საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ქართულ მხარესთან ვაჭრობის დაშვებას განიხილავს

5 სექტემბერი, 2022 • 1521
აფხაზური მხარე ქართულ მხარესთან ვაჭრობის დაშვებას განიხილავს

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


იმ ფონზე, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აკრძალულია ტვირთბრუნვა. ქართულ მხარესთან ვაჭრობის დაშვებაზე, აფხაზური მხარე თურქეთსა და რუსეთს შორის ტრანზიტის გახსნის პერსპექტივის კონტექსტში ალაპარაკდა.

ამჟამად ტრანზიტის საკითხი აფხაზეთის პრეზიდენტისა და მთავრობის დონეზე განიხლება. განხილვის მთავარი თემაა 2007 წელს მდინარე ენგურზე ტვირთების გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნა.

ამ მიზნით აფხაზეთში შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ტვირთის შესაძლო ტრანზიტზე წინადადება უნდა მოამზადოს.

სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ ივნისში შექმნა, თუმცა პირველი სხდომა მხოლოდ წინა კვირას ჩატარდა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის წარმომადგენლები, აფხაზეთის რკინიგზის, აეროპორტის და საზღვაო სამსახურის ხელმძღვანელობა. ასევე, მოწვეული ექსპერტები, საზოგადოებისთვის ცნობილი მოქალაქეები ინალ ხაშიგი და ასტამურ ტანია.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამუშაო ჯგუფის პირველადი მიზანია პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე სიტუაციის განხილვა.

აფხაზ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ასტამურ ტანიამ თქვა, რომ ჯერჯერობით განიხილება მხოლოდ პერსპექტივები, მოდელი და აფხაზური მხარის ხედვა იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს სატრანზიტო გზამ თურქეთიდან, საქართველოს და აფხაზეთის გავლით რუსეთში და პირიქით.

“მსოფლიო იცვლება და ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ცვალებად გარემოებებში მაქსიმალურად შევძლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა და პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღება”, – ამბობს ასტამურ ტანია.

საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ალიას ლაბახუა კი აცხადებს, რომ ახლა აფხაზეთისთვის მთავარი ამოცანაა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი პარალელური იმპორტისგან რუსეთში, რომელიც რუსეთში ლეგალიზებული გახდა დასავლეთის ქვეყნების სანქციების შემდეგ.

როგორც ლაბახუა ამბობს, აფხაზეთში თურქეთიდან უკვე მრავალი ტვირთი იყო შემოსული, რომელიც სახმელეთო გზით რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა. ტვირთის გაფორმებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. რამდენადაც 2012 წლიდან აფხაზეთიდან ტრანზიტი კანონმდებლობით არის რეგლამენტირებული.

თუმცა, მისივე განმარტებით, უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ტვირთის მოძრაობა უფრო ინტენსიური გახდა. აფხაზეთის პორტებს კი დიდი მოცულობის ტვირთის მიღება არ შეუძლია. შესაბამისად, თურქმა ბიზნესმენებმა, როგორც ის აცხადებს, რუსეთისთვის ტვირთის მიწოდების მიზნით, საქართველოს პორტების გამოყენების შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს.

დღეს თურქული ტვირთი რუსეთში ზემო ლარსის გამშვები პუნქტით გადის, რის გამოც ის გადატვირთულია. აფხაზური მიმართულება კი სასარგებლო ალტერნატივა იქნებოდა, თუმცა 2007 წლიდან აფხაზეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა აკრძალულია.

აფხაზეთში, დოკუმენტში ტვირთბრუნვაზე უკვე არსებობს შესაბამისი ცვლილება. 2015 წელს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განკარგულებით ენგურის გავლით თხილის გატანა დაიშვა. ეს ერთადერთი პროდუქციაა, რომელიც დღეს ენგურის გამშვებ პუნქტზე საბაჟო გაფორმებას ექვემდებარება.

როგორც ალიას ლაბახუა ჰყვება, ამჟამად საბაჟო კომიტეტს მიმართა მსხვილმა კომპანიამ, რომელიც გეგმვს საქართველოდან საკუთარი ტვირთი რუსეთში გადაიტანოს და ითხოვს ნებართვას აფხაზეთიდან.

როგორც აფხაზ ჟურნალისტებს ლაბახუამ უთხრა, ტვირთის ღირებულება 4.5 მილიონი აშშ დოლარია. ტრანზიტის ღირებულება კი 0.1%. ანუ 270 000 ათასი რუბლი [5 ათას აშშ დოლარამდე]. მებაჟეები მომხრე არიან რომ ტვირთმა აფხაზეთის ტერიტორია გაიაროს. თუმცა იქამდე, სანამ არსებობს ოფიციალური აკრძალვა, ჩანაფიქრის განხორციელებას ბიზნესმენები ვერ შეძლებენ.

ტრანზიტის დაშვების მომხრე არიან სამუშაო ჯგუფის მონაწილე დეპუტატებიც.

როგორც ადგურ ხარაზია ჰყვება, კომისიის შეხვედრაზე განიხილებოდა ტრანზიტის ყველა შესაძლო ვარიანტი. მისი თქმით, ყველაზე მომგებიანი იქნებოდა ტრანზიტი სოხუმის პორტის გამოყენებით, თუმცა სოხუმი მძიმე ტვირთის გემებს ვერ მიიღებს. ამისთვის ღრმაწყლოვანი პორტია საჭირო. რკინიგზა კი სერიოზულ რეკონსტრუქციას საჭიროებს – გალში მოშლილია ლიანდაგი. შესაბამისად, ყველაზე მომგებიანი ალტერნატივაა ენგურის პუნქტი და საავტომობილო გზით ტვირთის რუსეთში გადატანა.

“თუმცა, დღისით ეს საავტომობილო გზა დატვირთულია. თუ ტრანზიტი ამოქმედდება, ტვირთის გადატანა მხოლოდ ღამის საათებში იქნება შესაძლებელი”, – ამბობს ადგურ ხარაზია.

“ენგურის გამშვები პუნქტის ტექნიკური გახსნა ტვირთისთვის მარტივი პროცესია”, – ამბობს ალიას ლაბახუა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, არსებულ გამშვებ პუნქტს საჭიროა დაემატოს სატვირთო ტრანსპორტის შემოწმების პუნქტი.

როგორც ლაბახუა ამბობს, აკრძალვის მოხსნა ტვირთბრუნვაზე, ჯერ უშუალოდ აფხაზ და ქართველ მეწარმეებს შორის ვაჭრობას დააჩქარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ტრანზიტზე.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ქართულ მხარესთან ვაჭრობა აქამდეც მიმდინარეობს, თუმცა ტვირთი კონტრაბადის გზით ხვდება აფხაზეთში.

“სხვადასხვა კონტრბანდა შემოდის ენგურით ჩვენს ბაზარზე და, ამასთან სახელმწიფო რაიმე დივიდენდს არ იღებს, – მხოლოდ ეკონომიკის ჩრდილოვანი ბაზრის პრობლემებს”. – ამბობს ინალ ხაშიგი, სამუშაო ჯგუფის წევრი. ამიტომაც სამუშაო ჯგუფის წევრებმა რეკომენდაცია გასცეს, ენგურის გამშვები პუნქტზე შეზღუდვები მოიხსნას.

საქართველოსთან ნებისმიერი კავშირი აფხაზურ საზოგადოებაში მტკივნეულად აღიქმება. ნებისმიერი მცდელობა გარკვეული კონტაქტისა, რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს ეს, პოზიციების დათმობად და “სამშობლოს გაყიდვად” ფასდება.

დეპუტატი ადგურ ხარაზია ამბობს, რომ ტრანზიტის დაშვების შემთხვევაში, არავინ გეგმავს “აღმოსავლეთ მეზობლებთაც დაძმობილებას”, თუმცა, მისი აზრით, უკვე არსებული ურთიერთობების ლეგალიზება ნამდვილად საჭიროა.

კომისიის წევრის, ჟურნალისტ ინალ ხაშიგის აზრით კი, თუ აფხაზეთი საკუთარ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს, პოლიტიკაც შესაბამისი უნდა აწარმოოს – მოიძიოს სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, გაწვდილი ხელით არ იაროს და ტერიტორიების გასხვისების საკითხების არ განიხილოს.

თუმცა, სამუშაო კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად და 2007 წლის დადგენილების შესაძლო გაუქმების შემთხვევაში, ტრანზიტის საკითხი მხოლოდ აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით ვერ მოგვარება – თურქეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები აფხაზეთს არ აღიარებენ და ამასთან, საქართველოს პოზიციაც უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი