეჟიმს; „ასეთ ხელსაწყოებს შორის შეიძლება იყოს მზარდი კორუმპირებული მთავრობის დახმარების შემცირება, უფრო ძლიერი სახალხო დიპლომატია, და სანქციები მაღალი დონის კორუმპირებული თანამდებობის პირებისთვის“.

პარტიების შეფასებები

„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ამ ანგარიშს „ანგაჟირებული უწოდა“.

„მე არ ვიცი, ეს რა ჯგუფია, რა სამუშაო ჯგუფია, გინდა USAID-ის იყოს და გინდა მარსის. ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება. აბსოლუტურად ტყუილსა და ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული განცხადება“, – განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კი განაცხადა, რომ დოკუმენტში ნახსენები ტერმინოლოგია „დიაგნოზია“ და დასძინა:

„ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდეგ მოდის უკვე კონკრეტული სახელები, გვარები და სანქციების სია, ამიტომ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, – თქვა მან.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა რომ სანქცირება და დეტალები დროის საკითხია:

„ეს თემა უკვე არის დღის წესრიგში. კონკრეტულად როდის და რა ფორმით, და პირთა რომელი წრის მიმართ იქნება გამოყენებული სანქციები, ეს უბრალოდ დროის საკითხია“

მასალების გადაბეჭდვის წესი