საზოგადოება

არჩევნები ინტერნეტით… ფოსტით? – როგორ გავზარდოთ ემიგრანტების მონაწილეობა

1 სექტემბერი, 2022 • 797
არჩევნები ინტერნეტით… ფოსტით? – როგორ გავზარდოთ ემიგრანტების მონაწილეობა

პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, ელექტრონული საარჩევნო სისტემის დანერგვის წინადადება წარადგინა.

როგორც პარტიაში ამბობენ, ამ ეტაპზე საუბარი პრინციპის დონეზეა და კონკრეტულად რომელ სისტემას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, განხილვის საგანი გახდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათთვის პრიორიტეტული იქნება ის მოდელი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას გაუმარტივებს.

ელექტრონული სისტემების საარჩევნო პროცესში ნაწილობრივ გამოყენების გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქის 31 უბანზე ხმების ელექტრონული მთვლელის მეშვეობით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი. თუმცა, პროცესი საპილოტო რეჟიმში მიმდინარეობდა და შედეგებს იურიდიული ძალა მხოლოდ ხელით გადათვლის შემდეგ მიენიჭა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება მართლაც შეუძლია, რამდენადაც მათი მეშვეობით მარტივდება კენჭისყრის პროცედურები და შესაძლებელია ისეთი დარღვევების პრევენცია, რომელიც ადამიანური ფაქტორებითაა განპირობებული.

„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძე

კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელსაც ნინო დოლიძე გამოყოფს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის გამარტივებაა. კერძოდ, არსებობს ინტერნეტით ხმის მიცემის მოდელიც, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება უბანზე მისვლის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი პორტალის გამოყენებით შეუძლია.

სწორედ ამგვარ მოდელს ანიჭებენ უპირატესობას პარტიაში „საქართველოსთვის“. როგორც გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი ანა ბუჩუკური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, სხვადასხვა დათვლებით ქვეყნის გარეთ საქართველოს 2 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არჩევნებში და შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ.

ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ დიდია საქართველოში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვიც, რომელთა იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი ერთმანეთს არ ემთხვევა და ხმის მისაცემად თბილისიდან რეგიონებში (ან პირიქით) უწევთ წასვლა, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის მობილიზების უფრო მეტი შესაძლებლობა რესურსებიდან გამომდინარე, როგორც წესი სახელისუფლებო პარტიებს აქვთ:

„ხელისუფლება ყოველთვის უფრო მეტად ახდენს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას იმიტომ, რომ რესურსის პრობლემა არ აქვს, ოპოზიცია კი ამას ვერ ახერხებს. უფრო პრობლემურია ოპოზიციური ნაკადი მიიყვანო სხვა რეგისტრაციის მისამართზე. ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა ამასაც გადააზღვევდა,“ – ამბობს ბუჩუკური.

ემიგრანტების როლი არჩევნებში

ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა, თუმცა ხილულია მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გასულ წელს ჯამში ფულადმა გზავნილებმა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 მილიარდ ლარზე მეტია — ქვეყნის მთელი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ია.,

„ანუ რა გამოდის, ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ფაქტობრივად, ამ ქვეყანას არჩენენ, უხეშად რომ ვთქვათ, ვერ იღებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას,“ – ამბობს ბუჩუკური.

მაგალითისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უცხოეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს მხოლოდ 66 217 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. მათი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზეა, ნაწილმა კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს წარმომადგენლობაში რეგისტრაცია გაიარა. ამის ფონზე, არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.

„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ უცხოეთის უბნებზე ქართველი ამომრჩევლის დაბალი აქტივობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ძირითადად დედაქალაქებში იხსნება, ის ადამიანები კი რომლებიც უცხოეთში სამუშაოდ არიან წასულები, სამსახურის გამო საარჩევნო უბანში მისასვლელად სხვა ქალაქში გამგზავრებას ვერ ახერხებენ. ნაწილს კი ეშინია, რომ მათ მიერ ხმის მიცემა შემდგომ საქართველოში დეპორტაციასთან არ იყოს დაკავშირებული:

„მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ამომრჩეველი, რომელიც საქართველოს გარეთაა, უნდა აძლევდეს ხმას და გარანტირებული უნდა იყოს მათთვის კონსტიტუციური უფლებები. აქ როგორც ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, ასევე ინტერნეტით ხმის მიცემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ასევე სხვადასხვა მექანიზმებზე, მაგალითად, დამატებული იყოს სარჩევნო უბნები საზღვარგარეთ [სხვა ქალაქებში], ან ფოსტის მეშვეობით შეეძლოთ ხმის მიცემა. თუმცა, მთავარია კომუნიკაცია ამომრჩეველთან, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მათი დარწმუნება, რომ ხმის მიცემა არ უკავშირდება საფრთხეს,“ – ამბობს ნინო დოლიძე.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციური პარტიები ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის ზრდას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისაა, რომ ემიგრანტები ელექტორალურად ოპოზიციურად არიან განწყობილი. ამას მოწმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგებიც. კერძოდ, ქვეყნის გარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების 45,57 პროცენტი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი 29.03%. ეს იმ ფონზე როცა მთლიანად, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ 48.22% მიიღო, ენმ-მ კი – 27.18%.

„საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ბუჩუკური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, ემიგრანტებში ამგვარი განწყობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ადამიანები ემიგრაციაში როგორც წესი იმიტომ მიდიან, რომ საკუთარ ქვეყანაში თავის რეალიზებას ვერ ახდენენ. მეორე მიზეზი კი მათ ნებაზე გავლენის მოხდენის უფრო დაბალი ალბათობა შეიძლება იყოს.

არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას ოპოზიცია ხშირად მოლდოვის მაგალითს ახსენებს, სადაც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-ევროპული კურსის პოლიტიკოსმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში სანდუმ ჯამში 943 006 ხმა მიიღო, საიდანაც 243 605 ხმა (სულ მიღებული ხმების 25.8%) უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მოდიოდა.

მოლდოვის მაგალითი

თუმცა, როგორც ნინო დოლიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, დიასპორის წარმომადგენლების ასეთი მაღალი ჩართულობა მოლდოვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტექნოლოგიებით სულაც არ ყოფილა განპირობებული. კერძოდ, ერთადერთი ელექტრონული სისტემა, რომელიც მოლდოვამ ამ არჩევნებში გამოიყენა ამომრჩეველთა იდენტიფიკაციას უკავშირდებოდა და არა ხმის მიცემის ან შედეგების დათვლის პროცესს.

კერძოდ მოლდოვაში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო დაინტერესებული. შეიქმნა ამომრჩეველთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომლის მეშვეობითაც უბანზე მისული ამომრჩევლის ვინაობის გადამოწმება ელექტრონულად ხდებოდა. სისტემა ასევე შესაძლებლობას ქმნიდა, გამოევლინა ისეთი შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმის მიცემას ერთზე მეტად შეეცდებოდა – იგივე ე.წ. კარუსელი.

რაც შეეხება მოლდოვის საზღვრებს გარეთ მყოფი ამომრჩევლის აქტიურობას, დოლიძე აღნიშნავს, რომ მათთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავად კონკრეტული არჩევნების მნიშვნელობამაც:

„სხვა ელექტრონული ტექნოლოგიები მოლდოვას არ გამოუყენებია, დათვლა ჩვეულებრივად ხდებოდა, უბრალოდ მნიშვნელოვანია ის, რომ მოლდოვაში განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა დიასპორამ და საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩეველმა ზოგადად. ეს იმითაც იყო განპირობებული რომ მათთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა და ზოგადად არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარეც. ეს იყო არჩევნები მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებით. მაია სანდუ იყო პროევროპული კანდიდატი და დიასპორაში მყოფმა ამომრჩეველმა მას დაუჭირა მხარი,“ – ამბობს ნინო დოლიძე.

მაია სანდუ არჩევნებში პრორუს იგორ დოდონს უპირისპირდებოდა.

ელექტრონული ხმის მიცემის რა მოდელებია აპრობირებული

„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა სხვადასხვა ტიპის მოწყობილობის გამოყენებით ხდება. რიგ ქვეყნებში იყენებენ აპარატებს, რომელიც ხმის მიცემისთვისაა განკუთვნილი, ნაწილი კი ისეთ სისტემას იყენებს, რომლის დროსაც ამომრჩეველი კანდიდატს ფიზიკურ ბიულეტენზე ხაზავს და შემდეგ ათავსებს დამთვლელ მოწყობილობაში.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას უშუალოდ ინტერნეტით იღებენ.

ასეთი მაგალითია ესტონეთი, სადაც ინტერნეტით ხმის მიცემა 2005 წლიდანაა შესაძლებელი. ამრიგად, ესტონეთი პირველი სახელმწიფო გახდა მსოფლიოში, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხმის მიცემის შესაძლებლობას მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აძლევდა. „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ ესტონეთში ტექნოლოგიების განვითარების მაღალი დონიდან გამომდინარე, I-Voting-ს მოსახლეობის ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია.

ესტონური მოდელის მიხედვით, ინტერნეტის საშუალებით ხმის მიცემის პროცესი შემდეგნაირია: მოქალაქეები იწერენ ხმის მიცემის აპლიკაციას და სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობაში საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) განთავსებით უკავშირდებიან პროგრამას. მომხმარებლის მიერ კოდის დაფიქსირებით, მოწყობილობა ამოიცნობს პირს და წარუდგენს არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სიას. მას შემდეგ, რაც მოქალაქე აირჩევს სასურველ კანდიდატს, მეორე PIN2 კოდის შეყვანით ადასტურებს ხმის მიცემას. საბოლოო ეტაპი არის PIN კოდის შეყვანა, რომელიც ერთგვარ ციფრულ ხელმოწერას წარმოადგენს.

თავდაპირველად, დაშიფრული ხმები სპეციალური დათვლის სერვერზე იგზავნება, ხმები საარჩევნო ოლქების მიხედვით ნაწილდება და იშლება ამომრჩეველთა ციფრული ხელმოწერები. ამის შემდეგ, ხმები დაშიფვრის გასაღების მიერ დეკოდირდება და ითვლება. ინტერნეტ კენჭისყრის შედეგები არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ონლაინ ქვეყნდება.

სომხეთში კი ისევე, როგორც მოლდოვაში ამომრჩეველთა ავთენტიფიკაციის მოწყობილობებს იყენებენ. კერძოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს ხვდება მოწყობილობა, რომელიც ამომრჩეველთა სიის ელექტრონული ბაზის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (ID/პასპორტი) წამკითხავსა და თითის ანაბეჭდის სკანერს მოიცავს.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ოპერატორს აწვდის საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც მოწყობილობის საშუალებით სკანერდება. ID ან პასპორტის მონაცემების გატარების შემდეგ მოწყობილობაზე სხვადასხვა ნიშანი გამოისახება: მწვანე ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველს ამ კონკრეტულ არჩევნებზე ხმა არ მიუცია, ამასთან პირი სწორ საარჩევნო უბანზე არის მისული, ყვითელი ნიშანი აღნიშნავს იმას, რომ მოქალაქე არასწორ საარჩევნო უბანზე გამოცხადდა, ხოლო წითელი X ნიშნის გამოჩენა გულისხმობს იმას, რომ პირს კონკრეტულ არჩევნებში უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ISFED აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ამომრჩეველს ID ან პასპორტის მონაცემებისა და თითის ანაბეჭდების მეშვეობით ამოიცნობს, მაინც საჭიროა, დამკვირვებლის მიერ შემოწმდეს, ნამდვილად შეესაბამება თუ არა საარჩევნო უბანზე მისული მოქალაქის ფოტო მის მონაცემებს. მას შემდეგ, რაც დოკუმენტის ავტორიზება მოხდება, ამომრჩეველი, ამავე მოწყობილობის საშუალებით, იღებს თითის ანაბეჭდს. რეგისტრაციის შემდეგ, აპარატი ავტომატურად ბეჭდავს მცირე ზომის ფურცელს, რომელსაც ამომრჩეველი წარუდგენს რეგისტრატორს და იღებს ბიულეტენს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, ამომრჩეველს შეუძლია მისცეს ხმა და ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩაუშვას.

სომხეთში, ხმების დათვლის პროცესი ტრადიციული მეთოდით, ხელით მიმდინარეობს და მასში ტექნოლოგიებს არ იყენებენ – ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებს კონვერტში, რომლის კუთხეშიც აკრავს ჰოლოგრაფიულ სტიკერს და აგდებს მას საარჩევნო ყუთში. დათვლისათვის, საარჩევნო ყუთი იხსნება და კონვერტებიდან ამოღებული ბიულეტენები ჯამდება.

რა გამოწვევები ახლავს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემებს

მიუხედავად საარჩევნო პროცესების გამარტივებისა, ელექტრონულ ტექნოლოგიებს თან ისეთი გამოწვევებიც ახლავს, რომელიც ტრადიციული მოდელისთვის არაა დამახასიათებელი. მსოფლიოში არაერთი იმგვარი მაგალითია, როცა ქვეყნებმა წლების განმავლობაში აპრობირებული ტექნოლოგიების გამოყენება შეწყვიტეს და ხმის მიცემის ტრადიციულ მოდელს დაუბრუნდნენ.

მაგალითისთვის, ნიდერლანდების სამეფოში 1965 წლიდან ელექტრონული (DRE) ხმის მიცემის სისტემას იყენებდნენ. ამომრჩეველი ხმას ქაღალდის ნაცვლად ელექტრონულ ბიულეტენზე აძლევდა, რომელიც შესაბამის ბაზაში იგზავნებოდა, სადაც ხმების დათვლა ხორციელდებოდა. ეს ყველაფერი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, შედეგების სწრაფად, დაახლოებით 2-3 საათში, გაგების საშუალებას იძლეოდა.

თუმცა, როგორც ISFED-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას ეხება, 2006 წელს აპარატში არჩევნების შედეგების გაყალბების, და მანიპულაციების შესაძლებლობა გამოვლინდა. მთავრობამ ხმის მიცემის აპარატების ტესტირება დაიწყო. ტესტირების პროცესში არაერთი პრობლემა გამოვლინდა: „კვლევამ გვაჩვენა, რომ ხმის მიცემის მოწყობილობებში არ არის კონფიდენციალურობის დაცვის გარანტია“. შედეგად, 2007 წლის 27 სექტემბერს, ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ, ხმის მიცემის აპარატების დამტკიცების შესახებ კანონი გაუქმდა და აპარატების გამოყენება შეწყდა.

ამჟამად, ნიდერლანდები ხმის მიცემის პროცესში ქაღალდის ბიულეტენებსა და ფოსტით ხმის მიცემის შესაძლებლობას იყენებს, ამასთან, გადასულია ბიულეტენების ხელით დათვლის მეთოდზე. მიუხედავად ამ გამოცდილებისა პოლიტიკოსთა და ამომრჩეველთა ნაწილი კვლავ უცხადებს ნდობას ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემას და საარჩევნო პროცესში მის დანერგვას ითხოვს გარკვეული სისტემური განახლებების შემდეგ.

ნორვეგიაში კი ინტერნეტით ხმის მიცემის მოდელიდან ტრადიციულზე დაბრუნდნენ. 2011 წლის ადგილობრივ და 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნორვეგიის 250 000 მოქალაქეს 12 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ინტერნეტით ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცა. ამ მეთოდმა ამომრჩევლის მოწონება დაიმსახურა. ISFED-ის თქმით, 2011 წელს ამომრჩეველთა 26,4%-მა ინტერნეტის საშუალებით მისცა ხმა, მონაცემი შესამჩნევად გაიზარდა 2013 წლის არჩევნებში და მან 36,4%-ს მიაღწია.

თუმცა, მაშინ როცა ინტერნეტით ხმის მიცემის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდა იყო, ახალ სისტემას არჩევნებში მოქალაქეთა რაოდენობის მატება არ გამოუწვევია, ამასთან, ISFED აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოიკვეთა.

I-Voting-ის საფრთხეებთან დაკავშირებით, ფრანგი მკვლევარი სტივ კრამერი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჟურნალ „Horizon“-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ძირითადი პრობლემა თავად ამომრჩევლის კომპიუტერებსა და ტელეფონებშია, ვინაიდან მათში შეღწევადობა მარტივია და შესაძლოა, კონკრეტული პროგრამის დაყენებით, ხმების შეცვლა გახდეს შესაძლებელი.

ნორვეგიის მოდერნიზაციის ოფისის განცხადებით, იმან რომ ინტერნეტით ხმის მიცემამ სუსტი შედეგები აჩვენა როგორც 2011, ისე 2013 წელს, დაარწმუნა ნორვეგიის მთავრობა, რომ ამ სისტემაზე ფინანსური რესურსის ხარჯვა არ იქნებოდა რელევანტური:

„ამას გარდა, თანამედროვე მეთოდს არჩევნების პროცესში არც ახალგაზრდა მოქალაქეების მობილიზება მოუხდენია. მეტიც, ნორვეგიის სოციალური კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლის 0.75%-მა 2013 წლის არჩევნებში ორჯერ შეძლო ხმის მიცემა – ერთხელ ინტერნეტის გამოყენებით, მეორედ საარჩევნო უბანზე მისვლის შედეგად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

დამატებით განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტმა ცხადყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს საარჩევნო უბნებზე, სადაც მოქალაქეებს აქვთ რწმენა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპი და მათი ხმის ფარულობა დაცულია. სხვაგვარად, ამომრჩეველთა უნდობლობამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 2014 წელს ნორვეგიაში ხმის მიცემის პროცესში ინტერნეტის გამოყენება შეწყდა.

“მთავარია კონსენსუსი”

„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ გარკვეული ტექნოლოგიების დანერგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ამაზე როგორც საზოგადოებაში ისევე პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსი შედგება.

ამასთან, ISFED-ის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება და რაც მთავარია, ახალი სისტემები ერთბაშად არ უნდა დაინერგოს და მხოლოდ მრავალჯერადი ტესტირების შემდეგ გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე.

ნინო დოლიძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია თავად საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებაც. კერძოდ, დეტალურად უნდა მოხდეს შესწავლა თუ რამდენად მზადაა მოსახლეობა ტექნოლოგიების გამოყენებისთვის. დოლიძე აღნიშნავს, რომ არის ადამიანების ასაკობრივი კატეგორია, რომელსაც შესაძლოა ამგვარ სიახლეზე გადასვლა გაუჭირდეს და მათი ინტერესიც გათვალისწინებული უნდა იყოს.

„სამართლიან არჩევნებში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიები ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, შესაძლოა მანქანამ ხმები ვერ დაითვალოს და ხელით გადამოწმება გახდეს საჭირო, ან ინტერნეტით ხმის მიცემის დროს კიბერუსაფრთხოების კომპონენტი გახდეს პრობლემური, თუმცა საბოლოო ჯამში ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი მაინც საყოველთაო კონსენსუსია:

„ჩვენ ვფიქრობთ რომ შესაძლებელია და საბოლოო ჯამში, მხარს დავუჭერდით ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას არჩევნებში, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც საერთაშორისო სტანდარტები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, ასევე ადგილობრივი კონტექსტი და კონსენსუსი – შემდეგ რომელიმე პარტიამ რომ არ თქვას, რომ არ ენდობოდა ამ პროცესს,“ – აღნიშნავს ნინო დოლიძე.

როგორია „ქართული ოცნების“ პოზიცია

პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა რომ საუბარი ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღებასაც შეეხო. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სურვილი რომ მსგავსი სისტემები ქვეყანაში დაინერგოს და პილოტური რეჟიმიდან სრულად მოხდეს გადასვლა.

მიქანძის თქმით, პარალელურად მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება და აპარატურის შეძენა მოხდეს:

„ჩვენი მხრიდან გაცხადდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე დაფიქსირდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მიუხედავად ამისა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა, თუ რომელი კონკრეტული მოდელის დანერგვაზე შეთანხმდებიან მხარეები და აღნიშნავს, რომ როგორც წესი, მმართველი პარტია მხოლოდ იმ ცვლილებების განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც ტექნიკური და ფორმალური ხასიათისაა, საერთო სურათს კი არ ცვლის:

„ამ თემაზე ცალსახა, „არა“ არ ყოფილა, მაგრამ რეალურად, „ოცნებაში“ ასეა, სამუშაო ჯგუფში ვინცაა ის ადამიანები არაფერს წყვეტენ, ვერ გვეუბნებიან „არას“, თუ არ იციან მათი ხელმძღვანელობისგან პოზიცია“ – ამბობს ბუჩუკური.

ბუჩუკური აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში არც რაიმე სახის ბოლო ვადები არსებობს, რომელიც დაადგენდა ზუსტ დროს, თუ როდის მიიღებს „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას, დათანხმდეს თუ არა მათ შეთავაზებას ინტერნეტით ხმის მიცემის შესაძლებლობაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე საკითხი ღიად რჩება, მომდევნო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი, რომელიც სრულად პროპორციულად უნდა გაიმართოს, სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი